სიახლეები

არჩილ ელბაქიძის რვათვიანი მარწყვი

 

არჩილ ელბაქიძე პროფესიით ქიმიკოსია. წლებია, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს. მისი ორგანიზაცია, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ უკვე ოცი წლისაა. ამ წლების განმავლობაში არჩილმა იმდენი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, რომ დღეს თავს კენკროვანი კულტურების ექსპერტად თვლის. ამ მიმართულებით საქართველოს არაერთ რეგიონში კონსულტანტის სამუშაოსაც ასრულებს, მაგრამ ეს არჩილ ელბაქიძის საქმიანობის მეათედიც არ არის.  

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ფერმერული მეურნეობის  ხელშეწყობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ფერმერთა გადამზადებასა და სწავლებაზე, ასევე მათ  ეფექტურ მომსახურებაზე მუშაობს.

ამ საქმიანობის მიზანი კი დევნილი და შეჭირვებული მოსახლეობის მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ასეთ ადამიანებს არჩილ ელბაქიძის ორგანიზაცია, ერთი მხრივ, ასაქმებს და შემოსავლის წყაროს აძლევს და, მეორე მხრივ, ამზადებს, ასწავლის, ფინანსურ რესურსს აძლევს და ყველანაირად ეხმარება, რომ მათ შეძლონ მდგრადი მეურნეობების განვითარება სოფლად.

ევროპის ფონდისგან „აფხაზინტერკონტმა“ წელს პირველად მიიღო ფინანსური მხარდაჭერა ორი მიზნისთვის:  (1) ფონდის კუთვნილი სოციალური საწარმოს, მარწყვის სათბურების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და (2)ორგანიზაციული განვითრებისათვის.

„მარწყვის სათბურები 4-5 წლის წინ ქუთაისთან ახლოს, ცარიელ მინდორზე დავიწყეთ. დღეს უკვე ისეთი მიკროინდუსტრია გვაქვს შექმნილი, რომ ჩვენი საწარმო, როგორც სადემონსტრაციო მოდელი, ისე ფუნქციონირებს. ვცდილობთ, მაგალითი მივცეთ ფერმერებს, რომ მათაც წარმატებულად შეძლონ მარწყვისა და კენკროვანი კულტურების მოყვანა და რეალიზაცია,“- ყვება არჩილ ელბაქიძე.

არჩილ ელბაქიძის მოყვანილი მარწყვი მართლაც განსაკუთრებულად გამოიყურება - მოზრდილი ნაყოფი აქვს, ხასხასა წითელია და რაც მთავარია, განსაკუთრებულად ტკბილი და არომატულია. ის, რომ არჩილს ასეთი მარწყვი აქვს, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის განპირობებული. როგორც თავად გვიხსნის, ეს დამოკიდებულია ნერგზე, ტექნოლოგიაზე, რომლითაც მოჰყავთ, მოვლის ხარისხზე და ა.შ.

„საქართველოს  ბაზარზე არსებული მარწყვის 55% თურქეთიდან შემოდის იმიტომ, რომ ამ კულტურის მოყვანას და მომხმარებლამდე მიტანას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ჩვენ უკვე მეოთხე წელია ვსწავლობთ მარწყვის ტექნოლოგიას და ამ სფეროში ექსპერტიზაც მოვიპოვეთ. ჯიშები, რომლებიც ჩვენ მოგვყავს, ჰოლანდიურია. ქართული ჯიში, მაგალითად, ერთთვიან მოსავალს იძლევა, ჰოლანდიური კი 7-8 თვიან მოსავალს. რთული მოსაყვანი და მოსავლელია, მაგრამ გვაძლევს საშუალებას, მცირე მიწაზე მაქსიმალურად ბევრი მოსავალი მოვიყვანოთ,“ - ამბობს არჩილ ელბაქიძე.

ნანა ხარაბაძე აფხაზეთიდან დევნილია. არჩილ ელბაქიძის მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმოში 2010 წლიდან მუშაობს. პროფესიით ბიოლაბორანტია, მაგრამ სოხუმის დატოვების შემდეგ პროფესიით დასაქმება ვეღარ შეძლო. „აფხაზინტერკონტში“ ახალ პროფესიას დაეუფლა, მარწყვისა და უეკლო მაყვლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია შეისწავლა, კვების ტექნოლოგიის კურსებიც გაიარა და დღეს, მარწყვის მოყვანა-მოვლის გარდა, საწარმოსთვის მურაბებსა და კომპოტებს ამზადებს.

„ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. იმედი გამიჩნდა, რომ ყოველთვის შევძლებ, დავეხმარო ოჯახს,“- ამბობს ნანა ხარაბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს გამოკვეთილი სოციალური მისია აქვს და მიღებულ მოგებას შეჭირვებული მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას ახმარს, არჩილი ამ საქმეს მაინც როგორც ბიზნესს, ისე უყურებს.

„მომხმარებელს არ აინტერესებს ბაზარზე არსებული მარწყვი კარგი ადამიანების მოყვანილია, თუ ცუდის. ადამიანმა მარწყვი რომ იყიდოს, ის უნდა იყოს ლამაზი და  გემრიელი. ასე მუშაობს ბიზნესი და ასე ვფიქრობთ ჩვენც, ამიტომ სოციალური მისია, რომელიც ამ საქმეშია ჩადებული, ჩვენი ხედვისა და დამოკიდებულების შედეგია და არა სტრატეგიული უპირატესობა ბაზარზე,“- ამბობს არჩილი.

მისი თქმით, სწორედ ბიზნესის ამოცანებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ორგანიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი სტრატეგიის შექმნა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტექნოლოგიური განვითარება.  

„ევროპის ფონდმა სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში დაგვიჭირა მხარი და მართალი გითხრათ, ძალიან ეფექტურად მოახერხა ეს, როგორც ცოდნის გაზიარების, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. ევროპის ფონდმა წვდომა მოგვცა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსზე, არამედ არამატერიალურ რესურსებზეც.  ფონდმა მოგვამზადა, რომ გავზრდილიყავით, როგორც ორგანიზაცია. შეისწავლა ჩვენი რესურსები, პოტენციალი და მოტივაცია, რამაც ჩვენი წარმატება განაპირობა,“- ამბობს არჩილ ელბაქიძე.

ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა ძველი ხის სათბურის რეკონსტრუქცია და აშენდა თანამედროვე ტიპის, რკინის კონსტრუქციის სათბური. მოეწყო მარწყვის სანერგეები თაროებზე - დაირგო 1400 ნერგი მარწყვი; დამონტაჟდა წვეთოვანი მორწყვის სისტემა; ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები და მოეწყო საინჟინრო კომუნიკაციები - წყალი, გაზი, ელექტროენერგია, სველი წერტილები, სეპტიკური ორმო, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ათვისებული იქნა მარწყვის მურაბის და კომპოტის წარმოების ტექნოლოგია.

„ჩვენ გვჭირდება მეტი პროდუქცია, მეტი ბრუნვის საშუალება, რომ გავფართოვდეთ და მივიღოთ უფრო მეტი მოგება. იმის გამო რომ წლიდან წლამდე მდგრადობა შევინარჩუნოთ დავიწყეთ კომპოტისა და მურაბის წარმოება,“- ამბობს არჩილი.

ნანა ციყვაშვილი მოწვეული სპეციალისტია მარწყვის საწარმოში. კვების ტექნოლოგიაში 40 წლის გამოცდილება აქვს. „არავითარი აზოტი და პესტიციდები, კონსერვანტები და საღებავები. ჩვენი კომპოტები და მურაბები ნატურალურია, ნაყოფი ნატურალური სახითაა მოთავსებული საჭირო რაოდენობის შაქრის სიროფში. ნაყოფის გარდა ყურადღებას ვაქცევთ წყალსაც, რომელიც გაფილტრული და საკომპოტედ მომზადებული უნდა იყოს,“- ამბობს ნანა.

 

რადგან ეს მეურნეობა სადემონსტრაციოა და ადგილობრივი ფერმერებისათვის სასწავლებელ მოდელს წარმოადგენს, „აფხაზინტერკონტის“ საწარმოში ცდილობენ, შეისწავლონ და აწარმოონ ბაზარზე მოთხოვნადი სხვა პროდუქციაც, მაგალითად სუფრის ყურძენი, რომელიც ფაქტიურად არ იწარმოება საქართველოში, უეკლო მაყვალი, სალათის ფურცლები.

ამ ყველაფერს არჩილ ელბაქიძე ყველა სხვა საქმესთან ერთად ენთუზიაზმით აკეთებს - ორგანიზაციის მოდერნიზაცია კი ახლახან დაასრულა - აფხაზინტერკონტის მმართველობითი ფუნქცია უფრო გაიმართა, ფინანსური რესურსების მოზიდვის სისტემა დაიხვეწა, გაუმჯობესდა პროგრამული მართვა და ა.შ.

„ასე უფრო მომზადებულები ვხვდებით როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებს. პროდუქციის წარმოება და გამოშვება ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა ეს პარალელური საქმიანობაა, მაგრამ წარმოება გვიყვარს, გამოგვდის და ვფიქრობთ, რომ მოგების გაზრდას და შემდეგ მის კეთილ საქმეში რეინვესტირებას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოვაყოლებთ,“- ამბობს არჩილ ელბაქიძე.

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში