სიახლეები

ახალგაზრდული იდეა სვანეთში

 

დარიკო კვანჭიანი 15 წლისაა. მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში ცხოვრობს. ახლახან ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის, სვანეთის ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრი გახდა.

მესტიის #1 საჯარო სკოლაში, ახალგაზრდული იდეის პრეზენტაციაზე, დარიკო ჩუმად იყო. ინტერაქციაში მონაწილეობა არ მიუღია.  კომიტეტისთვის შესაფერისი კანდიდატურა რომ იყო, გასაუბრებამ გამოავლინა.

„ყველაფრის მოსინჯვა მიყვარს. სკოლაში მუსიკის და სვანური ცეკვების წრეზე დავდივარ. გასართობად ბევრი დრო არ მრჩება. თან სახლში დედას და მამიდას ვეხმარები. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ შემარჩევდნენ და ძალიან მიხარია,“ -ამბობს დარიკო.

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, მარიამ ქობალია, კოლეგებთან ერთად, კომიტეტის წევრებს სხვადასხვა ნიშნით არჩევს. კომიტეტში ყველას თავისი როლი აქვს, ყველა კანდიდატს რაღაც ფუნქცია აკისრია და სწორედ ეს ქმნის უნიკალურ ერთობას.

„დარიკოს, მაგალითად, სიდინჯე, არგუმენტაციის უნარი და მოტივაცია ეხმარება, რომ კომიტეტისათვის შეუცვლელი წევრი გახდეს,“- ამბობს მარიამი.

ახალგაზრდული იდეის კომიტეტი, თავისი არსით, ის წარმონაქმნია, რომლის წევრებიც, თანატოლების პროექტებსა და ინიციატივებს აფინანსებენ იმისათვის, რომ მათ თვითონვე შეძლონ მათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა.

„ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, ახალგაზრდებს, რომ აქტიურები გახდნენ, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები და მცირე გრანტების გაცემით ადგილობრივ თემში თანატოლების სამოქალაქო აქტიურობას და მოხალისეობას შეუწყონ ხელი,“ – ამბობს მარიამ ქობალია.

ევროპის ფონდის ახალგაზრდული იდეა საერთაშორისო ახალგაზრდული იდეის ქსელის წევრია და იზიარებს მის წესებსა და პრინციპებს.შესაბამისად, სვანეთის ახალგაზრდული იდეის  კომიტეტმაც ამ პრინციპით უნდა დაიწყოს მუშაობა. ევროპის ფონდი თავდაპირველად კომიტეტის წევრებს საგრანტო პროექტების მართვის მენეჯმენტს ასწავლის. პარალელურად ბევრ სხვა საჭირო უნარ-ჩვევას გამოუმუშავებს  -   გუნდურ მუშაობას, განსხვავებულის პატივისცემას, უფროსებისგან მხარდაჭერის მოპოვებას და ა.შ.

„ტრენინგები, რომლებიც მათ უტარდებათ მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა, ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, ობიექტურად და გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, კომუნიკაცია, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგების მომზადება, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ. ეს ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ მუშაობა, თანატოლების ინიციატივების მხარდაჭერად ‘“-  ამბობს მარიამი.

ახალგაზრდული იდეა ახალგაზრდებს სამოქალაქო თვითშეგნების გამომუშავებაში ეხმარება და ისეთ უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც მათთვის კონკურენტული უპირატესობა ხდება შრომით ბაზარზე. უკეთ რომ ავხსნათ, ეს არის სკოლის წლებში მიღებული უნიკალური გამოცდილება, რომელიც აყალიბებს მათ პიროვნებას და განსაზღვრავს მათ მომავალ ცხოვრებას, ამასთან ასეთი აქტიური ახალგაზრდები თავისთავად ადგებიან თემსაც, რომელსაც მეტი ინიცატივა და აქტიურობა სჭირდება.

„იქ, სადაც ახალგაზრდული იდეა წლებია არსებობს, მეტ სამოქალაქო აქტიურობას ვხედავთ, თემშიც უფრო მეტი რამ კეთდება. ახალ წევრებს რომ ესაუბრები, ხვდები, რომ მომზადება აკლიათ, იდეებიც შეზღუდული აქვთ. პროცესში კი ეს ახალგაზრდები თვითონ სწავლობენ, საით წავიდნენ და როგორ გააუმჯობესონ საკუთრი და გარშემომყოფთა ცხოვრება,“- ამბობს ქეთევან ვაშაკიძე.

ახალგაზრდული იდეა მესტიის რაიონში წლების წინ ისევე ფუნქციონირებდა, როგორც დღეს სხვა 24 მუნიციპალიტეტში. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ფონდმა ისევ ჩათვალა, ახალგაზრდების მხარდასაჭერი პროგრამა სვანეთში უნდა განეახლებინა.

„აქტიურობა არ იგრძნობა დღეს სვანეთში, განსაკუთრებით სოფლებში. მით უფრო არ აქვთ აქტიურობის გამოცდილება ახალგაზრდებს. მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩაეთვებიან და თვითონვე დაიწყებენ საკუთარი ინტერესების ადვოკატირებას, დაინახავენ, რომ შეუძლიათ თანასწორად საუბარი უფროსებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეს საბოლოო ჯამში, ყველასთვის სიკეთის მომტანია,“- ამბობს ქეთევანი.

ახალგაზრდული იდეა საკუთარ წარმატებას იმით ზომავს, თუ რამდენად გადამდები ხდება სამოქალაქო აქტიურობა და რამდენად შეძლებს ესა თუ ის სამოქალაქო ინიციატივა განვითარებას. ევროპის ფონდის დიდი ხნის პარტნიორი, ზვიად ჩართოლანი, რომელიც დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ფონდის მიერ წლების წინ დაფინანსებული პროექტების შედეგებზე საუბრობს. ზვიად ჩართოლანის არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი იყო სვანეთში, რომელმაც ფონდის დაფინანსება ტურიზმის განვითრებისათვის მიიღო. ზვიადმა წლების განმავლობაში, თავის კოლეგებთან ერთად, შეძლო ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის აუცილებელი პროდუქტების შექმნა - გიდების მომზადება, რუკების მოწესრიგება, ტურისტული მარშრუტების შედგენა, საინფორმაციო მანიშნებლების მონტაჟი და ა.შ. წლების განმავლობაში ზვიადი პროდუქტების შექმნაზე, როგორც არასამთვრობო ორგანიზაცია, ისე მუშაობდა და დღევანდელი შედეგი უკვე თვალსაჩინოა.

„უკვე გვყავს უნივერსალური გიდები, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. ნაწილი პროფესიონალი გიდის ეტაპზე გადავიდა და მათ გიდების ასოციაცია ამზადებს. სათხილამურო ტურები, ზაფხულის მარშრუტები, მწვერვალებზე აყვანა, ცხენით მომსახურება და ა.შ. სვანეთში უკვე საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება“- ამბობს ზაურ ჩართოლანი.

მისი თქმით, დღეს სვანეთში ახალგაზრდებს არ სურთ არასამთავრობო სექტორში მუშაობა და ტურიზმის განვითარებასთან ერთად ახალგაზრდებსაც შემოსავლიანი სამსახური აინტერესებთ. ზაურმა საკუთრი ორგანიზაციის მართვის გადაბარებაც კი ვერ მოახერხა აქტიურ ახალგაზრდაზე. „ვიხვეწები, ჩაიბარეთ და განავითარეთ- მეთქი, მაგრამ ახალგაზრდებს სამოქალაქო სექტორში მუშაობა არ აინტერესებთ, ესეც ალბათ დაბალი სამოქალაქო თვითშეგნებით აიხსნება,“ - ამბობს ზაური.

ევროპის ფონდის ხედვა ამ სიტუაციაში სწორედ მისაბაძი მაგალითების შექმნაა.

„აქტიურ თანატოლებს რომ დაინახავენ, ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ თვითონაც გააქტიურდნენ და დაიწყონ პირველი ნაბიჯების გადადგმა საკუთარი თემის საჭიროებებისათვის,“- ამბობს ქეთევან ვაშაკიძე.

მისი თქმით, სვანეთში, სადაც ჯერ კიდევ არ არის დაკარგული თემის შეგრძნება, აქტივიზმის პრეცედენტების შექმნა არც ისე ძნელი იქნება. „შესაძლოა ყველაფერი ერთბაშად არ შეიცვალოს, მაგრამ ამ პროქტით იქმნება მეტი საფუძველი იმისათვის, რომ ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები, თავდაჯერებულები, მოტივირებულები და აქტიურები თავის თემსა და საზოგადოებაში,“- ამბობს ქეთევანი.

გიორგი წერედიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდული იდეის კომიტეტის წევრი იყო, დღეს ისევ სვანეთში ცხოვრობს. ცხოვრების მეორე ნახევარი ახალგაზრდულ იდეაში იპოვა. მესტიის კაფე „ლაილაში“ მიმტანად მუშაობს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით ემსახურება.

„თავიდანვე მაინტერესებდა, რომ ჩემი კუთხისთვის რაღაც სასარგებლო გამეკეთებინა. ახალგაზრდული იდეის წევრი 2009 წელს გავხდი. იმ დროისათვის ინტერნეტზე წვდომა ძალიან შეზღუდული იყო, მოქალაქეების მობილიზებაც ძალიან გვიჭირდა. სვანეთის თითოეულ მოქალაქეს მის სახლსა და ეზოში არსებული პრობლემები აწუხებდა - კოშკი მენგრევა, სახურავია შესაკეთებელი - ძირითადად ასეთი სახის საჭიროებების დაკმაყოფილება სურდათ. ამ დროს ჩვენ სამოქალაქო აქტიურობაზე და თემისთვის ინიციატივებზე ვესაუბრებოდით. მიუხედავად ამისა, ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება შევძელით. პროქტში ნაწავლი უნარ-ჩვევები დღემდე მეხმარება მუშაობაში, “- ამბობს გიორგი.

ეს ის საერთო რამაა, რაც ახალგაზრდული იდეის წევრებს აერთიანებთ. ზოგი მორცხვია, ზოგიერთი აქტიური და თავდაჯერებული, ზოგიერთს მოტივაცია აქვს მაღალი, ზოგი დინჯია და თანმიმდევრული. „ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვკარნახობს, რომ შევქმნათ უნარებისა და ხასიათის მრავალფეროვნება და გვჯერა, რომ გუნდი ძლიერია მაშინ, როდესაც გუნდის წევრები ერთმანეთს ავსებენ. ამიტომ ჩვენს ყველა წევრს რაღაც კონკრეტულ მისიას ვაკისრებთ და ხშირ შემთხვევაში მათ ახალგაზრდულ იდეაში მიღებული გამოცდილება ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ. რაც მთავარია, საბოლოო შედეგი მაინც ჩვენი ახალგაზრდების ისეთი უნარებით შეიარაღებაა, რომელიც შემდეგ მთელს საზოგადოებას ადგება,“- ამბობს მარიამი, რომელიც მესტიასა და მიმდებარე სოფლებში შეკრებილი, კომიტეტის 7 წევრთან მუშაობას მალე დაიწყებს და იმედია ეს სვანეთის თემსაც მალე დაეტყობა.

 

ავტორი: ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში