სიახლეები

მზეთამზე წყაროების ძიებაში

 

ბორჯომის ხეობაში, წაღვერიდან 6 კილომეტრის სავალზე, სოფელი მზეთამზეა. მზეთამზეში ახლა დაახლოებით 250 მუდმივი მაცხოვრებელია. სოფლის დასაწყისიდან კენწერომდე ბეტონის ახლად დაგებული გზა მიდის. საქართველოს სოფლებში ასეთი გზა იშვიათია. 58 წლის დალი ქასაშვილი ყვება, ადრე ამ ტერიტორიაზე მუხლამდე ტალახის გამო მეზობელთან გადასვლაც კი ჭირდა, არათუ ბავშვების გაგზავნა წაღვერში - სკოლასა და საბავშვო ბაღში.  

მზეთამზეში მხოლოდ კერძო სახლებია. ზოგიერთი ზაფხულობით საოჯახო სასტუმროდაც ფუნქციონირებს. არის ერთი საჯარო შენობა, რომელიც სოფლის კლუბად უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ საწესჩვეულებო დარბაზად გადაიქცა. წარსულის კვალი რამდენიმე შენობას ეტყობა - ყოფილი სასურსათო მაღაზია, რომელიც „კომუნისტების“ შემდეგ აღარ ფუნქციონირებს; ყოფილი სკოლა და ბათუმის საზღვაო პორტის კუთვნილი აგარაკი, რომელიც ასევე მიტოვებულია. იქვე ახლოს მოზრდილი  ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობა სპორტული მოედნის და პარკის მოწყობას ითხოვს.

„გზა რომ გვეღირსა, რაღა გვიჭირს,“- ამბობს 54 წლის ნაზი პაქსაშვილი, -„მოსახლეობაც აქტიურობდა და მოგვაქციეს ყურადღება. უწყლობა კი ისევ გვაწუხებს. აი, დღესაც ავიდნენ ბიჭები, სათავე გაწმინდეს. წყალი საერთოდ აღარ მოდიოდა. სოფელს წყლის  არსებული დებეტი აღარ ჰყოფნის. სახლებს სასტუმროებად ამუშავებენ. ახალი სისტემებია საჭირო, რომ წყალი საკმარისი იყოს, ამაზე მეზობლებს შორისაც დაპირისპირებაა. ან კი დამსვენებელი როგორ უნდა ჩამოვიდეს მზეთამზეში, თუ წყალი არ იქნება,“ ამბობს ნაზი.

წყლის გარდა სოფელს ისიც აწუხებს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი წაღვერიდან მზეთამზეში არ დადის. სკოლის მოსწავლეებს სამარშუტო ტაქსი უფასოდ ემსახურება, მაგრამ მოსახლეობისთვის მზეთამზიდან წაღვერის ცენტრამდე მგზავრობის ფასი 1.5 ლარია. „დილით რომ გაყვები ამ სამარშუტო ტაქსს, საღამომდე შინ ვერ დაბრუნდები, მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს, თანაც 1.5 ლარი ჩვენთვის ძალიან ძვირია. გვინდა, ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი მაინც მოგვემსახუროს, ფასიც შეღავათიანი იყოს და რეისიც მეტი შეასრულოს. სამსახურიდან სახლამდე დღეში 3 ლარი მჭირდება, ჩემი ხელფასი კი 150 ლარია,“- ამბობს დალი ქასაშვილი.

დალი წაღვერის კულტურის სახლის დირექტორია. ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის“ პროექტში მოხალისედ ჩაერთო. პროექტს „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი“ ევროპის ფონდის დახმარებით ახორციელებს. პროექტის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, რომელიც სხვადასხვა თემიდან 15 წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული. საბჭოს მიზანი სოფლებში მოსახლეობის მობილიზება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაა. სწორედ ამ საბჭოს 15 წარმომადგენელს შორისაა დალი ქასაშვილი.

დალიმ თავისი სოფლის პრობლემების გამოსარკვევად მთელი მზეთამზე შემოიარა, ყველა ის პრობლემა აღნუსხა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, შემდეგ თანასოფლელებთან ერთად საკითხები პრიორიტეტების მიხედვით დაახარისხა და იმ შეხვედრისთვის მოემზადა, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის“ ორგანიზებით მზეთამზის მოსახლეობა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასეთი შეხვედრები „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის“  ორგანიზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში უკვე შედგა და ბორჯომის ტელევიზიით გადაიცა.  

 „ამ შეხვედრების საჯაროობა, ერთი მხრივ, განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტი პაუსხისმგებლობით ეკიდება მოსახლეობისათვის მიცემულ დაპირებებს და მეორე მხრივ, მოსახლეობაც მეტად აქტიურობს მოთხოვნის კუთხით,“ -ამბობს  „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ დირექტორი, მარინა კუპატაძე.

მზეთამზეში გამართულ შეხვედრაზე სოფელმა ბორჯომის მერის მოადგილეს, ბუბა ბერიძეს და საკრებულოს თვმჯდომარის მაოდგილეს ოთარ არბოლიშვილი, თემში არსებული ყველა პრობლემა შეახსენა -  წყალი, ტრანსპორტი, სკოლისა და ბაღის არარსებობა, სპორტული მოედნის არარსებობა, ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები, ტყის ხმობა და ა.შ.

წყლის თაობაზე, ისევე როგორც სკოლაზე, ბაღზე, ტყის ხმობაზე და სოფლის კლუბის უფუნქციობაზე,  ადგილობრივ თვითმმართველობას საიმედო პასუხი არ ჰქონდა.

საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით, მზეთამზის წყლით მომარაგება რთული საკითხია, რადგან სოფლის ირგვლივ საკმარისი რაოდენობით წყაროები არ არის. მიუხედავად ამისა, პირობა დაიდო, რომ 2019 წელს თვითმმართველობა პროექტზე მუშაობას დაიწყებს და მინიმუმ დაითვლის, რა დაჯდება მზეთამზის წყალმომარაგება, მისი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით.

„ფაქტია, რომ მოსახლეობის ჩართულობით წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა. იყო გეგმა, რომ მუნიციპალიტეტი მილებს შეიძენდა და მათ მონტაჟს მოსახლეობა თავისი ძალებით შეძლებდა, მაგრამ ის მილები 4 წლის შემდეგაც უფუნქციოდ ყრია. ამიტომ ამჯერად პასუხისმგებლობა მთლიანად მუნიციპალიტეტმა უნდა აიღოს. ჯერ კარგად შეისწავლოს წყლით უზრუნველყოფის ვარიანტები და შემდეგ მოამზადოს პროექტი, რომელიც გაუძლებს სოფელის მომარაგებას ტურისტულ სეზონზეც. მითუმეტეს, რომ მზეთამზეს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და არ გვინდა, რომ საქმე სანახევროდ გაკეთდეს,“- ამბობს ამირან გოგოლაძე.

მომავალ წელს დალი ქასაშვილის ყველაზე დიდი ოცნება ახდება და წაღვერის კულტურის სახლი გარემონტდება.

ეს დაწესებულება ერთადერთია, სადაც წაღვერისა და მიმდებარე სოფლების ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მეცადინეობას მინიმალურ ფასად სთავაზობენ. კულტურის სახლში ამჯერად მოქმედებს ქორეოგრაფიული წრე, სიმღერის წრე, თექისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების შესასწავლი წრე. დალი ქასაშვილის თქმით, წაღვერის კულტურის სახლში ამჟამად 140 მოსწავლე იყრის თავს სხვადასხვა აქტივობებზე. „ორი დღეა, რაც ბორჯომის კულტურის სახლმა გამათბობლები დაგვიმონტაჟა. შენობა ისეთ მდგომარეობაში იყო, არ შემოისვლებოდა. ფანჯრის მინები ჩემი ხელით მაქვს მოტანილი შენობაში, ცეკვის ერთ დარბაზს ძლივს ვათბობთ, შესასვლელი და სველი წერტილები სავალალო მდგომარეობაშია,“- ამბობს დალი.

ბორჯომის მუნიპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში 18 300 000 ლარია. წლევანდელი სტრატეგიული პრიორიტეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ქალაქების განვითარებაა. ბიუჯეტში თანხა რამდენიმე მსხვილი პროექტისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობაა, მეორე - ბორჯომის მუსიკალური სკოლის შენობისა და წაღვერის კულტურის სახლის რემონტი. ბიუჯეტიდან 2018 წელს ნახევარი მილიონი მარტო მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებისთვის დაიხარჯა და ამდენივეს ან უფრო მეტს ვარაუდობენ 2019 წლის ბიუჯეტშიც სოციალურ დახმარებაზე. 6 მილიონი 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა განსაზღვრული.

დალი ქასაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი აქტიურობა რომ არა, კულტურის სახლის რემონტს არც მომავალ წელს დაადგებოდა საშველი. „მოწმეა მთელი წაღვერი, როგორ დავრბივარ მერიიდან საკრებულომდე. რა აღარ ვცადე, გრანტის მოპოვება, ინვესტორის მოძიება და როგორც იქნა მივიღე დაპირება მუნიციპალიტეტისგან, რომ შენობას მიხედავენ და ჩვენი ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას შევძლებთ.“

ბორჯომის მერის თქმით, 2018 წლის განმავლობაში მერიაში მოსახლეობის მხრიდან 14 000 კორესპონდენცია შევიდა. ამგვარი აქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციააა.

 „ამ წერილებიდან ალბათ ბევრი ისევ სოციალურ დახმარებას ეხება, მაგრამ თუკი მოსახლეობამ თავის თემში მობილიზება მოახერხა და თვითმმართველობასთან კონტაქტი არ შეწყვიტა, ჩვენ ჩვენს საქმეს შესრულებულად ჩავთვლით. ჩვენმა პროექტმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის უმრავლესი სოფლები უკვე მოიცვა და ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მინიმუმ საჯარო განხილვის ფორმატში გადაიტანა. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად  პრობლემების მოგვარებაც მოხერხდება,“ - ამბობს მარინა კუპატაძე.  

 

 

 

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო:  ნათელა გრიგალაშვილი

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში