სიახლეები

ბათუმის უპასუხო წერილები

 

მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულია  - 158, 800 მოსახლით.

ამ მოქალაქეებიდან ნებისმიერს ბათუმის მუნიციპალიტეტისგან რაიმე საკითხზე საჯარო ინფორმაცია რომ დასჭირდეს, არსებობს (I) 15%-იანი ალბათობა იმისა, რომ პასუხს საერთოდ ვერ მიიღებს; (II) 7%-იანი  ალბათობა იმისა, რომ მიიღებს, მაგრამ არასრულყოფილად და (III) 66% პროცენტიანი ალბათობა, რომ სრულყოფილად მიღებს, მაგრამ 10 დღიანი ვადის დარღვევით.

ეს მონაცემები, IDFI ინფორმაციის საჯაროობის 2017 წლის კვლევაში დევს.

იქიდანვე ირკვევა, რომ სწორედ თვითმმართველობებს აქვთ ყველაზე მეტი პრობლემა საქართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით. კერძოდ, 2017 წელს პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დატოვეს უპასუხოდ - 2800 მოთხოვნიდან 559 უპასუხოა.  

ინფორმაციის საჯაროობის კვლევაში ისიც გამოიკვეთა, თუ რა ინფორმაციის გამჟღავნება არ სურდათ თვითმმართველობებს ყველაზე მეტად გასულ წელს: (I) ინფორმაცია პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ (II) შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც დაანონსებული იქნა თვითმმართველობის რეფორმების შედეგად (III) საწვავის მოხმარების ხარჯები და ლიმიტები.    

ზოგადად თვითმმართველობის 2017 წლის ეროვნულ შეფასებაში, ბათუმის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის მაღალი ინდექსით არ გამოირჩევა (27%). 15-ე ადგილზეა და მას წინ უსწრებს მაგალითად, ოზურგეთის, თეთრიწყაროს, ხარაგაულის, მარნეულის, გორის, ლაგოდეხის, ჩხოროწყუს და სხვათა გამჭვირვალობის მაჩვენებლები.

„გამჭვირვალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე. მის გარეშე თვითმმართველობის ეფექტურად განხორციელება არ ხდება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დავიწყეთ ბათუმის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროექტი,“_ ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ბათუმის ოფისის დირექტორი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ფინანსური მხარდაჭერა ამ პროექტის განსახორციელებლად ევროპის ფონდისგან მიიღო, თუმცა ეს მისგან პირველი გრანტი არ არის. ჯერ კიდევ 2007 წელს ევროპის ფონდმა პროექტი „ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული რეფორმა“ დააფინანსა. პროექტის ფარგლებში მერიაში ერთი სარკმლის პრინციპზე აგებული მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი გაიხსნა.  აჭარასა და მთლიანად დასავლეთ საქართველოში, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეებისათვის თვითმმართველობის სერვისების მიღება ერთ სივრცეში გახდა შესაძლებელი. პარალელურად, CSI, ევროპის ფონდის მხარდაჭერით, თვითმმართველობის ღიაობასა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის სტანდარტის დანერგვაზე მუშაობდა.

„როდესაც ვსაუბრობ საჯარო მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობობის სტანდარტზე, ვგულისხმობ ჩართულობის სამივე კომპონენტს: მოქალაქეთა ინფორმირება, მათი ჩართულობა გადაწყვეტილებებში და უკუკავშირი ხელისუფლებისგან (იგივე ანგარიშვალდებულება). მოქალაქის ინფორმირებულობის გარეშე, ვერ მიიღწევა ჩართულობა და საბოლოოდ ვერ მივაღწევთ საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულებას და უკუკავშირის სისტემის დანერგვას,“- ამბობს ნათია აფხაზავა.

 „ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტთან, სისტემებისა და თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითრების კუთხით, არამედ თვითონ საზოგადოებასთანაც, რადგან ორმხრივი მზაობის გარეშე ეფექტური თვითმართველობის მიღწევა წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ  ჩატარდა  26 სათემო შეხვედრა, გავარკვიეთ მოქალაქეები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურებსა და უფლება-მოვალეობებში,“- ამბობს ნათია აფხაზავა.

ინფორმაციის საჯაროობის კუთხით ჩატარებულმა სიღრმისეულმა მონიტორინგმა ისეთი ხარვეეზები გამოავლინა, როგორიცაა მერიისა და საკრებულოს ვებგვერდებზე სავალდებულო ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა, საინფორმაციო დაფებზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების არარსებობა, საკრებულოს მიერ სხდომაზე დასამტკიცემელი აქტების გამოქვეყნების შეფერხება და ა.შ.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ არსებობდა სტანდარტი ინფორმაციის გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობაზე - ანუ რა ვადაში და რა ფორმით უნდა გამოქვეყნდეს ესა თუ ის ინფორმაცია, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროაქტიულად გასაჯაროვდეს ინფორმაცია, არ იყო დანერგილი ანგარიშვალდებულების მექანიზმები  და ა.შ.“_ ყვება აფხაზავა.

სიტუაციის შეფასების შემდეგ, CSI-ს მონაწილეობით, გაიზარდა საჯარო ინფორმაცის ჩამონათვალი, რომელთა გამოქვეყნება სავალდებულო გახდა, გადამზადდნენ თავად მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ინფორმაციის გაცვლის პროცესში, მოწესრიგდა ის პროცედურული საკითხები, რომლებიც ხარვეზებს ქმნიდა ინფორმაციის გასაჯაროების პროცესში და ა.შ.  

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩართულობის სისტემის სრულყოფა ეტაპობრივად  მიმდინარეობს. მერია ცდილობს კანონით მოთხოვნილი ჩართულობის ფორმების ეფექტურად გამოყენებას, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არის. 

კერძოდ, უფუნქციოა დასახლების საერთო კრება იმის გამო, რომ ვერ ხერხდება მოსახლეობის სავალდებული 5%-ის შეკრება იმისათვის, რომ კრება იყოს ლეგიტიმური. ამის საპირწონედ, მერია მუშობს საუბნო კავშირების პროექტზე. კერძოდ, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში იქმნება ამხანაგობების თავმჯდომარეებისაგან დაკომპლექტებული საუბნო კავშირები, რომლებსაც ექნება დაახლოებით იგივე ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს დასახლების საერთო კრებას, რომელიც უფუნქციოა კვორუმის პრობლების გამო.

გარდა ამისა, შეიცვალა მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესი - დაკონკრეტდა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა დაკომპლექტდეს საბჭო; შეიცვალა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურაც - მერის ნაცვლად თავმჯდომარეს საბჭოს წევრები აირჩევენ.

„რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სისტემაში მოვიყვანეთ საკითხები, რომლებიც  მოსახლეობასთან კომუნიკაციას გააუმჯობესებს. მიმდინარეობს არქივის ელექტრონულ ფორმატზე გადატანა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს წერილებზე დროულ კომუნიკაციას. მერიაში ცალკე შეიქმნა არქივისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განყოფილებები. შევქმენით მუნიციპალური სერვისების სააგენტო, რომლის ფუნქცია იქნება ასევე ერთიანი პორტალის შექმნა, სადაც სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი ყველა საჭირო ინფორმაცია და მასში თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა მუნიციპალური ორგანიზაციისა თუ სამსახურის შესახებ, ,“- ამბობს ნუკრი დეკანაძე.

დეკანაძის ინფორმაციით, ბათუმის მერიას წელიწადში დაახლოებით 100 000-მდე დეკუმენტბრუნვა აქვს,  რაც ყოველდღიურად 300-დან 400-მდე დოკუმენტის განხილვას ნიშნავს.

„მათთვის ეს, ცხადია სერიოზული სამუშაო და ზედმეტი თავის ტკივილია, თუმცა ჩვენი მიზანი არის დემოკრატიის სრულყოფა სწორედ რომ თვითმმართველობის დონეზე. მაგალითად, თუ მე, ბათუმის მოქლაქეს, არ მეცოდინება, რომ მუშაობა მიდის  სამშენებლო ნებართვაზე, ვერაფრით შევეწინააღმდეგები ამ ნებართვის გაცემას. ზოგადად ადგილობრივი მთავრობა ვერ ხედავს პარტნიორს მოქალაქეში, არადა დემოკრატიულ სისტემებში თავად მუნიციპალიტეტი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დანერგოს ჩართულობის სტანდარტი და შესთავაზოს მოსახლეობას. უფრო მეტიც, ხალხის ინტერესიც მან უნდა გააღვივოს. საქართველოში კი ვიღებთ სიტუაციას, როცა საზოგადოება არ არის შეიარაღბული შესაბამისი ცოდნით და გამოცდილებით, თვითმმართველობა კი თვლის, რომ მან თვითონ უკეთ იცის, რა სჭირდება მოქალაქეს,“- ამბობს ნათია აფხაზავა.

პროექტის განმავლობაში, CSI-ს საინიციატივო ჯგუფებმა, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით, არაერთი სისტემური პრობლემა იპოვეს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა მაგალითად ისაა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ინფორმაციაც კი არ აქვს მის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური შენობების შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებასთან დაკავშირებით. არადა ბათუმში ათობით ასეთი შენობაა.

რამინ მაჭარაშვილი, რომელიც შშმ პირია, საინიციატივო ჯფუფში იყო ჩართული. ინფორმაცია შენობების ადაპტირების შესახებ ბათუმის მერიას მან გამოართვა, პასუხად მხოლოდ შენობების მისამართები მიიღო. ამის შემდეგ აქტივისტ მეგობრებთან ერთად თვითონ შეაფასა ბათუმის მუნიციპალური შენობების ადაპტირების საკითხი. გაირკვა, რომ არცერთი შენობა, გარდა მერიის ძირითადი შენობისა, შეღწევადიც კი არ არის შშმ პირებისათვის.  

CSI,  სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებითან ერთად ლობირებდა, რომ შექმნილიყო სისტემა, რომელიც გააკონტროლებდა ყველა ახლადაშენებული მუნიციპალური შენობის ადაპტირების საკითხს. „ამის მიუხედავად აღმოვაჩინეთ, რომ ახლადაშენებული საბავშვო ბაღი ისე ჩაიბარა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომ ის ადაპტირებული არ იყო. აქ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შენობები არა მხოლოდ შეღწევადი, არამედ სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირების საჭიროებებზე,“- ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

მოქალაქეთა აქტიურობა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის კუთხით, გარკვეულ პროგრესს რომ გამოიწვევს, ეს ბათუმის მერიის ბოლო გადაწყვეტილებიდანაც ჩანს - ბაღის ინციდენტის შემდეგ მერიამ ბათუმის გაჩერებების შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირება დაიწყო.  გარდა ამისა, შეიქმნა პროფესიონალებისა და უშუალოდ შშმ პირებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ბათუმის ადაპტირების კონცეფციაზე იმუშავებს.

 

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში