სიახლეები

პროექტის – “ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში” პრეზენტაცია

20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ პრეზენტაცია. პროექტი, რომელსაც  ორგანიზაცია – „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის,“ ახორციელებს, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების პროგრამების მეშვეობით, საქართველოს სოციალური და კულტურულ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ინტეგრაციის ხელშეწყობას. 

ღონისძიება გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა მიხეილ წერეთელმა, რომელმაც განსხვავებული საჭიროებების მქონე პირთათვის მუზეუმების ინფრასტრუქტურისა და პროგრამების ადაპტირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა სიხარული, რომ  პროექტი ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ არამხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმსაც მოიცავს. მან აგრეთვე აღნიშნა ევროპის ფონდის მიერ შეტანილი წვლილი ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში.

„ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის,“ მიერ წარმატებით განხორციელებულმა საპილოტე პროექტმა, რომლის შედეგადაც, ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამა დ. შევარდნაძის ეროვნულ გალერეის მუდმივმოქმედ პრორგამებში შევიდა, ევროპის ფონდს დაანახა საჭიროება, რომ მსგავსი პროექტი უფრო ფართო მასშტაბით განხორციელებულიყო,“ აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ნანა გამყრელიძემ.

პროექტის განმახორციელებლებმა პროექტის მიზნებსა და გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრეს.  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან პარტნიორობით, „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ იმუშავებს ეროვნული გალერეის შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებთან, გააძლიერებს მათი თანამშრომლების უნარ-ჩვევებს და დაეხმარება საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში, რაც უზრუნველყოფს მუზეუმების წლიურ გეგმაში ინკლუზიური განათლების პროგრამების დანერგვას.  პროექტი მოიცავს თბილისისა და საქართველოს რეგიონების 21 მუზეუმს, მათ შორის, ბორჯომის, ზუგდიდის, ქობულეთის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის  მუზეუმებს.   „მუზეუმის როლი არაა მხოლოდ მეცნიერებაში წვლილის შეტანა ან მხოლოდ განათლება; მას ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენი პროექტიც იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით  და სტიგმატიაზიის პრობლემის დასაძლევად“, აღნიშნა ანა ჟვანიამ, პროექტის ხელმძღვანელმა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგელმა, ქ-ნმა ირინა საგანელიძემ წარმატება უსურვა პროექტის განმახორცელებელ გუნდს, ხაზი გაუსვა  ურთიერთთანამშრომლობის მზაობას  და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი უფრო მეტ სპეციალური საჭიროების მქონე პირს მისცემს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში და წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი უნარები. 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში