სიახლეები

ახალი მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლები გაეცნობიან თბილისში ჩატარებული სურსათის უვნებლობის ინსპექტირების შედეგებს

ევროპის ფონდმა შეიმუშავა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები გაეცნობიან თბილისის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ იმ საწარმოების შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის, ან მომსახურების მომხმარებლებიც არიან და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. აპლიკაცია ასევე დაეხმარება მედიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავად მეწარმეებს სასურსათო ბიზნესისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურების საქმიანობის მონიტორინგში. კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა მეწარმეთა მხრიდან კანონმორჩილებას წაახალისებს და ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მობილური აპლიკაცია მოქალაქეებისათვის ყველაზე იოლ და ადვილად გამოსაყენებელ საშუალებას ქმნის საქართველოში მიიღონ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინსპექტირების შესახებ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოძებნოს მისთვის საინტერესო სასურსათო საწარმო იურიდიული სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, ადგილმდებარეობის (თბილისის რაიონები) ანდა საქმიანობის ტიპის მიხედვით და ნახოს რამდენი შეუსაბამობა დააფიქსირა (ან თუ საერთოდ დააფიქსირა) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს-ი) მოცემულ საწარმოში და თუ არის რომელიმე შეუსაბამობა კრიტიკული მნიშვნელობის. აპლიკაცია წარმოადგენს უახლეს მონაცემებს 2016 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული. აპლიკაცია ასევე კრებს ინფორმაციას იმ საწარმოების შესახებ, რომელთა მონაცემებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებდნენ, მაგრამ რომლებიც 2016 წლის 1 იანვრიდან არ შემოწმებულან, იმისათვის, რომ სეს-მა მომხმარებელთა ინტერესის შესახებ იცოდეს. აპლიკაცია მომზადებულია ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისათვის. მომხმარებლებს მისი მოძებნა შეუძლიათ Google Play-ზე სახელწოდებით „სურსათის უვნებლობა“.

პროდუქტი შეიქმნა სეს-თან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“. პროექტის მიზანია მომხმარებელთა გააქტიურება საქართველოსა და მოლდოვაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გასაკონტროლებლად.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში