სიახლეები

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა

თბილისი, საქართველო – 2016 წლის 1 ივნისს ევროპის ფონდი გამართავს მეორე საჯარო ფორუმს „ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში: მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვა“. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინტიტუტის პროექტის ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში.

საქართველოს მოსახლეობისთვის განსახლების ადგილის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბოლო პერიოდში ეკომიგრაცია გახდა, რადგან კლიმატის ცვლილება, ადამიანების ზეგავლენა ბუნებაზე თუ ბუნებრივი კატასტროფები უფრო მეტ ოჯახს აიძულებს საცხოვრებელი ადგილი თემის ფარგლებს გარეთ ეძიოს. ეკომიგრანტების შესახებ სრული სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 3 600-ზე მეტი ოჯახი ეკოლოგიური კატასტროფების გამო სასწრაფოდ განსახლებას საჭიროებს. ეკომიგრანტების მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.

ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული საჯარო ფორუმი მიზნად ისახავს ეკომიგრანტთა საჭიროებებზე მიმართული მოკლე- და გრძელვადიანი სტრატეგიების შესახებ დისკუსიის ინიცირებას. ღონისძიებას გახსნის ქალბატონი ქეთევან ვაშაკიძე, ევროპის ფონდის პრეზიდენტი. დამსწრეებს ასევე მიმართავენ ქალბატონი რუსუდან კახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის უფროსი მრჩეველი და ბატონი არჩილ ხახუტაიშვილი, დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან ეკომიგრაციის პრევენციასა (გრძელვადიანი სტრატეგია) და ეკომიგრანტთა განსახლებასთან (მოკლევადიანი სტრატეგია) დაკავშირებულ საკითხებს და მოისმენენ ეკომიგრანტთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქამდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. უშუალოდ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ფორუმის მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კოტე რაზმაძე და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი გიორგი ღიბრაძე.

ღონისძიება გაიმართება 1 ივნისს, 14:00-16:45 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, საკონფერენციო დარბაზში „აჭარა“ (მისამართი: 26 მაისის მოედანი 1).

ევროპის ფონდი (EPF) ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომლის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს. ევროპის ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ვებსაიტზე: www.epfound.ge.

საკონტაქტო პირი: ნათია ბერძენიშვილი, პროგრამის მენეჯერი, ელფოსტა: nberdzenishvili@epfound.ge, ტელ.: 225-39-42/43.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში