სიახლეები

არაბული ART HOUSE – კორშას სავიზიტო ბარათი

 

ნინო არაბული 12 წელია ტურიზმის სფეროში მუშაობს. ხევსურული წარმომავლობის  მიუხედავად, მშობლიურ მხარეში პირველად სტუდენტობის დროს ჩამოვიდა. დღეს უკვე ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებაზე მუშაობს. ამ საქმიანობას თან სოციალური მისიაც აქვს - ადგილობრივი ქალების დასაქმება, ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული ხელსაქმით და ადგილობრივი კულტურის კომერციალიზაცია.

საკუთარი გამოცდილების გარდა, ნინო არაბულს ამაში შოთა არაბულთან შეხვედრა დაეხმარა. შოთა არაბული სოფელ კორშაში განთქმული კაცია. იმის გარდა, რომ სოფლის კოლორიტი და საუკეთესო მასპინძელია, არაჩვეულებრივი მხატვარია, ოსტატურად მუშაობს ხეზე, საკუთარი ხელით ქმნის უნიკალურ ნაკეთობებს, ნაქარგობებს, ორიგინალურ მხატვრობას და შვილებთან ერთად ადგილობრივ ხევსურულ კულტურას აცოცხლებს.

„ბაბუაჩემი ხევსურეთიდან 60-იან წლებში გადაასახლეს. მას შემდეგ აქ სახლ-კარი აღარ შემოგვრჩა. სტუდენტობის დროს რომ ჩამოვედი, გამაოცა ხევსურეთის სილამაზემ,“- ყვება ნინო არაბული.

იხსენებს, რომ ბატონ შოთასთან შეხვედრამ ენთუზიაზმი გაუჩინა, ხევსურეთისთვის მეტი გაეკეთებინა. „პირველი, რაც გავაკეთეთ ფესტივალი „ჩირდილი“ იყო - ჩამოგვყავდა მწერლები, პოეტები, მხატვრები და ერთი კვირის განმავლობაში ვმასპინძლობდით, იქვე იქმნებოდა პოეზია, ლიტერატურა, მხატვრობა... ამას კიდევ მეტი პროექტი და იდეა მოჰყვა, დაფინანსების მოსაპოვებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ხევსურეთი და თემი“ დავაარსეთ, დღეს უკვე სოციალური საწარმო „არაბული Art house” გვაქვს და ამით გარკვეულ სოციალურ სარგებელსაც ვქმნით,“- ამბობს ნინო.

 

შოთა არაბულის კარმიდამო კორშაში მოზრდილ ეზოს და ორ ხის სახლს აერთიანებს. ერთ სახლში საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს, მეორეში კი სახელოსნო “Art House”.

„ჩვენი სახლში სტუმარი მუდამ იყო. ისეთი ადგილია, რომ გამვლელი და გამომვლელი ყველა ჩვენთან შემოდიოდა. ნელ-ნელა ტურიზმი განვითარდა. მეტი სტუმარი რომ მიგვეღო, გავფართოვდით, მეურნეობაც გავაფართოვეთ, იქვე სახელოსნოც ავაშენეთ,“- იხსენებს შოთა არაბული.

ორსართულიან სასტუმროში წელიწადში დაახლოებით 300-400 სტუმარს იღებენ. ყველას ადგილობრივი ნაწარმით უმასპინძლდებიან და ნამდვილ ხევსურულ თავგადასავალს სთავაზობენ. არაბული Arthouse-ში კი იქმნება ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც კორშაში ჩამოსულ ტურისტებზე იყიდება. იქვე ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის უფასოდ ტარდება მასტერკლასები. ახალ თაობას ტრადიციულ ხელსაქმეს და მინანქარზე მუშაობას ასწავლიან.

„ერთი მხრივ, ჩვენი საქმიანობით ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს ვზრდით, ტურისტებისთვის მიმზიდველ და განსხვავებულ გარემოს ვქმნით და მეორე მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას ვასაქმებთ, ვუჩენთ მათ შემოსავლის წყაროს, ახალგაზრდებს ვაყვარებთ და ვასწავლით ტრადიციულ ხესაქმეს, რათა მომავალში მათი ერთადერთი არჩევანი არ იყოს მშობლიური მხარის დატოვება,“- ამბობს ნინო არაბული.

მიუხედავად იმისა, რომ არაბულების საოჯახო სასტუმრო ტურისტების ნაკლეობას არ უჩივის, მთელი წლის განმავლობაში ფინანსური მომგებიანობის შენარჩუნება საწარმოსთვის მაინც რთულია. ევროპის ფონდმა არაბულებს გრანტი სწორედ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისა და საწარმოს გაფართოებისათვის მისცა. ამ თანხით ისინი შეძლებენ საკმარისი მასალა შეიძინონ, რომ ტურისტულ სეზონს მომზადებულები შეხვდნენ.

ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერი, ნანა გამყრელიძე ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა არაბულების სოციალურ საწარმოს რამდენიმე მიმართულებით დაეხმარება - პარტნიორების მოზიდვა, სარეკლამო აქტივობები, სამიზნე ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოება, საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნესგამოფენებში მონაწილეობა - „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროექტის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში არაბულების სოციალური საწარმო შეძლებს, მიაღწიოს ნულოვანი მოგების წერტილს, გახდეს რენტაბელური, დაასაქმოს სულ მცირე 8 ახალი ოსტატი, უზრუნველყოს კორპორატიული კლიენტებისა და საცალო მოვაჭერეებისთვის პროდუქციის უწყვეტად მიწოდება და მიღებული შემოსავალი კი სოციალურ მისიას მოახმაროს,“- ამბობს ნანა.  

გარდა იმისა, სოციალურ საწარმოს დიდი გეგმები აქვს, ორგანიზაციამ „ხევსურეთი და თემი“ წელს ახალი პროექტიც დაიწყო. ნინო არაბულს კორშაში საზაფხულო ბანაკის მოწყობა დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. წელს ამ იდეის განხორციელება შეძლო  და აგვისტოდან უკვე სტუმრების მიღებაც დაიწყო.

4600 კვ. მ ფართობზე, მთებს შორის მოწყობილი ბანაკი, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზეც, სტუმრებს სრულ ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს - კარვები თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით, სველი წერტილები, საშხაპეები, დილის საუზმე, ლანჩბოქსები მოგზაურებისათვის და სპეციალური ტურები ხევსურეთში.

„სტრატეგიული ადგილი ავარჩიეთ ბანაკისთვის. ის, რომ დღეს ეს ტერიტორია ასე გამოიყურება დიდი ხნის შრომის ნაყოფია.  ეს ადგილი მძიმე მდგომარეობაში იყო, ადრე აქ ჩეჩნეთისკენ გვირაბი გაჰყავდათ, აქვე იყო მუშების საცხოვრებელი სახლიც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა. მოვასუფთავეთ, უსწორმასწორო ადგილები შევავსეთ და გავიყვანეთ კომუნიკაციები. დღეს უკვე მზად ვართ, რომ ტურისტებს სრული კომფორტი შევუქმნათ ხევსურეთში მოგზაურობისთვის. ვგეგმავთ, ჩვენს სტუმრებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში ტურები შევთავაზოთ. მოგზაურებს ჩვენთან დასვენებას, ლანჩბოქსებს, გემრიელ ყავას შევთავაზებთ, ასე რომ ეს ადგილი მოსასვენებელ ფუნქციასაც შეასრულებს ტურისტებისათვის,“- ამბობს ნინო არაბული.

მისი თქმით, ბანაკიდან შემოსული თანხა ისევ სოციალურ მისიას მოხმარდება, ფესტივალი „ჩირდილი“დაფინანსდება. „უკვე დავასაქმეთ 6 ადამიანი და გაფართოებასთან ერთად დასაქმების პოტენციალიც გაიზრდება,“- ამბობს ნინო.

ხევსურეთში ყოველწლიურად მოგზაურთა რაოდენობა უცნობია, თუმცა ნინო ამბობს, რომ გარკვეული ციფრები პოზიტიურ ტენდენციას აჩვენებს. მაგალითად თუ 6 წლის წინ რაიონში 400 მოსახლე იყო, დღეს 1000-ზე მეტია. ბარისახოს სკოლაში 2013 წლს 38 ბავშვი იყო, დღეს 80 ბავშვამდეა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიზნესისთვის გარკვეული შეღავათებიც არსებობს. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს მოტივაციას, დარჩნენ მშობლიურ მხარეში და ადგილობრივი წარმოება განავითარონ. ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება ხევსურეთში და მეტი შესაძლებლობები ჩნდება. მეშინია მხოლოდ იმის, რომ ტურიზმის სწრაფმა განვითარებამ ხევსურეთს თავისი ორიგინალურობა და უნიკალურობა არ დააკარგვინოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა და სტრატეგიულად უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენივე სასიკეთოდ“- ამბობს ნინო არაბული

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში