სიახლეები

კოხლეარული იმპლანტი – ყრუდ ცხოვრების ალტერნატივა

 

რეზი ჩეკურიშვილს მშობლებმა 6 თვის ასაკში შეატყვეს, რომ ხმებზე საერთოდ არ რეაგირებდა. ექიმებმა მას მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა დაუდგინეს. ამ დიაგნოზს სასმენი აპარატი არ შველის. ერთადერთი გამოსავალი კოხლეარული იმპლანტაციაა.

„წესით, სამშობიაროშივე უნდა გვცოდნოდა ამ დიაგნოზის შესახებ. ისე გავიდა 6 თვე, რომ სმენის პრობლების შესახებ არაფერი ვიცოდით, “- ამბობს ირმა კილაძე, რეზის დედა.  

რეზი დღეს 7 წლისაა და კოხლეარულ იმპლანტს ატარებს. 2 წლის იყო, როდესაც ოპერაცია ჩაუტარდა. სმენა სრულად აქვს აღდგენილი. მართალია, ამეტყველებას წლები დასჭირდა, მაგრამ ახლა სრულფასოვანი ცხოვრება აქვს -  ისმენს, მეტყველებს, მღერის,  თამაშობს თანატოლებთან ერთად.

კოხლეარული იმპლანტაციის დროს სმენის აღდგენა ელექტროდების ჯაჭვით ხდება, რომელიც პაციენტის ყურის ლოკოკინაში შეჰყავთ. აპარატი ორნაწილიანია: შიდა ნაწილი, რომლის იმპლანტაცია ოპერაციისას ხდება და გარეთა, ე.წ. პროცესორი, რომელიც შიდა ნაწილს უკავშირდება.

ოპერაცია უპირატესად ბავშებში ტარდება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ კოხლეარულ იმპლანტაციას ზრდასრულობის ასაკში შედეგი ნაკლებად მოაქვს. გარდა ამისა, ოპერაცია თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სმენა და მეტყველება თავისთავად დაბრუნდება. იმისათვის, რომ იმპლანტაცია შედეგიანი იყოს და პაციენტმა შეძლოს სმენისა და მეტყველების სრული აღდგენა, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდია საჭირო.

„6 თვიდან 2 წლამდე რიგში ვიდექით, რომ დაფინანსება მოგვეპოვებინა და რეზის ეს ოპერაცია გაეკეთებინა. იმპლანტი დაახლოებით 40 ათასი ლარი ღირს და კარგია, რომ სახელმწიფო დაფინანსებას უზრუნველყოფს, მაგრამ ოპერაციით ყველაფერი არ მთავრდება. ეს მხოლოდ დასაწყისია.  არასაკმარისი რეაბილიტაციის შემთხვევაში იმპლანტაციაში გადახდილი თანხა წყალში იყრება. პაციენტი ვერ იბრუნებს სმენისა და მეტყველების ფუნქციას,“- გვიყვება ირმა, რომელიც შვილის დიგნოზმა  დაარწმუნა, რომ ამ სფეროში აქტიურობა და მოხალისეობა იყო საჭირო.   

„რეზის ოპერაციამ  წარმატებით რომ ჩაიარა, მსგავსი პრობლემის მქონე მშობლები, რჩევის მისაღბად, ხშირად მეხმიანებოდნენ. მივხვდი, რომ მშობლებს დროული რეკომენდაციები და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებოდათ, რადგან ეს ის დიაგნოზია, რომელიც ადრეულ ჩარევას საჭიროებს და დროის დაკარგვა არ შეიძლება,“ -ამბობს ირმა.

მშობელთა ორგანიზაცია „სმენადი“ ირმა კილაძემ 2016 წელს დააფუძნა და მიზნად კოხლეარული იმპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისა და მათი მშობლების დახმარება გადაწყვიტა.  

დღეს „სმენადი“ კოხლეარული იმპლანტის მქონე პაციენტების საზოგადოებაში ინტეგრაციას ევროპის ფონდის ფინანსური რესურსით ეხმარება. ორგანიზაციაში 10 მშობელია გაერთიანებული. ერთობლივი ძალებით კოხლეარული იმპლანტაციის პოლიტიკის გაუმჯობესებას ცდილობენ.  

პოლიტიკა რომ გასაუმჯობესებელია „სმენადის“ მიერ ორგანიზებულ პირველივე სამუშაო შეხვედრაზე ცხადი გახდა. შეხვედრას სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საუბარი კოხლეარული იმპლანტაციის მქონე პაციენტების საჭიროებებს და ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობას შეეხო. „სმენადმა“ 350 პაციენტის კვლევის შედეგები წარადგინა და სახელმწიფო ორგანიზაციებს ამ შედეგების გათვალისწინება სთხოვა.  

350 პაციენტის გამოკითხვის შედეგად არაერთი პრობლემა გამოიკვეთა -  რეაბილიტაციის პროცესის არასაკმარისი დაფინანსება; აპარატის გაგუჭების შემთხვევაში მისი ჩანაცვლების შეუძლებლობა; სპეციალისტების ნაკლებობა, რომლებიც პაციენტების რეაბილიტაციის პროცესს კვალიფიციურად გაუძღვებიან; ცნობადობის პრობლემა საზოგადოებასა და სასწავლო დაწესებულებებში, რაც ხელს უშლის ბავშვების სრულფასოვან ინტეგრაციას; დაფინანსების ინდივიდუალური მიდგომების არარსებობა;  ბიუროკრატიული სირთულეები და ა.შ.    

კოხლეარული იმპლანტაციისა და პაციენტთა რეაბილიტაციისათვის 2018 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 1 300 000-მდე ლარი, რაც გულისხმობს იმპლანტის, ოპერაციის, მორგება-რეგულირებისა და რეაბილტაციის თანხებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ზაზa ჯანაშვილის თქმით, ეს თანხა წელიწადში დაახლოებით 25 პაციენტს ჰყოფნის, თუმცა რეაბილიტაციის თანხები შეზღუდულია და თითო პაციენტზე 2000 ლარია გათვალისწინებული.

„წარმოუდგენელი პრობლემაა თუ შემთხვევით აპარატის გარე მოწყობილობა დაზიანდა და ჩანაცვლებას საჭიროებს, იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში არ მოხერხდა მისი შეკეთება ან ჩანაცვლება, პაციენტი ისევ უბრუდება ჟესტების ენას და ყრუთა სამყაროში ბრუნდება, ამისათვის უნდა არსებობდეს რაღაც გამოსავალი,“- ამბობს ირმა.

სმენის გათიშვა პაციებტებისთვის განსაკუთრებული სტრესია. მაგალითად, რეზის კლასელები ყვებიან, რომ მას გარეთა პროცესორი ელექტროენერგიისგან ეცლება, რეზის ჩვეულებრივი პანიკა ეწყება.

„ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოება, რომელშიც ეს ბავშები იზრდებიან, ინფორმირებული იყოს დაავადების შესახებ. ამისათვის, სკოლებში დავდივართ და საინფორმაციო აქტივობებს ვატარებთ,“- ამბობს ირმა.

ევროპის ფონდის დაფინანსების ფარგლებში „სმენადი“ თანამშრომლობს კიევის ოტორინოლარინგოლოგიის ინსტიტუტთან და დაინტერესებული ჯგუფებისთვის, მათ შორის კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების მშობლებისთვის, აუდიოლოგებისთვის, მასწავლებლებლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ექსპერტებისთვის ტრენინგებს ატარებს. გარდა ამისა, კიევიდან მოწვეული სპეციალისტი თვეში ორი კვირის განმავლობაში მუშაობს ყველაზე მძიმე 15 პაციენტთან, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან ორგანიზაცია „სმენადის“ პროგრამით.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, თუ რას ნიშნავს კოხლეარული იმპლანტაცია - ამისათვის ყველა მეთოდს მივმართავთ, საინფორმაციო კამპანიებს, პირისპირ შეხვედრებსა და მედიასთან კომუნიკაციას. გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ სახელმწიფოს იმისათვის, რომ სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს პოლიტიკა კოხლეარული იმპლანტის მქონე პაციენტების შემთხვევაში, რადგან ფაქტია, რომ რეგულაციები და სისტემები ისეა შექმნილი, რომ რეალურად არ არის გათვალისწინებული იმპლანტის მქონე პაციენტთა საჭიროებები. წარმოუდგენელია, სახელმწიფო აფინანსებდეს 40 000 ლარის ღირებულების იმპლანტს, დებდეს თანხას რეაბილიტაციაში და შემდეგ  არ იძლეოდეს მისი ჩანაცვლების ან შეკეთების შესაძლებლობას, რადგან ვიცით, რომ პაციენტები მთლიანად მიჯაჭვულნი არიან ამ აპარატებზე,  “ - ამბობს ირმა კილაძე.  

სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით,  კოხლეარული იმპლანტაციის მომლოდინეთა დაფინანსება  შემდეგი პრინციპით ხდება - ვინაიდან ოპერაციისათვის კრიტიკული ასაკი 5-6 წელია და ამ ასაკობრივი ზღვარის შემდეგ ოპერაციის უშედეგობის რისკი მაღალია, პრიორიტეტი სწორედ ამ ასაკის ბავშვებს ენიჭებათ, შემდეგი რიგის პრიორიტეტს 2-3 წლის ბავშვები წარმოადგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაფინანსდეს მოზრდილი.

„ეს სქემა ლოგიკურადაა შედგენილი, მაგრამ მაგალითად, თუ ვთქვათ მოხდა შემთხვევა- მოზრდილმა დაკარგა სმენა და ესაჭიროება ოპერაცია, ამ დროს მან შეიძლება ხანგრძლივად ვერ მიიღოს დაფინანსება, რადგან სისტემა პრიორიტეტს პატარებს ანიჭებს. ამ სიტუაციის გამო შესაძლებელია არსებობდეს 1 ასეთი პაციენტის დაფინანსების შესაძლებლობა წლის განმავლობაში, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ხარვეზები კანონმდებლობაში,“- გვითხრა ზაზა ჯანაშვილმა.

90-იანი წლებიდან დღემდე, საქართელოში 521 პაციენტს ჩაუტარდა კოხლეარული იმპლანტაცია. ბევრია ისეთ პაციენტი, რომელთაც გარდა სმენის პრობლემებისა, სხვა დარღვევებიც აქვთ, მათ შორის ქცევითი პრობლემები, ცერებრალური დამბლა, აუტისტური აშლილობა და ა.შ. ასეთ შემთხვევებში პოსტოპერაციული რეაბილიტაცია კიდევ უფრო რთულდება. სწორედ ასეთ პაციენტებთან მუშაობს, სპეციალისტებთან ერთად, ირმა კილაძე და იმედი აქვს, რომ შედეგს მიაღწევს.

 

„ჩემი შვილის შედეგმა და მისმა სრულფასოვანმა რეაბილიტაციამ დამარწმუნა, რომ თუ სისტემურად მივუდგებით და ადვოკატირებას ეფექტურად განვახორციელებთ, ბევრად ნაკლები პრობლემები შეგვხვდება როგორც მკურნალობის, ისე საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით,“- ამბობს ირმა კილაძე.

ავტორი: ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო:  ირაკლი შალამბერიძე

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში