სიახლეები

მუზეუმი შეუზღუდავი შესაძლებლობებით

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ მუზეუმში, შეუძლებელია არ იცოდეთ, რას ნიშნავს ექსპონატთან შეხების ცდუნება. სულ უფრო ახლოს მიდიხართ წითელ ხაზთან, მალე მასაც აბიჯებით, რაღაც მომენტში გრძნობთ, როგორ გიახლოვდებათ ზურგსუკან ექსპოზიციის მეთვალყურე, ან უარეს შემთხვევაში, გესმით გამაფრთხილებელი სიგნალი და ეს მოულოდნელად ასრულებს მაგიურ ურთიერთობას თქვენსა და ექსპონატს შორის. თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც ხელოვნების ნიმუშთან შეხება დანაშაული არ არის. პირიქით, აუცილებელია. შეხება, მაგალითად, მუზეუმის ინკლუზიური პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.   

„ჩემს წარმოდგენაში ქაჯეთის ციხე ლამაზი არ იყო, ის წესით მახინჯი და პირქუში  უნდა ყოფილიყო. როდესაც შევეხე, დავრწმუნდი, რომ სწორი წარმოდგენა მქონია“ - გვიამბობს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, მერი პაპუნაიშვილი.

 2016 წელს მერიმ ეროვნული მუზეუმის ღონისძიებაში „მე ვხედავ თითებით“ მიიღო მონწილეობა. „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო წელთან დაკავშირებით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და პროფესორებმა საკუთარ ნამუშევრებთან შეხების საშუალება ყველას მისცეს, განურჩევლად შესაძლებლობისა თუ სპეციალური საჭიროებისა. სწორედ ამ გამოფენაზე გვიყვება მერი, რომელმაც რუსთაველის სამყარო შეხებით გაიცნო.

„იმპულსი, რომ ჩემი შემოქმედება სხვა ეტაპზე უნდა გადამეყვანა, პირველად უსინათლოთა სკოლაში მისვლის შემდეგ მივიღე. ბავშვებს ვეუბნებოდი, -„თქვენ ყველა უნიკალურები ხართ, მზე უთქვენოდ ვერ იქნება, რადგან თქვენ ხართ მისი წილი“... შემდეგ გადავწყვიტე მათთვის ხელოვნების გასაზიარებლად სპეციალური სერია შემექმნა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც მეც ბევრი რამ მასწავლა,“ - გვიყვება ქეთი მატაბელი, პირველი ქართველი მხატვარი, რომელმაც ინკლუზიურ საჭიროებებზე დაყრდნობით ნამუშევრების სრულიად ახალი სერია შექმნა.

„კერძო ინიციატივების გარდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება სახელოვნებო სივრცეების ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებით. 2016 წელს, ევროპის ფონდმა სწორედ ამ მიზნით დააფინანსა საპილოტე პროექტი „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“. პროექტის წარმატებამ ფონდს დაანახა მისი შედეგების განვრცობის საჭიროება; შესაბამისად,

 

2017 წელს გავეცით უფრო მსხვილი გრანტი, რომელიც საშუალებას მისცემს პროექტის ორგანიზატორებს, ინკლუზიური პროგრამა საქართველოს 21 მუზეუმში დანერგონ. ეს კი უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებებს დაუდებს საფუძველს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით,“- გვიყვება ნანა გამყრელიძე, ევროპის ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი.

 

ვიდრე 21 მუზეუმისათვის შესაბამისი პროგრამები მომზადდება, ინკლუზიური სამუზეუმო ტური დღეს მხოლოდ ეროვნულ გალერეაში მოქმედებს და ორ ეტაპს მოიცავს: მუდმივმოქმედი გამოფენების დათვალიერება გიდთან ერთად და შემოქმედებითი აქტივობა. პროექტის დირექტორი ინა სოხაძე აღნიშნავს, რომ პროგრამით უკვე 350-მა  შშმ პირმა ისარგებლა, რომელთა შორის იყვნენ ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრისა და სხვა გონებრივი შეზღუდვის მქონე ადამიანები: „შემიძლია ვთქვა, რომ იმ 350 ბენეფიციარიდან ერთიც არ წასულა ისე, რომ რაიმე არ შეექმნა და თავისი ემოცია ამ ფორმით არ გამოეხატა“.

ინკლუზიური საგანამანათლებლო პროგრამა ეროვნული გალერეის მუმდივმოქმედ კალენდარშია. წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია. ინა სოხაძე ამბობს, რომ საგანამანათლებლო პროგრამის ინტერაქციულ ბუნებას და შემოქმედებით ხასიათს ძალიან მნიშნელოვანი როლი აქვს შშმ პირების ე.წ. „სენსორული შიმშილის“ დაკმაყოფილების საქმეში.

მიუხედავად ამისა, იდეის ავტორებისთვის მარტივი არ აღმოჩნდა ფინანსური თუ ადამიანური მხარდაჭერის მოპოვება ამ პროექტის განსახორციელებლად: „ეს პროექტი უამრავ ორგანიზაციაში შევიტანეთ. უკუკავშირი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, საკმაოდ სკეპტიკური იყო - გვეუბნებოდნენ, რა დროს მუზეუმია, როდესაც შშმ პირებს უამრავი სოციალური პრობლემა აწუხებთო.

შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები უფრო ყოფით პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მაგალითად პენსიის გაზრდა და ა.შ.  ევროპის ფონდი იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ამ პროექტის განხორციელების საჭიროება დაინახა.“

ევროპის ფონდისთვის ასეთი პროექტის დაფინანსება პირდაპირ ეხმიანებოდა ორგანიზაციის მთავარი მიზანს. „ჩვენი ხედვა ასეთია - როცა სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, მაგალითად ადგენს სამოქმედო გეგმას ან ცვლილება შეაქვს კანონმდებლობაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ წარმომადგენლობითი არასამთავრობო, განსაკუთრებით კი სათემო ორგანიზაციები იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ეხმიანებოდეს ადამიანებისა და თემების განსხვავებულ საჭიროებებს. ასეთი ტიპის პროექტების სახით იქმნება ერთგვარი მოდელები, რომლებიც შემდეგ სამოქალაქო ან საჯარო სექტორმა უნდა განავითაროს და განავრცოს,“ - ამბობს ნანა გამყრელიძე.

მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის პროგრამებითა თუ საგრანტო მხარდჭერის მექანიზმით დაახლოებით 10 000-მა შშმ პირმა ისარგებლა მაშინ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 118 651 პენსიის მიმღები ბენეფიციარი აღირიცხება.

ევროპის ფონდის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს შორის ხშირად სათემო ორგანიზაციები არიან, ანუ ისინი ვისაც უშუალოდ შეხება აქვთ პრობლემასთან და ვინც ყველაზე კარგად იცის, როგორ მოაგვაროს ის:

 

„დემოკრატიული და ძლიერი საზოგადოება შეიძლება განვითარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები თავად იღებენ პასუხისმგებლობას იმ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც მათ ეხებათ,“ - ამბობს ნანა გამყრელიძე.   

ამ მობილიზაციამ ინკლუზიური სამუზეუმო განათლების შემთხვევაში პროგრესი უკვე გამოიწვია - მიმდინარეობს მუზეუმის თანამრომელთა ინტენსიური გადამზადება, რომ საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი მუზეუმი ჩაერთოს პროგრამაში. თბილისის მუზეუმების შემდეგ, ინკლუზიური გადამზადების პროგრამა რეგიონებში გადაინაცვლებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შშმ პირთა რაოდენობა მსოფლიო მოსახლოების 15%-ია. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ფინანსური დახმარების მიმღებთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით მთლიანი მოსახლეობის 3%-ია. არსებობს ვარაუდი, რომ ეს რიცხვი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალიც იყოს, თუ გავითვალისწინებთ სტიგმას და სხვა მიზეზებს, რაც ხელს უშლის შშმ პირებს, დარეგისტრირდნენ ოფიციალურად.

 

აშშ-ში, მაგალითისათვის, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა მუზეუმებში ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო. საქართველოში მუზეუმებმა სოციალური პასუხისმგებლობა დაახლოებით 2005-2006 წლიდან  დაიწყეს. პროექტი "ინკლუზიური განათლება მუზეუმებში" კი პირველი ქმედითი ნაბიჯია იმისათვის, რომ მუზეუმებმა ყველას გაუხსნან კარი, შესაძლებლობების მიუხედავად.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დარეჯან ძოწენიძე ამბობს, რომ ეროვნულმა მუზეუმმა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომ გარემოზე ზრუნვა სულ რამდენიმე წლის წინ იმით დაიწყო, რომ მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა ახალი შენობის რემონტს თან ახლდა ინკლუზიურ მოთხოვნილებებზე ადაპტირების პროცესი : „შენობების ადაპტირება საქართველოსთვის უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შშმ ჯგუფებთან ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს და მათთვის მოქმედებს მუზეუმის დათვალიერების უფასო სერვისი, აქამდე არ გვქონია საგანმანათლებლო პროგრამები. ახლა უკვე წინ მივიწევთ განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებზე ზრუნვის თვალსაზრისით.“

ინა სოხაძე ამბობს, რომ 2016-ში, როდესაც ინკლუზიური სამუზეუმო პროგრამა ეროვნულ გალერეაში დაიწყო, მუზეუმის თანამშრომლებსაც კი არ სჯეროდათ მისი საჭიროების.

 

 „მუზეუმის თანამშრომლები, დაახლოებით 25 ადამიანი, დიდი ძალისხმევის შედეგად დავასწარით ტრენინგებს. ვირწმუნებოდით, რომ მათ ეს სჭირდებოდათ. ახლა უკვე  ყველა თანხმდება, რომ ამ პროგრამების დანერგვის აუცილებლობა არსებობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ცნობიერებაში მომხდარი ეს გარდატეხა ცხადად დავინახეთ“.  

 

ინა სოხაძეს 21 მუზეუმში პროგრამის დანერგვის რუტინა ჯერ კიდევ წინ აქვს, მაგრამ გაზაფხულისთვის ყველაფრის ბოლომდე მიყვანას აპირებს. ეს გაზაფხული შშმ პირების ცხოვრებაშიც უნდა იყოს გარდატეხის დასაწყისი.   

 

ავტორი: სალომე აფხაზიშვილი

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში