სიახლეები

ვინ არის პერსონალური ასისტენტი?

თეკლა ტატუაშვილი 7 წლისაა. ბოლნისის #1 საჯარო სკოლაში სწავლობს. თვენახევარია, რაც საგაკვეთილო პროცესში პერსონალური ასისტენტი ეხმარება. 

თეკლა გულის მანკით დაიბადა. თვეების იყო, როდესაც ოპერაცია გაუკეთეს. 15 თვისას მეოთხე ხარისხის, ორმხრივი  სიყრუე დაუდგინდა. „კოხლეარულ იმპლანტაციას 3 წელი ველოდეთ. უკვე დაგვიანებული იყო. იმპლანტთან შეგუებაც გაუჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ აპარატი გაუფუჭდა და 6 თვე ისევ სიჩუმეში მოუწია ყოფნა,“- იხსენებს ქეთევან მაღრაძე, თეკლას დედა. მისი მონაყოლით, ბავშვს აპარატი ჯერ კიდევ ღლის. ხანდახან ხმაურის აუტანლობის გამო თვითნებურად იხსნის. ისევ უჭირს სიტყვების მნიშვნელობის გარკვევა და ლაპარაკი. სმენის პრობლემის გამო თეკლასთვის თავიდანვე რთული იყო სკოლასთან ადაპტაცია. „იყო დღეები, როცა საერთოდ უარს აცხადებდა სკოლაში წასვლაზე,“- ყვება ქეთევანი.

თეკლასთან პერსონალურ ასისტენტად მარიამ კორძაია მუშაობს. მას სწავლის პროცესში ბავშვის დახმარება ევალება. „თავიდან ცოტა გამიჭირდა. არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა მუშაობის გაგრძელებას, მერე ნელ-ნელა დაიწყო პროგრესი. უკვე ძალიან დიდ შედეგს ვხედავ. დამოუკიდებლად წერს, ასოებს არჩევს. ადრე მხოლოდ 2 გაკვეთილს ესწრებოდა. ახლა უკვე სწავლის ბოლომდე ვრჩება და მეცადინეობს,“- ამბობს კორძაია.

თეკლასთან მარიამი ასოციაცია ანიკას პროექტის შედეგად მოხვდა. პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარების პროექტი ჯერ-ჯერობით საპილოტეა და ანიკა მასზე 2016  წლიდან მუშაობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეს პროექტი ევროპის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას პერსონალური ასისტენტის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას, მაგალითად დაეხმარება მათ განათლების მიღებაში, დასაქმებაში ან ნებისმიერი სოციალური თუ საზოგადოებრივ აქტივობის განხორციელებაში, რომელიც ინტეგრაციის პროცესის ნაწილია.

„საზღვარგარეთ პერსონალური ასისტენტის სერვისი დიდი ხანია დანერგილია. საქართველოში ჯერ კიდევ უჭირთ მისი განსხვავება შინ მოვლის სერვისისგან, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მოვლით, მაშინ როდესაც პერსონალური ასისტენტი ეხმარება შშმ პირს, ინტეგრირდეს საზოგადოებაში,“- ამბობს მაკა ჭანკვეტაძე, ანიკას თანამშრომელი და ბოლნისში პერსონალური ასისტენტის პროექტის მენეჯერი.

ანიკამ პროექტის პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები შეისწავლა და ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით საქართველოსთვის შესაბამისი კონცეფცია შექმნა. კონცეფციის ნაწილია ისიც, რომ პერსონალური ასისტენტი არ უნდა იყოს შშმ პირის მშობელი ან ოჯახის წევრი. „პერსონალური ასისტენტის იდეა თავისთავად ემსახურება შშმ პირის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ჩვენი ხედვით, დამოუკიდებლობის გაზრდა მშობელთან ერთად შეუძლებელი იქნებოდა,“- ამბობს ანიკას დამფუძნებელი, ირინა ინასარიძე.  

ბოლნისში საპილოტე პროექტის დაწყებამდე ანიკამ პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა ASB-საქართველოსთან ერთად დაიწყო. ჯერ მეთოდოლოგია და კონცეფცია შეიქმნა, შემდეგ კი დედაქალაქის მერიის დაფინანსებით სერვისის განხორციელება თბილისში დაიწყო. „მერიის სოციალური სამსახური ძირითად ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ შედეგებზე  - რამდენი ადამიანი დასაქმდა პროექტის ფარგლებში და აშ. სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა თვითონ სერვისის განვითარების მნიშვნელობას,“- ამბობს ჭანკვეტაძე.

შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების არასაკმარისი მიწოდება და ამ სერვისების არაეფექტურობა ევროპის ფონდის მიერ მოწვეული ექსპრტის, ალექს კოტეს ძირითადი წუხილი იყო შარშანდელი წლიდან, მას შემდეგ, რაც შშმ თემის ინტერესთა მაგალითზე საქართველოს ბიუჯეტის შესწავლა დაიწყო. ამ კვლევის დროს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო შშმ თემს უზრუნველყოფს ძირითადად ფულადი სახსრებით და ნაკლებ რესურსს ახმარს მათთვის ხარისხიანი და დროული სერვისების მიწოდებას.  „ვთვლით,  რომ მხოლოდ ფულადი დახმარებებით შშმ პირების სრულფასოვანი ინტეგრაცია ვერ მოხერხდება. ვინაიდან ჩვენი საბოლოო მიზანი შშმ პირების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და მათი უფლებების განხორციელებაა, ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ხარისხიანი და ეფექტური სერვისების დანერგვას,“- ამბობს ქეთევან ვაშაკიძე, ევროპის ფონდის პრეზიდენტი.  

 

ანიკას მიზანი ამ ეტაპზე პერსონალური ასისტირების პრაქტიკის დანერგვა და სახელმწიფოს ჩართულობის უზრუნველყოფაა. „ჩვენი მიზანი არის, რომ  სახელმწიფომ დაინახოს ამ სერვისის მნიშვნელობა და უკვე  თავისი სამინიტროების პროგრამულ ბიუჯეტებში გაწეროს კონკრეტული თანხა მომსახურების მიწოდებისათვის, თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია,“- ამბობს ჭანკვეტაძე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტი ევროპის ფონდის დახმარებით 1 წლის განმავლობაში განხორციელდება. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში 8 პერსონალური ასისტენტი მუშაობს 11 ბენეფიციართან.  

პროექტის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკების შედეგად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტი თავად გაითვალისწინებს ბიუჯეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის ხარჯებს, თუმცა ინასარიძის თქმით, ამ მხრივაც არის გარკვეული ხარვეზები. „ბოლნისის მუნიციპალიტეტი თანახმაა გამოყოს თანხა პერსონალური ასისტენტის სერვისის მისაწოდებლად, თუმცა სერვისის განხორციელებას გადააბარებს მისივე სიპ-ს და არა შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, რაც თავისთავად არასწორი მოდელია სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის გამო,“- ამბობს ინასარიძე. „მაგრამ ვინაიდან ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე პროექტის რაიმე ფორმით გაგრძელებაა, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს წინააღმდეგობას არ გავუწევთ,“- ამბობს ინასარიძე. მომავალში ანიკას დამფუძნებელი აპირებს, რომ შექმნას პერსონალური ასისტენტების ასოციაცია, რომელიც აკრედიტირებული ორგანო იქნება პერსონალური ასისტენტების მომზადებისა და სერთიფიცირების მიმართულებით.

„პერსონალური ასისტენტის კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასისტირება ბევრ მიმართულებას მოიცავს, შეზღუდვის სპეციფიკიდან დაწყებული, დამთავრებული ეთიკის საკითხებით, უფლებებითა და პასუხისმგებლობებით. ამიტომ აკრედიტაციას ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და გვინდა, რომ გვყავდეს კომპეტენტური და მაღალი სტანდარტის მქონე ასისტენტები,“- ამბობს ჭანკვეტაძე. ამიტომაც სურს ანიკას, რომ პროექტს ინსტიტუციური სახე მისცეს. საქართველოს მასშტაბით 4 მუნიციპალიტეტთან უკვე არსებობს შეთანხმება ბიუჯეტში ასისტირების სერვისის დაფინანსებაზე, რაც ანიკას მნიშნელოვან მიღწევად მიაჩნია.

„სამწუხაროდ ბევრი სერვისი ფორმალურად არსებობს და მათ ხარისხის სრულყოფასა და განვითარებაზე არავინ ფიქრობს,“- ამბობს ინასარიძე. „ჩვენ გვინდა, პერსონალური ასისტენტის სერვისი იყოს ქმედითი და მას რეალურად შეეძლოს შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა,“- ამბობს ინასარიძე.  

 

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო:  ნათელა გრიგალაშვილი

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში