სიახლეები

ზოგიერთი ეტაპი თემის მობილიზებისთვის

თემის მობილიზება იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც სხვადასხვა სათემო ჯგუფებს წარმოადგენენ და მუშაობენ ამ ჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ. მუშაობის პროცესში, როგორც ადვოკატირების აუცილებელი კომპონენტი, მათ უნდა შეძლონ თემის მობილიზება და თემთან ერთად საკუთარი ინიციატივების ადვოკატირება, რათა საბოლოო ჯამში თემისთვის სასიკეთო შედეგი დადგეს.

თემის მობილიზების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც შეგიძლიათ ადვოკატირების პროცესში წარმატებით გამოიყენოთ.

თემის პროფილის შედგენა

თემის მობილიზება ყველაზე ხშირად იწყება  თემის შესწავლით. ამ პროცესს თემის პროფილის შედგენასაც უწოდებენ. თემი შესწავლილი უნდა იყოს იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც მისი გააქტიურებაკონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად სურს. ორგანიზაცია უნდა იცნობდეს თემის დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ მონაცემებს, იკვლიოს რა პრობლემები აქვს თემს, რა საკითხებია მისთვის აქტუალური, რა წარსული გამოცდილება არსებობს თემის მუშაობისა ამა თუ იმ პრობლემის გამოსასწორებლად და ა.შ. თემის შესწავლის პროცესში ორგანიზაცია შეიძლება დაეყრდნოს როგორც საკუთარ გამოცდილებას, ისე მანამდე არსებულ კვლევებსა და ანგარიშებს.  

თემის კვლევა

სამაგიდო კვლევების გაცნობისა და მონაცემთა ანალიზის შემდგომ, სასურველია ორგანიზაციამ უფრო ღრმად შეისწავლოს თემი მისი თვისებრივი კვლევის გზით. კვლევის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი გავრცელებული – ფოკუს ჯგუფების ჩატარებაა, რომლის საშუალებითაც ორგანიზაცია შეძლებს შეისწავლოს კონტექსტი, თემის პრობლემები, საჭიროებები და გამოწვევები. აუცილებელია, რომ ფოკუს ჯგუფი დაკომპლექტდეს წარმომადგენლობითად და იყოს თემის შემადგენლობის შესამაბისი – ქალები და მამაკაცები უნდა იყვნენ წარმოდგენილი თანაბრად; თუკი თემში არიან რელიგიური ან ეთნიკური უმცირესობები, ისინი ფოკუს ჯგუფში უნდა იყვნენ წარმოდგენილი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ ფოკუს ჯგუფების ჩასატარებლად სპეციალისტებს მიმართოს, რათა კითხვარი, რომლითაც ფოკუს ჯგუფები გამოიკთხებიან პროფესიონალურად იყოს შედგენილი და გამოკითხვაც პროფესიონალურად ჩატარდეს.     

სამუშაო ჯგუფის შექმნა

თემის ორგანიზება (იგივე მობილიზება) გულისხმობს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თემის აქტიური წევრებით, რომლებიც ასევე წარმომადგენლობითად შეირჩევიან. ამ ჯგუფებს სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ – სათემო კოალიცია, სამუშაო ჯგუფი, საინიციატივო ჯგუფი, კომიტეტი. ნემისმიერი ამ სახელწოდების ქვეშ ჯგუფი უნდა მოქმედებდეს, როგორც ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომელიც იბრძვის გარკვეული შედეგების მისაღწევად. სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს დაკომპლექტებული სიფრთხილით, მასში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ინტერესთა ჯგუფი, ასაკობრივი,ეთნიკური, ლინგვიტური თუ სხვა ჯგუფები. საგულისხმოა, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება სამუშაო ჯგუფს ნდობის მაღალი ხარისხი და ლეგტიმაცია თემთან.

სამუშო ჯგუფის ანალიზი

მომდევნო ეტაპზე ხშირად მიმართავენ თავად ამ სამუშაო ჯგუფის ანალიზს. ორგანიზაციამ  სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობების შესასწავლად სასურველია ჩაატაროს ე.წ. სვოტ (SWOT) ანალიზი, გამოავლინოს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და სირთულეები; უნდა შეისწავლოს, რამდენად ფლობს ეს გუნდი ადვოკატირების უნარებს, იცნობს სამოქალაქო ატვივიზმის პრინციპებს, რამდენად ფლობს მედია წიგნიერების მიმართულებით ინფორმაციას და ა.შ.

სამუშაო ჯგუფის საჭიროებების დაკმაყოფილება

მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფის ანალიზი ჩატარდება, ამ ჯგუფის წევრთა საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს, მაგალითად თუ ცხადი გახდა, რომ ჯგუფის წევრებს სჭირდებათ დამატებითი ტრენინგი ,პირობითად, ადვოკატირების უნარების განვითარებისთვის, მათ ეს ტრენინგი უნდა ჩაუტარდეთ.

პრობლემების პრიორიტეტიზაცია კოალიციის შიგნით

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფი შეთანხმდეს პრიორიტეტულ პრობლემებზე, იმ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აქვს ორგანიზაციას. ჯგუფის წევრთა გამოკითხით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში ასობით სხვადასხვა თემაა აქტუალური, მაგრამ უნდა მოხდეს რეალისტურ მიზანზე კონცენტრირება, პრობლემების პრიორიტეტიზაცია და რამდენიმე მთავარი საკითხის გამოყოფა, რომელზეც ჯგუფი შეძლებს ადვოკატირების კამპანიის განხორციელებას.

ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავება

ამ დოკუმენტში უნდა იყოს აღწერილი ყველაფერი ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება იმისათვის, რომ ადვოკატირება იყოს წარმატებული. სტრატეგიაში უნდა იყოს მოაზრებული, თუ როგორ მოხდება ადვოკატირება (ამისთვის არსებობს სხვადასხვა პრაქტიკები, მედიის ჩართულობიდან დაწყებული დასრულებული სამოქალაქო ჩართულობის სხვა მექანიზმებით, როგორიცაა პეტიცია, დასახლების საერთო კრება, საკრებულოს სხდომებზე დასწრება და აშ>)

სამოქმედო გეგმის გაწერა

სტრატეგიის შემუშავების მომდევნო ეტაპზე,  გავრცელებული პრაქტიკით, იგეგმება შესაბამისი ქმედებები  – ეს შეიძლება იყოს ცნობიერების კამპანია, მედიაკამპანია და აშ.. ქმედებების დაგეგმვის პროცესში აუცილებელია, რომ ჩატარდეს ანალიზი იმ მოთამაშეების და მხარეებისა, რომლებიც პრობლემასთან არიან კავშირში, რათა სამუშაო ჯგუფმა იცოდეს წინასწარ, ვინ შეიძლება პოტენციურად იყოს მისი მოწინააღმდეგე ან მოკავშირე,  როგორც ორგანიზაციები, ისე ინდივიდები. . 

სამოქალაქო მონიტორინგი  

ადოკატირების ნემისმიერი კამპანიის შედეგების მონიტორინგიც უნდა იყოს თანამონაწილეობითი. მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ მათი ადვოკატირების შემდგომ ხელისუფლების ქმედებების მოიატორინგი. მოსახლეობამ უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, იაქტიროს სხვადასხვა თანამონაწილეობით ფორმატებში, დაესწროს საკრებულოს სხდომებს, თვალი ადევნოს ტენდერებს, მონაწილეობა მიიღოს საჯარო შეხვედრებში. სწორედ ამ ფორმით შეძლებს სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები მათზე ანგარიშვალდებული ხელისუფლების კონტროლს და იმ საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომელზეც სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

***

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში