სიახლეები

დასახლების საერთო კრება – მოჩვენებითი დემოკრატია ადგილობრივ მმართველობაში

დასახლების საერთო კრება ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების მონაწილეობის მექანიზმია. ის დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოქალაქეების ჩართულობით გადაწყვეტას გულისხმობს.  

რა საკითხები შეიძლება იყოს დასახლების საერთო კრების განხილვის საგანი?

„ასეთია ნებისმიერი საკითხი, რომელიც დასახლებას ეხება, ინფრანსტრუქტურული პროექტებით დაწყებული, დასრულებული სოციალური პროგრამებით, რომლებიც ადგილობრივად ხორციელდება,“- ამბობს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენელი, ოთარ რევიშვილი. “თუ კრება დაფუძნდა, ის წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს და მთავრობამ კრებას უნდა ჰკითხოს ყველაფერი – დაწყებული მუნიციპალიტეტში გასაყიდი ქონებიდან, დასრულებული ინფრასტუქტურული პროექტებით, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას კრების დაფუძნება არ აწყობს,“- ყვება ოთარ რევიშვილი, რომლის ორგანიზაცია, ევროპის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან ერთად, გასული წლიდან იბრძვის დასახლების საერთო კრების, როგორც მექანიზმის ამუშავებაზე.

რატომ არ ფუნქციონირებს დასახლების საერთო კრება თითქმის არცერთ მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით დიდ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეების რაოდენობა 2000-ზე ზემოთაა?

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მოთხოვნით, დასახლების კრება უნდა მოითხოვოს მოსახლეობის მინიმუმ 5% პროცენტმა, ხოლო მონაწილეების რაოდენობა უნდა იყოს 20%.   პირობითად, 2000 ამომრჩევლიან დასახლებაში, კრების დაფუძნება უნდა მოითხოვოს 100-მა ადამიანმა, ხოლო შეკრებაში უნდა მონაწილეობდეს 400 ადამიანი.

„მაღალი მიგრაციის მქონე მუნიციპალიტეტებში, რომელთა შორის ოზურგეთი ერთ-ერთი მოწინავეა, 400 ადამიანის შეკრება არარეალისტური მოთხოვნაა. ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც კრება შედგა 2000 მოქალაქისგან შემდგარ მუნიციპალიტეტში. ცხადია, პრობლემა არის კანონში და არა მოქალაქეებში, შესაბამისად ჩვენი შეთავაზება ადგილობრივი მთავრობისთვის იყო ამ მექანიზმის მოდერნიზება,“- ამბობს რევიშვილი.

მოდერნიზებაში გურიის ახალგაზრდული რესურცენტრისა და საქართველოს დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლები გულისხმობდნენ კანონით მოთხოვნილი მინიმალური ზღვარის დაწევას. მათი მოთხოვნით 5 % უნდა შემცირებულიყო 1 %-მდე, ხოლო 20 %-  5%-მდე.  ოთარ რევიშვილის თქმით, ეს მოთხოვნა ბრმად არ იყო წარმოდგენილი და კონკრეტული დასახლებების მაგალითზეა იყო დათვლილი:

„ოზურგეთის შემთხვევაში, რეგისტრირებული მოსახლეობის თითქმის ნახევარი რეგიონიდან მიგრირებულია და ასეთ პირობებში უკვე მინიმუმ უნდა გავანახევროთ 20%-იანი შემადგენლობა,“- ამბობს რევიშვილი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირების მიუხედავად, საკრებულომ უარი თქვა პროცენტების შემცირებაზე. არადა ადგილობრივ მთავრობას კანონი ცალსახად აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მან თავად გადაწყვიტოს, როგორ დაარეგულირებს 2000-ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში დასახლების საერთო კრების მოწვევის საკითხს.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის დამფუნებელი, ლევან ხინთიბიძე ამბობს:

„კანონის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობა თავისუფალია ამ რეგულაციის შეცვლაში, თუმცა რაც ვიხილეთ იყო ის, რომ ადგილობრივმა მთავრობამ შეკითხვით – უფლებამოსილია თუ არა შეცვალოს დასახლების საერთო კრების მოწვევის რეგულაცია – მიმართა ცენტრალურ მთავრობას, იქიდან კი უარი მიიღო“.

ლევანი ხინთიბიძე ყვება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არც ამის შემდეგ დანებდნენ და დამოუკიდებელ ექსპერტს სთხოვეს კანონის გაანალიზება იმის გასარკვევად, შეეძლო თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას, თავად გადაეწყვიტა ეს საკითხი და ამ დასკვნიდანაც ირკვევა, რომ კანონის ჩანაწერი იძლეოდა საშუალებას 2000 ამომრჩეველზე მეტი დასახლების შემთხვევაში თვითთმართველობას უბრალოდ შეეცვალა მექანიზმი საზოგადოების სასარგებლოდ, მაგრამ ასე არ მოხდა.

„გარდა იმისა, რომ არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება ამ საკითხში თანამშრომლობაზე, ძალიან საწყენია, რომ ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასეთი პასუხით დაგვირგვინდა. ის, რომ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გამოჩნდა OGP სივრცეში და იუსტიციის მინისტრი  მათ ტაშს უკრავს მიღწეული შედეგებისთვის, ეს ყველაფერი გურიის სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაცაა. წლების განმავლობაში ჩვენ ვახერხებდით გვეთანამშრომლა პრეცედენტულ საკითხებზე, მაგრამ როგორც ჩანს წინასაარცევნო გარემო და პანდემიის წნეხი ძალიან მძიმე აღმოჩნდა,“ – ამბობს რევიშვილი.

მისი თქმით, ზოგადად პანდემია და წინასაარჩევნო გარემო მძიმედ აისახა მოქალაქეთა ჩართულობაზე.

„ერთადერთი, რამაც მექნიზმის სახით იმუშავა, იყო მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც მოქალაქეებს ეკითხებოდნენ აზრს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე. „ინფრასტრუქტურა წინასაარჩევნოდ მომგებიანი და თვალსაჩინო თემაა, შესაბამისად ამ თემაზე მოქალაქეების აზრის გათვალისწინება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, მაგრამ ზოგადად პანდემიამ მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო დააზიანა.“- ამბობს რევიშვილი.

ორგანიზაციებმა ევროპის ფონდის დაფინანსების ფარგლებში მაინც მოახერხეს ის, რომ დასახლების საერთო კრების მოთხოვნა შესაძლებელი გახდა ელექტრონულად შესაბამის პლატფორმაზე, რომელიც ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შექმნეს. ამაზე ოზურგეთის საკრებულომ ნოემბერში მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ასევე დათანხმდა, რომ 2000+ დასახლებებში (და არა მუნიციპალიტეტებში) რამდენიმე დასახლების კრების შეკრება იყოს დაშვებული.

„ცხადია, ეს კარგი შედეგი იქნებოდა, რომ არა პანდემია. ახალ რეალობაში საერთოდ სხვა ამოცანები დადგა ჩვენს წინაშე. მართალი გითხრათ, აღარ ვაპირებ გავაგრძელო ადვოატირება პროცენტების დაწევაზე, რადგან ახალი რეალობა მოითხოვს ვიფიქროთ სრულიად ახალი, დახვეწილი და მთლიანად ელექტრონული მექანიზმის შეთავაზებაზე ადგილობრივი მთავრობისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული,“- ამბობს ოთარ რევიშვილი.

***

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში