სიახლეები

თებეს სოციალური ექსპონატები

თებე სოციალური საწარმოა და ბორჯომში არსებული დღის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. თავად დღის ცენტრი ბორჯომში 2013 წელს საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში დაარსდა. „დაუგეგმავად, მაგრამ ბევრი ბრძოლის შედეგად“,- იხსენებს ნანა ლომაძე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ დამფუძნებელი.  

ვიდრე ამ საქმეს დაიწყებდა, ნანა ლომაძე სოციალური თერაპიის სახლის გენერალური მენეჯერი იყო. ბორჯომში დღის ცენტრის დაარსება ერთ ამერიკელ მოხალისესთან შეხვედრამ გადააწყვეტინა. „ამ ქალბატონს აქტიური მშობლის სტატუსით შემახვედრეს. მე თავად ვარ შშმ ბავშვის მშობელი და წლების განმავლობაში სოციალური სერვისების განვითარების სფეროში ვმუშაობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ რეგიონებში შშმ თემისთვის სახარბიელო გარემო არ იყო, მაგრამ პროექტის დაწყებას ვერასდროს გავბედავდი, რომ არა ის ქალბატონი. მან აქტიურობისთვის მადლობა გადამიხადა და მიმანიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ჩემს ენერგიას რეგიონებისკენ მივმართავდი. ეს გამოწვევა მივიღე და ჩამოვედი ბორჯომში, ცარიელი ხელებით, მაგრამ ენთუზიაზმით,“- იხსენებს ნანა.  

„დავიწყეთ მშობლების მობილიზება, პრობლემების შესწავლა, პარალელურად დღის ცენტრისთვის შენობის მოძიება და სოციალური პროგრამების განვითარება. მახსოვს 15 მშობელი შევკრიბე, ჩამოვწერეთ პრობლემების და საჭიროებების სია. 30 საკითხი იყო, მერე ნელ-ნელა გამორიცხვის პრინციპით უმთავრეს საჭიროებებზე შევთანხმდით და მივხვდით, რომ დღის ცენტრის დაფუძნება უპირველეს მიზნად უნდა დაგვესახა,“- ამბობს ნანა.

„რასაც ახლა ხედავთ, მშობლების აქტიურობის შედეგია. 6 წლის წინ, ბორჯომში რომ ჩამოვედი, შშმ ბავშვების მშობლებს საკუთარი შვილები სახლიდან არ გამოჰყავდათ, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა. ზოგადად, როდესაც შშმ თემთან იწყებ მუშაობას, პირველი, რაც უნდა გადალახო მშობელია. ჩვენ ეს გადავლახეთ და მშობლების უმრავლესობას აღარ უჭირს, მოგვმართოს, გვანდოს თავისი შვილი და შედეგებსაც ვხედავთ,“- ამბობს ლომაძე.

დღეს ბორჯომის დღის ცენტრში 33 ბენეფიციარი ირიცხება და 4 პროგრამა მუშაობს: ადრეული განვითარების პროგრამა, დღის ცენტრის პროგრამა, აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა და ზრდასრულთა პროგრამა. „ბორჯომის დღის ცენტრით ჩვენ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ რეგიონში არ შეიძლება იყოს ხარისხიანი სერვისი,“- ამბობს ნანა - „ველოსიპედი არ გამომიგონია, პროგრამები, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებდა თბილისში, გადმოვიტანეთ ბორჯომში და ვიზრუნეთ იმაზე, რომ ეს სერვისები ყოფილიყო მაქსიმალურად მაღალი ხარისხის.“

ის თვლის, რომ ბორჯომში დღის ცენტრის წარმატების მეორე მიზეზი თავიდანვე სწორი მოდელის შექმნა იყო. „ვიცოდით, რომ ვერ ჩამოვეკიდებოდით ვერც ჯანდაცვის სამინისტროს, ვერც დონორებს, ამიტომ ფინანსური მდგრადობისთვის თავიდანვე სოციალურის საწარმო დავაარსეთ, ეს ჩვენთვის, ერთი მხრივ, თერაპიის ნაწილი, მეორე მხრივ კი, შემოსავლის წყარო გახდა,“- ამბობს ლომაძე.

თებე ჯერ პატარა 3D პრინტერით დაიწყეს. ბენეფიციარებთან ერთად ქმნიდნენ აქსესუარებს, რომელსაც სხვადასხვა ღონისძიებებზე ყიდნენ და შემოსავლის წყაროდაც აქციეს.

დღეს უკვე ევროპის ფონდის დახმარებით ლაზერული ჭრის და გრავირების აპარატი შეიძინეს, რომელიც საშუალებას იძლევა, უფრო მეტი და მრავალფეროვანი კოლექცია შექმნან და გაყიდონ. ახალი აპარატით თებეს ბენეფიციარები უკვე სხვადასხვა მასალაზე იმუშვებენ: ხე, ფანერა, წიგნის ყდები, ორგმინა, ტყავი, ნაქსოვიც კი.  „აპარატს იმაზე უკეთესი შესაძლებლობები აღმოაჩნდა, ვიდრე ველოდით,“- ამბობს ნანა ბარამიძე, თებეს თანამშრომელი, რომელიც ბენეფიციარებს დანადგართან მუშაობას ასწავლის.“სამი პროგრამაა საჭირო იმისათვის, რომ აპარატთან იმუშაო, ჯერ-ჯერობით სწავლის პროცესში ვართ, ბენეფიციარები აქტიურად მუშაობენ დაზუმფარებაზე, შეღებვასა და დალაკვაზე.

თებეში ბენეფიციარების ნამუშევრებისგან პატარა გამოფენაა მოწყობილი. ნანა ყვება, რომ თითოეულ ნიმუშს კონკრეტული დანიშნულებისთვის ამზადებენ და ნაწილისთვის მყიდველიც მოაზრებული ჰყავთ.

„სოციალურ საწარმოშიც ჩემი ხედვა იგივეა, რაც დღის ცენტრში. აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორებთან, სახელმწიფოსთან და ბიზნესთან. სწორედ ამიტომ მუდმივად გვაქვს განვითარების საშუალება. მუდმივად ვფიქრობთ კოლექციის დახვეწასა და გამრავალფეროვნებაზე. კერძო კომპანიების დაკვეთის პარალელურად, მონაწილეობას ვიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და მათთვისაც ვამზადებთ გარკვეულ პროდუქციას,“- ამბობს ნანა ლომაძე.

თებეს უკვე წელიწადნახევარია მარიამ გელაშვილი შემოუერთდა. თავიდან მოხალისე იყო. არტ თერაპიის პედაგოგად მუშაობდა, ახლა უკვე დიზაინერის ფუნქცია შეითავსა და თებესთვის კოლექციის გამდიდრება დაიწყო. მარიამი ყვება, რომ შარშან საახალწლო ბაზრობაზე პროდუქციის გასაყიდად 5 საათი ჰქონდათ განსაზღვრული და ნახევარ საათში სტენდი უკვე ცარიელი იყო. „ყველანაირ მასალაზე მიმუშავია, ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ. თავიდან ლაზერულ აპარატთან მუშაობა რომ შემომთავაზეს, ცოტა დავფიქრდი, რატომღაც მამაკაცური საქმე მეგონა, მაგრამ მუშაობა რომ დავიწყე, ფანტაზია უფრო გამეხსნა - რას აღარ ვაკეთებთ ბენეფიციარებთან ერთად: ცხელი ქვაბის დასადებიდან დაწყებული, კედლის დეკორით დამთავრებული. სულ ვხუმრობ ხოლმე, კონკურენტი რომ გვყავდეს, ჩვენთან კონკურენციით დაიღლება-მეთქი, რადგან არ ვჩერდებით და სულ ახალ-ახალ იდეებს ვახორციელებთ,“- ამბობს მარიამ გელაშვილი.

თებეს ამ წელს დიდი გეგმები აქვს. ლაზერული აპარატის წყალობით მეტი კორპორაციული და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას შეძლებენ და  ბენეფიციარებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი უნარები განავითარონ. თებეში თვლიან, რომ მათი საქმის მთავარი სარგებელი მაინც იმ სერვისებში ინვესტირებაა, რომელსაც დღის ცენტრში ახორციელებენ და რომელიც შშმ პირების ჯანმრთელობას და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

 

ავტორი: ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო:  ირაკლი შალამბერიძე

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში