სიახლეები

ადამიანები ოკუპაციის ხაზთან

 

გელა მჭედლიძე ფეხბურთის მწვრთნელია სოფელ აბანოში. ბავშვებს სკოლის ტერიტორიაზე, ახლადგარემონტებულ სტადიონზე ავარჯიშებს. სამსახურში მეზობელი სოფლიდან, კოდადან, დადის. კოდა ოკუპაციის ხაზთანაა და იქ 50 ოჯახი ცხოვრობს. 

„აი, იმ შავ წერტილს ხომ ხედავთ, რუსი ჯარისკაცები არიან. ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე, ხანდახან ბავშვებთან ერთად, მაგრამ არაფერს მეუბნებიან. მართალი გითხრათ, დაჭერილი რომ ვიყავი და გამოცდილება მაქვს, აღარც მეშინია,“- ამბობს გელა.

დაჭერილი 2008 წლის ომამდე იყო. „ტყის საჭრელად ვიყავი, ქვითარიც მქონდა, დამიჭირეს, რამდენიმე დღე გამაჩერეს, მანქანა წაიყვანეს, დალეწეს, გაანადგურეს, 1500 დოლარი მიმატანინეს, სულ გავყიდე ყველაფერი, ვალი რომ გადამეხადა. ერთი ისაა, რომ ხელი არ დაუდიათ, ისე გამომიშვეს,“- იხსენებს გელა.

კოდას გასწვრივ მდებარე სოფელი, წნელისი, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. გოჩა მჭედლიძემ საშუალო სკოლა წნელისში დაამთავრა. ამბობს, რომ ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა. „აღარანაირი კონტაქტი აღარ მაქვს. არ ჩნდებიან. კარგი მეგობრები მყავდა, სულ ახლო ძმაკაცები,“- ამბობს  მჭედლიძე. 

ადამიანის გატაცება ოკუპაციის ხაზთან ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან ყველას აქვს შეხება, პირდაპირ თუ ირიბად. მუდმივი დაძაბულობაა საძოვრებთან დაკავშირებით. ახლა კოდას გასწვრივ შემოუღობავთ და ამ სოფლის საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ გადადის.  

ქარელის მერიის წარმომადგენელი, მარიამ გულისაშვილი იხსენებს, რომ ერთხელ ოკუპაციის ხაზს იქით პირუტყვი გადავიდა, იქვე ახლოს ხბო გააჩინა, პატრონი დასახმარებლად და ხბოს წამოსაყვანად რომ გადავიდა, დაიჭირეს და განყოფილებაში წაიყვანეს. „არაფერი დაუშავებიათ, იმ კაცს თავის ურთიერთობები ჰქონდა და მალევე დააბრუნეს, მაგრამ რა გითხრათ,“ - ამბობს გულისაშვილი.

მიქელაძეების ოჯახი აბანოში ცხოვრობს. 4 შვილის პატრონი ცოლ-ქმრისთვის მთავარი საფიქრალი მშიდობაა. გია მიქელაძე შემდუღებელია, პროექტებზე მუშაობს, სახლს ხანდახან კვირაობით ტოვებს. ოჯახში ქალები და ბავშვები რჩებიან. „1 კილომეტრს იქითაა ჩემი სოფელი. ვინ მოთვლის იმ ამბებს, რაც ჩვენ გამოვიარეთ, მშვიდობაა ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი,“ - ამბობს გიას დედა, ლეილა მიქელაძე.

ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში ასეა. ქალები - ზოგი იქითაა გათხოვილი, ზოგი აქეთ. ოჯახებია ისეთი, შვილს დედა რომ 30 წელიწადია, არ უნახავს. ჭვრინისში მაგალითად სულ 65 კომლია. აქედან 27 ოჯახი გაყოფილია, ნაწილი იქით მოხვდა, ნაწილი აქეთ.

„დღეს არც ოსების ყოფაა სახარბიელო. გამოიხედავენ ჩვენსკენ, ხედავენ, ყველაფერი განათებულია, აგერ სკოლა გავარემონტეთ, ბავშვები სპორტზე დადიან, ხალხს ვეხმარებით, რაც შეგვიძლია, ფულადი დახმარებებიც გვაქვს. იქით მძიმე მდგომარეობაა, 8 საათის შემდეგ გარეთ ვერ გამოდიან, ჩაბნელებულია სოფლები, საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვის საშუალებაც არა აქვთ. ერთი ქართული ოჯახის ამბავს გეტყვით. ალბათ, ტელეფონით ჰქონდათ კონტაქტი მეზობელთან, ოკუპაციის ხაზს იქით. ოსებს უთხოვიათ, ხელსაწმენდები და ყველის ამოსაყვანი კვეთილი იქნებ გვიყიდოთო. მეზობელს უყიდია და ხელით რომ არ გადაეცა, ეზოში, ხეზე დაუკიდა პროდუქტი და წამოსულა. საშინელ დღეში ჰყავთ ოსები რუსებს, გამოკეტილები, დატვევებულები არიან, “- ამბობს გულისაშვილი.   

ოკუპაციაზე, ომსა და მშვიდობაზე საუბარი აბანოში ყოველდღიურია. 6 თებერვალს ეს საუბარი დათო ტურაშვილთან ერთად შედგა.

აბანოს საჯარო სკოლა ხალხით გაივსო. ბავშვები მარტო არ იყვნენ. უფროსები არანაკლები ენთუზიაზმით საუბრობდნენ საქართველოზე, საქართველოს ევროპულ ღირებულებებზე, ისტორიასა და წარსულზე, თანამედროვეობაზე. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს და დაიწყეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა ეს ექსპერიმენტი. ძლიერი იყო ჩვენი მეზობელი და დაგვიპყრო, მაგრამ ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ გადავრჩით. ჩვენზე ძლიერი, ჩვენზე აქტიური, ჩვენზე ძლევამოსილი ერები განადგურდნენ და ჩვენ მოვაღწიეთ დღემდე. ეს არის ჩვენი საიდუმლო, ევროპულ ღირებულებებზე დგომის და განვითარების წყურვილი,“- უთხრა ტურაშვილმა თავის მსმენელს სოფელ აბანოში.

საუბრები ევროპაზე ევროპის ფონდის პროექტის „მწერლები ევროპული ღირებულებები“ ფარგლებში მთელ საქართველოში ეწყობა. პროექტში დათო ტურაშვილის გარდა, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი მონაწილეობენ. ეს შეხვედრები მთელი საქართველოს ახალგაზრდებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ევროპულ და ქართულ ღირებულებებს შორის კავშირი დაინახონ და შეძლონ, ევროპული ღირებულებების დანახვა საქართველოს ისტორიის, კულტურის და ლიტერატურის  პერსპექტივიდან. მწერლებმა უკვე  41 ქალაქი და სოფელი მოიარეს და საერთო ევროპულ-ქართულ ღირებულებებზე საუბარში  4000-ზე მეტი მოსწავლე ჩართეს.

 

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში