სიახლეები

ევროპის ფონდმა სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-სემინარები – თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი, ჩაატარა

 

საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გასაზრდელად, ევროპის ფონდმა 17-19 ნოემბერს და 24-26 ნოემბერს ჩაატარა ტრენინგ-სემინარები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, თანამონაწილეობით ბიუჯეტირებასა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგში.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპის ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემას და საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას. ფონდმა უკვე ჩაატარა ტრენინგების კურსი საჯარო პოლიტიკის ფორმირებისა და ბიუჯეტირების პროცესზე, ასევე საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგის მექანიზმებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო-ების) და მედიის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით. აღნიშნული ტრენინგებისა და შემდგომი საგრანტო კონკურსის შედეგებმა ცხადჰყო, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებულად საჭიროებენ სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ამ მიზნით, ფონდმა კვლავ გამოაცხადა მოწვევა თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობისათვის.

სამდღიანი ტრენინგი ორ ნაკადად ჩატარდა, თბილისსა (17-19 ნოემბერი) და ბათუმში (24 – 26 ნოემბერი), რომელსაც 34 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ტრენინგ-სემინარების ეხებოდა შემდეგ საკითხებს: საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და საბიუჯეტო გადაწყვიტილებების მიღების მექანიზმები; საბიუჯეტო სისტემა, საბიუჯეტო პროცესი და ბიუჯეტის ძირითადი პრინციპები; ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავების ძირითადი ეტაპები და პროცესები; სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯების მონიტორინგის ეტაპზე; ბიუჯეტის მომზადების, შესრულების და ხარჯების მონიტორინგისას არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; პროგრამული ბიუჯეტირება, და სხვა. ტრენინგს უძღვებოდა პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კონსულტანტი, ბესიკ ნამჩავაძე.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში