სიახლეები

„ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2019 წლებში“ – ევროპის ფონდის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

 

23 სექტემბერს, ევროპის ფონდმა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“კვლევის ანგარიში წარმოადგინა.

გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და  მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება, რათა საშუალება მოგვეცეს შევაფასოთ რამდენად იცვლება საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და მოლოდინები ევროკავშირის, საქართველო-ევროკავშირის  ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.  წელს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2,746 მოქალაქე გამოიკითხა.

2019 წლის კვლევის ძირითადი მიგნებებია: 

  • საქართველოს მოსახლეობა კვლავ სტაბილურად დადებითად და იმედიანადაა განწყობილი ევროინტეგრაციის მიმართ, თუმცა ეს მოლოდინები ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სიღრმისეული ცოდნით არ არის განპირობებული. მოსახლეობის 53% სურვილს გამოთქვამს, მეტი ინფორმაცია მიიღოს ევროკავშირის შესახებ.
  • მოსახლეობა ევროკავშირს მოიაზრებს ქვეყნისთვის სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად და მიუხედავად სხვადასხვა გაცნობიერებული რისკისა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას (71%).
  • ევროინტეგრაციის სურვილის უკან ძირითადად პრაგმატული მოტივები დგას: საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების (54%) და ქვეყნის უკეთ დაცულობის (21%), ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იმედი (14%).
  • საქართველოს მოსახლეობის 42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს“. დაახლოებით თანაბარია მათი წილიც, ვინც ამ დებულებას არ ეთანხმება (46%).
  • საქართველოს მოსახლეობის 66% თვლის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნეგატიურად (38%) ან ძალიან ნეგატიურად (28%) იმოქმედებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე;
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რასაც მას ევროკაშირი უწევს. მოსახლეობის 24% მიიჩნევს, რომ ყველაზე სასარგებლო დახმარება ევროკავშირის მხრიდან იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 22%-ის აზრით კი – ინვესტიციების ჩადება საქართველოს ეკონომიკაში.  
  • ქართულენოვან მოსახლეობასთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა კვლავინდებურად ნაკლები იციან ევროკავშირის შესახებ და ამავდროულად, ნაკლებად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას.
  • მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ დაიცვას ტრადიციები (66%) და დაეხმაროს თავისზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს (72%). მოსახლეობის 49% თვლის, რომ კარგი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააკეთოს საზოგადოებისთვის საჭირო საქმე როგორც მოხალისემ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქე კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის ან ოპოზიციის მიმართ და 20% ფიქრობს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს საპროტესტო აქციებში. მოსახლეობის წილი, ვისაც მიაჩნია, რომ კარგი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში, 2009 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია.
  • საქართველოში შემცირებულია ნდობა ძირითადი სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ, როგორებიცაა პრეზიდენტი (27%), პრემიერ-მინისტრი (24%), პარლამენტი (19%), პოლიტიკური პარტიები (13%) და სასამართლო (17%). ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ ძალოვანი სტრუქტურებისა (ქართული ჯარი - 77% და პოლიცია - 51%)  და რელიგიური ინსტიტუტების (74%) მიმართ ფიქსირდება, ხოლო ნდობა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის თანაბარ წილს, 27% აქვს.

ევროპის ფონდის გამოკითხვების ყველა ტალღა CRRC-საქართველომ ჩაატარა. 

იხილეთ კვლევის ანგარიში  და პრეზენტაცია (ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად) .

 

 

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში