სიახლეები

მესამე საჯარო ფორუმი: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართება მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი. საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა.

ღონისძიების მსვლელობის დროს საერთაშორისო კონსულტანტი, ოლენა კრილოვა-მიულერი წარმოადგენს კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის მექანიზმები”. აღნიშნულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჯარო ფინანსების მართვის სექტორის რეფორმირების და გამჭვირვალობის ევროპული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე სერიოზულ გამოწვევად რჩება საჯარო ფინანსებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

კვლევის ავტორი ისაუბრებს იმ გამოწვევებსა და ნაკლოვანებებზე, მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობებზე, რომელიც გამოვლინდა შეფასების პროცესში. „ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა ითხოვს უწყებათაშორის კოორდინირებული ქმედებას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს პოლიტიკის და რეგულირების შესწორება“, „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის სტანდარტების დაწესება, წარმატებული სამინისტროების/უწყებების და პროგრამების წარმოჩენა, სექტორული და პროგრამული მონიტორინგის კომიტეტების და ჯგუფების, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის ფორმის შექმნა“… ეს არის რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც თანხვედრაშია ევროპის ფონდის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პლატფორმის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის“ ძირითად ხედვებთან.

ფორუმის მეორე ნაწილში ისაუბრებს იმ ოთხი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთაც მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა ევროპის ფონდისაგან საქართველოში საჯარო სახსრების მართვის მონიტორინგის განსახორციელებლად. საგრანტო პროექტების შედეგების განხილვა შეავსებს შეფასების ანგარიშის პრეზენტაციას, რადგან ორგანიზაციები აქცენტს გააკეთებენ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე და წარმოადგენენ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის მექანიზმები. ფორუმის დასასრულს გაიმართება დისკუსია, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, შემდგომი ნაბიჯების გამოსავლენად, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ზედამხედველობა საბიუჯეტო პროცესზე.

საჯარო ფორუმი გაიმართება სამშაბათს, 14 ივნისს, 14:00-18:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში (26 მაისის მოედანი #1), საკონფერენციო დარბაზში „აჭარა“. ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართება სადილი.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის _ „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში“_ ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

საკონტაქტო პირი: ვიქტორ ბარამია, პროგრამის უფროსი მენეჯერი, ტელ: 225 39 42/43 (ext. 119), მობ: 577 222 419, ელ.ფოსტა: vbaramia@epfound.ge.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში