სიახლეები

ვჭამთ – ესე იგი გვადარდებს

 

ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად, 2018 წლის იანვრიდან-სექტემბრამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 85, 000 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა.

ხორცის საწარმოები მაღალი რისკის მწარმოებლები არიან და ამიტომ სახელმწიფო მათ სხვა აუცილებელ ნორმებთან ერთად, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვას სთხოვს. HACCP-ი გულისხმობს წარმოების პროცესში ისეთ წერტილების გამოვლენას, რომლებზეც დაბინძურების მაღალი რისკის გამო განსაკუთრებული კონტროლია საჭირო.  

HACCP-ის დანერგვის მოთხოვნა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ხორცისა და რძის მწარმოებლებზე, ასევე თხილის ექსპორტიორებზე ვრცელდება. სურსათის უვნებლობის ექსპერტები სახელმწიფოს ურჩევენ, რომ HACCP-ის მოთხოვნა სურსათის სხვა მწარმოებლებზეც გავრცელდეს. ეს რეკომენდაცია ევროპის ფონდის დაკვეთით მომზადებულ 2017 წლის ანგარიშშიც აისახა, რომელიც სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფოს საქმიანობის ეფექტურობას აფასებს.

სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე ამბობს, რომ უვნებლობის კუთხით არსებული პრობლემები მომხმარებლის და მწარმოებლის თანაბარი პასუხისმგებლობაა.  „ერთი მხრივ, მწარმოებლებიც ხშირად უგულებელყოფენ კანონის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, სამომხმარებლო განათლებაც დაბალ დონეზეა,“- ამბობს სარჯველაძე.

სურსათის უვნებლობის კოდექსის მიხედვით, კომპანია ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის შემთხვევაში 1,000 ლარით ჯარიმდება. სარჯველაძის აზრით, ჯარიმის ოდენობა მცირეა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო კონტროლი საკმარისი სიხშირითა და ხარისხით ხშირად ვერ ხორციელდება. ევროპის ფონდის ანგარიშებშიც არაერთგზისაა აღნიშნული, რომ ჯარიმები დარღვევის ხარისხის ადეკვატური უნდა იყოს.

2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 36,901 სურსათის ბიზნეოპერატორია რეგისტრირებული. სურსათის ეროვნულ სააგენტო წლის განმავლობაში დაახლოებით 7,000-მდე ინსპექტირებას ახორციელებს.

სააგენტოს შემოწმების ორი მექანიზმი აქვს: ინსპექტირება და ლაბორატორიული კვლევა. გასული წლის სამ კვარტალში 2,525 ინსპექტირება ჩატარდა. აქედან გამოვლენილია 676 სამართალდარღვევა. დარღვევებიდან ყველაზე გავრცელებულია არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობა, ეტიკეტირების წესების დარღვევა ,  სურსათის მიკვლევადობის ნორმების დარღვევა და ვადაგასული პროდუქციის ბაზარზე განთავსება.

საქართველოს მთავრობას სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან დაახლოება ასოცირების ხელშეკრულებით ევალება. შესაბამისად, მიმდინარეობს სფეროს რეფორმირება იმგვარად, რომ სურსათის უვნებლობის ნორმები ევროკავშირში არსებულ სტარდარტებს დაუახლოვდეს. ამ პროცესში ევროპის ფონდის ამჟამინდელი როლი მთავრობის მონიტორინგი და რეფორმების ეფექტურობის შეფასებაა, თუმცა ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის ადვოკატირება ასოცირების ხელშეკრულებამდე ბევრად ადრე, 2007 წელს დაიწყო.

„როდესაც ამ სფეროში მუშაობა დავიწყეთ, სურსათის ეროვნული სააგენტო არ არსებობდა. სურსათის ბაზარი სრულიად უკონტროლოდ იყო დარჩენილი. ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით პლატფორმა, სადაც პრობლემის მონაწილე ყველა მხარემ დაიწყო საუბარი და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება. მაშინდელი ლიბერტარიანული ხედვების მიუხედავად, მოვიპოვეთ პოლიტიკური თანხმობა რეგულაციების დაწესებაზე, რადგან პრინციპულ საკითხზე საერთო თანხმობა გვქონდა. მთავრობამ დაინახა, რომ ჩვენი მუშაობის და სწორი კომუნიკაციის შედეგად, ბიზნესიც მზად იყო რეგულაციების მისაღებად. 2010 წელს მიიღეს კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ და შეიქმნა სურსათის უვნებლობის სააგენტო, მას შემდეგ უკვე ევროპული ინტეგრაციის ჩარჩოც დაგვეხმარა, დამატებით სახელმწიფოსა და დონორების რესურსების მობილიზებაც მოხდა, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე,“- ამბობს ევროპის ფონდის პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე.

 

მისი აზრით, სისტემა ჯერ კიდევ სუსტია და საჭიროა გაუმჯობესება, განსაკუთრებით გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით. „სწორედ ამისთვისაა ჩვენი ყოველწლიური კვლევა, რომლითაც საშუალება გვაქვს კრიტიკულად დავაკვირდეთ მთავრობის საქმიანობას სურსათის რეგულირების კუთხით,“- ამბობს ქეთევან ვაშაკიძე.

2017 წელს მთვრობის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აფერხებს სურსათის უვნებლობის კუთხით რეფორმებს. მაგალითად, წლების განმავლობაში ჭიანურდება საკანონმდებლო ნორმების ძალაში შესვლა. გარდა ამისა, ნორმატიული აქტების მიღება მიმდინარეობს მხარეთა ჩართულობის გარეშე და იმ ფინანსური რესურსის დაუთვლელად, რაც ბიზნესს თუ მთავრობას კანონის აღსრულებისთვის სჭირდება. ასევე, ნორმატიული დაახლოების პროცესი საკმარისად თანამონაწილეობითი და გამჭვირვალე არ არის. ანგარიშში ისიც ნახსენებია, რომ საჭიროა მოქალაქეთა გააქტიურება იმისათვის, რომ მათ მაკონტროლებლის როლი შეასრულონ.

ევროპის ფონდი ამ მიმართულებით ცალკე ნაბიჯებს დგამს. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამუშაოები აპლიკაციაზე, რომელიც სურსათის უვნებლობის კუთხით სამოქალაქო მონიტორინგის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება. აპლიკაციის დახმარებით ადამიანებს საშუალება მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ სურსათის საწარმოზე - როდის შემოწმდა, იყო თუ არა დარღვევები, რამდენი, რა სახის და ა.შ. ამასთან, ექნებათ საშუალება თავად დააფიქსირონ ამა თუ იმ საწარმოში აღმოჩენილი დარღვევა.

სურსათის მწარმოებლებს შორის უნებლობის ნორმების პოპულარიზაციის მიზნით ევროპის ფონდი 2014 წლიდან დღემდე ყოველ წელს ატარებს კონკურსს საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და კონკურსის ფარგლებში, სურსათის საწარმოებს აძლევს უფასო შემოწმების და ექსპერტთა რეკომენდაციების მიღების საშუალებას.  

წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა ხორცის საწარმო, რომელიც უცხოელმა ინვესტორმა რამდენიმე წლის წინ საქართველოში დააფუძნა.  კომპანია რაჭაში ფერმებსა და სასაკლაოს, ხოლო თბილისში - მაღაზიას ფლობს. კომპანის სასაკლაოდან კვირაში  დაახლოებით 2 ტონა ხორცი გადის და საკუთარი მაცივრით იგზავნება თბილისში, სადაც ხორცის რეალიზაცია ხდება.

ფონდის მიერ დაქირავებულმა ექსპერტების ჯგუფმა საწარმო უკვე სამჯერ გაუფრთხილებლად შეამოწმა და რეკომენდაციებიც გასცა. საწარმოს მენეჯერი ამბობს, რომ ექსპერტებს ისეთი რეკომენდაციები ჰქონდათ, რომლებიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ მოუთხოვია, მაგალითად ხელისა და ტანსაცმლის ჩამონაბანის ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც  ჰიგიენურ ნორმებთანაა დაკავშირებული.

ცნობილია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროს წარმატებულად მუშაობა არა მხოლოდ მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახება, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითრებას, ტურიზმისა და ექსპორტის ზრდას. „იმისათვის, რომ სისტემა უფრო გაუმჯობესდეს, მომხმარებლის ჩართულობაც აუცილებელია. დარღვევის შემჩნევა არ არის საკმარისი, ჩვენ ყველას მივმართავთ, რომ მსგავსი დარღვევები დააფიქსირონ ჩვენს ცხელ ხაზზე და მოგვმართონ, რომ სააგენტოს ჰქონდეს დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალება,“- ამბობს გიორგი მიქაძე.

2018 წელს სურსათის სააგენტოში მოქალაქეების მხრიდან 363 შეტყობინება შევიდა სხვადასხვა დარღვევების შესახებ, რაც გასულ წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის ბოლომდე სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმებს ევროპის ფონდის სურსათის უვნელობის აპლიკაციაც შემატება და მომხმარებელს უვნებლობის ნორმების დარღვევის დაფიქსირებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ეს კი საბოლოო ჯამში ყველას ინტერესშია: რადგან ვჭამთ - ესე იგი გვადარდებს.  

 

 

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო:  ნათელა გრიგალაშვილი

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში