სიახლეები

„ახალგაზრდული იდეა“ – გზა ცვლილებებისა და განვითარებისაკენ

ერთმანეთისგან დაშორებულ ორ რეგიონში მცხოვრებ ორ ახალგაზრდას – მესტიის მკვიდრ ვიკა ფილფანს და ლანჩხუთელ ნინო ცეცხლაძეს ერთი რამ აერთიანებთ: ორივენი ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამის აღზრდილები არიან და ამჟამად, უკვე როგორც პროგრამის ტრენერები,ახალგაზრდული იდეის“ სხვა მონაწილეებს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

„ახალგაზრდული იდეის“ უნიკალურობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად დამოუკიდებლად, უფროსთა ზედამხედველობის გარეშე, განახორციელონ პროგრამის ყველა აქტივობა.

ნინო ცეცხლაძე ლანჩხუთის „ახალგაზრდულ იდეას“ 2011 წელს შეუერთდა. ის baner_main_hd_2ამბობს, რომ „ახალგაზრდულ იდეაში“ მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ცვლილებების მოხდენის სურვილი იყო. „ახალ გამოწვევებს ვეძებდი და როდესაც პროექტი წარმოგვიდგინეს, გამიჩნდა სურვილი და მოტივაცია, ცოტა შემეცვალა ადგილობრივი ახალგაზრდობის შეხედულებები და აღმომეფხვრა ჩემს თემში არსებული კონკრეტული პრობლემები“.

დასაწყისი იოლი არ აღმოჩნდა. „როდესაც პროგრამაში მიმიღეს, საკმაოდ პატარა ვიყავი. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობა მექნებოდა, მაგრამ ტრენინგების გავლის შემდეგ მივხვდი, რომ არა მარტო ჩემი ცხოვრების, არამედ ჩემს რაიონის ახალგაზრდების ცხოვრების შეცვლაც შემეძლო“. ნინომ და მისმა კოლეგებმა ახალგაზრდული პროგრამიდან მიაღწიეს უმოქმედო ადგილობრივი სპორტდარბაზის ამოქმედებას. ერთ-ერთი პროექტით სპორტდარბაზისთვის შეიძინეს ბურთები და მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები. ახალგაზრდების პროექტების წყალობით მოგვარდა რამდენიმე სკოლაში ბიბლიოთეკის არარსებობის პრობლემა. ასევე ჩატარდა გარემოსდაცვითი აქციები.

 „ვთვლი, რომ რაღაც კუთხით ჩემს თემში მივაღწიე ახალგაზრდების ხედვის ცვლილებას. მათ უფრო მეტად დაიწყეს ბუნებაზე ზრუნვა, რადგანაც ხვდებიან, რომ გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ, ჯანსაღი უნდა იყოს“, ამბობს ნინო, რომელიც იმასაც აღნიშნავს, როგორ ეხმარებოდა „ახალგაზრდულ იდეაში“ ყოფნა მის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. „დროთა განმავლობაში სხვადასხვა ახალ ტრენინგებში მიწევდა მონაწილეობა, მაგალითად, ტრენინგში სურსათის უვნებლობაზე. უკან დაბრუნებულს მომიწია ჩემს თემში იმავე ტრენინგის ჩატარება და ვთვლი, რომ ნაწილობრივ მაინც მოვახერხე მონაწილეთა დამოკიდებულებების შეცვლა, თუნდაც იმით, რომ ადგილობრივი მომხმარებლები ეტიკეტს მაინც აკვირდებიან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის დასადგენად“. ნინო ამბობს, რომ სწორედ წარმატებულმა პროექტებმა შეუწყო ხელი მნიშვნელოვნად თემში მათ მიმართ არსებული თავდაპირველი უნდობლობის გადალახვას. „ჩვენს გაკეთებულ საქმეებს რომ ხედავდნენ, უფრო მეტად გვენდობოდნენ. ვთვლი, რომ „ახალგაზრდული იდეის“ შემდგომ თაობებს ეს ნდობა დავუტოვეთ“.

ნინო, რომელიც დღეს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია, სიამაყით ლაპარაკობს, რა პოზიტიური ცვლილებები მოახდინა მის ცხოვრებაში „ახალგაზრდულ იდეაში“ მონაწილეობამ.

უფრო მეტად დარწმუნებული გავხდი საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, ხალხთან ურთიერთობის, პრეზენტაციის, საქმის წარმოების, საბუთებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მივიღე. თავიდან ფინანსური ანგარიშის წერა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. „ახალგაზრდულ იდეაში“ ფინანსური მენეჯერობით დავიწყე და ამან დიდი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ არჩევანში“.

ნინოსთვის, როგორც „ახალგაზრდული იდეის“ კურსდამთავრებულისთვის, კიდევ ერთი პოზიტიური ცვლილება იყო პროგრამის ტრენერთა კონკურსში გამარჯვება. „ვთვლი, რომ ამით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გაჩნდა ახალი გამოწვევები, ახალი გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები, რომ სხვებისათვის მესწავლებინა და შემეყვარებინა „ახალგაზრდული იდეა“, ისე, როგორც ჩემმა ტრენერებმა მოახერხეს ეს თავის დროზე. მიმაჩნია, რომ ერთ დიდ ოჯახში ვარ და ეს ძალიან მახარებს“.

სვანეთის „ახალგაზრდული იდეის“ კურსდამთავრებული ვიკა ფილფანიც ტრენერია და პარალელურად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ის „ახალგაზრდულ იდეას“ 2009 წლიდან შეუერთდა და ამბობს, რომ მიუხედავად მცირე ასაკისა, ყოველთვის ჰქონდა მოთხოვნილება, აეღო პასუხისმგებლობა გარემოს წინაშე. სვანეთში „ახალგაზრდულმა იდეამ“ თავის პროექტებით 15-მდე სოფელი მოიცვა.

ისევე, როგორც ლანჩხუთში, დასაწყისიbaner_main_hd_3 აქაც რთული აღმოჩნდა. „თავიდან ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, არ სჯეროდათ, რომ ასეთი მცირე ასაკის ბავშვებმა შეიძლება რაღაც ღირებული გააკეთონ. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო სოფელ ლატალის ბიბლიოთეკა, რომელიც მანამდე თემს არ ჰქონდა. ამ ბიბლიოთეკით დღემდე სარგებლობენ ა
ხალგა
ზრდები, წიგნები გამრავალფეროვნდა და ყოველთვის ვიამაყებ ამ ჩვენი პირველი ნაბიჯით. შემდეგ უკვე იყო სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ერთგვარად ავსებდა ერთმანეთს. პირველ რიგში, რაც მათ შეცვალეს, იყო ადგილობრივი საზოგადოების თავდაპირველი სკეპტიკური მიდგომა. მათ რეალურად დაინახეს, რომ ის, რასაც ახალგაზრდები ამ პროგრამით აკეთებენ, თემს სჭირდება. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაუადვილა მუშაობა ახალგაზრდული პროგრამის შემდგომ თაობებს, რადგან ადგილობრივი სტრუქტურები და თემის წევრები მათ უკვე თანადგომას უცხადებდნენ“.

ვიკა ამბობს, რომ „ახალგაზრდულ იდეაში“ მონაწილეობამ მის ცხოვრებასა და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ეს იყო უფრო მეტი პასუხისმგებლობის გაჩენა გარემოსა და გარშემომყოფთა წინაშე, უფრო მეტად ვიგრძენი თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობაში, და ეს გამოცდილება დღემდე მომყვება, როგორც უნივერსიტეტში, ისე სხვადასხვა საქმიანობაში“. ვიკა მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა, ის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო და აწყობდა კულტურულ-შემეცნებით ექსპედიციებს, იყო მოხალისე ბაქოს ახალგაზრდულ თამაშებსა და თბილისში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე. ვიკა დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა სიმულაციური მოდელირებების პროგრამებს, მაგ. ნატოს, გაეროს მოდელირება, რაშიც ტრენერის გამოცდილება ძალიან ეხმარება.

„ახალგაზრდული იდეის“ ტრენერობა, რომელმაც კიდევ უფრო გამზარდა ცხოვრებისეულად, ყველაზე მთავარი შენაძენია, რომლითაც ყოველთვის ვამაყობ და ხმამაღლა ვამბობ, რომ  „ახალგაზრდული იდეის“ კურსდამთავრებული და აწ უკვე ტრენერი ვარ“.

ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამა მიზნად ისახავს 16-იდან 21 წლამდე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, მათში ლიდერობისა და თანამედროვე ცხოვრებისათვის სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. 2008-2015 წლებში „ახალგაზრდული იდეის“ პროგრამით 700-მდე ახალგაზრდა მომზადდა, რომლებმაც მოახერხეს 5000-ზე მეტი თანატოლის ჩართვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში. ამჟამად საქართველოში „ახალგაზრდული იდეის“ 25 კომიტეტი ფუნქციონირებს. 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში