სიახლეები

მოწვევა განაცხადების მისაღებად რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, 2015 წლის 4 თებერვლიდან 4 მაისის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის სტრატეგიული გრანტების მისაღებად. ორგანიზაციებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება სტრატეგიული გრანტის მისაღებად. 4 მაისამდე წარმოდგენილი განაცხადის ავტორებს, თუ მათი პროექტი დაფინანსდა და წარმატებით დასრულდა, ექნებათ ფონდიდან დაფინანსების გაგრძელების საშუალება.

სტრატეგიული გრანტები ღია კარის პროგრამის ახალი მიმართულებაა. სტრატეგიული გრანტი ითვალისწინებს რეგიონალური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას ვადით 18-დან 24 თვემდე. აღნიშნული გრანტის მიღების მსურველ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ღია კარის ფარლგებში წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის გარდა, მოითხოვონ დამატებითი დაფინანსება ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისათვის. იხილეთ ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია

ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისათვის თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მდგრადობას.

სტრატეგიული გრანტების მისაღებად ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ ყველა კრიტერიუმს:

• ახორციელებდეს საქმიანობას საკუთარ რეგიონში (თბილისის გარდა)
• ჰქონდეს გრძელვადიანი (არანაკლებ 5 წელი), უწყვეტი საქმიანობის გამოცდილება;
• გააჩნდეს დაფინანსების სხვადასხვა წყარო;
• წარმოადგენდეს აღიარებულ რესურსს საკუთარ რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფებისათვის;
• ფლობდეს ფინანსური უზრუნველყოფის მრავალფეროვან საშუალებებს (საწევრო შენატანები, საკუთრებაში არსებული ოფისი, დამხმარე ეკონომიკური საქმიანობიდან და/ან სოციალურ საწარმოდან მიღებული შემოსავლები, და ა.შ.);
• გამოხატავდეს მზაობას ითანამშრომლოს სხვა წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ადგილობრივი მნიშვნელობის საჭიროებების გამოვლენისა და მათ ცენტრალურ დონეზე ადვოკატირებისათვის;
• ჰქონდეს მაღალი მოტივაცია საკუთარი ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისთვის.
• ჰქონდეს ინსტიტუციური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, საპროექტო განაცხადების მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ პროექტს ქალებსა და მამაკაცებზე.იხილეთ გენდერული ასპექტების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სახელმძღვანელო კითხვარი.

 
 
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში