სიახლეები

პროექტის – მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის, პრეზენტაცია

 

9 ოქტომბერს სოფ. პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა  პროექტის „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდობა ესწრებოდა.

პროექტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განათლება ყველა ბავშვს“ ახორციელებს, ევროპის ფონდის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ არსებული უარყოფითი სტერეოტიპების ნგრევას საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით, რომელთაც თანამედროვე ქართველი მწერლები, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე უძღვებიან.

პრეზენტაცია გახსნა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ. მან აღნიშნა, რომ ის ღირებულებები და პრინციპები, რაზეც ევროპა დგას, საქართველოსთვისაც არაა უცხო და აღნიშნული პროექტი, სწორედ ამის წარმოჩენას ემსახურება. „ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები – ადამიანის უფლებები, თავისუფლება, ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციის დაგმობა, კანონის უზენაესობა ევროპამ აქცია ინსტრუმენტებად, მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად და ევროპა, რომლისკენაც საქართველო,  ისტორიულად ყოველთვის მიილტვოდა, სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი.“   

საუბარი საქართველოსა და ევროპას შორის კავშირებზე, დათო ტურაშვილმა, რატი ამაღლობელმა და ლაშა ბუღაძემ განაგრძეს.  „რა არის სინამდვილეში ევროპული ცივილიზაცია?  ეს არის ის, რაზეც ყოველთვის იდგა ქართული ცივილიზაციაც:  მთავარი ფასეულობა არის ადამიანი,“  აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

რატი ამაღლობელმა აღნიშნა, რომ ყველა ის ფუნდამენტური ღირებულება, რაზეც ევროპა დგას ყველა დიდ ქართულ ნაწარმოებშია ასახული:  „როდესაც ჩვენ ევროპაში დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, თუ რა არის ეს ევროპული ღირებულებები. თუ მთავარი ღირებულება არის ადამიანი, თუ ღირებულება არის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, თანასწორობა –  ეს იდეები თუ სადმე განხორციელდა საქართველოში, განხორციელდა ლიტერატურაში, განხორციელდა ვეფხისტყაოსანში, ალუდა ქეთელაურში, სტუმარ-მასპინძელში, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაში და ბიოგრაფიაში, დავით გურამიშვილის დავითიანში… ამ სულისკვეთების მატარებელია ქართული ლიტერატურა. ქართული ლიტერატურის სწორად აღქმით და სწორად წაკითხვით, ჩვენ შევძლებთ იმ ალგორითმის გაგებას რასაც ევროპული ღირებულებები ჰქვია, რადგან მე არ მეგულება არცერთი დიდი ქართველი ავტორი, რომელიც ამ ფუნდამენტურ პრინციპებზე არ იდგეს… თუ ჩვენ სწორად გავიგებთ ევროპულობას ჩვენს კულტურაში,  აღარ გვექნება დისონანსი ევროპულ კლულტურასთან.“

ლაშა ბუღაძემ აღნიშნა, რომ სინამდვილეში არანაირი დისონანსი არ არსებობს ქართულ და ევროპულ კულტურებს შორის ღირებულებით ნაწილში და საქართველო, ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ევროპული ნაწილი. შიშები ეროვნული იდენტობის დაკარგვის, ხშირად ხელოვნურად იქმნება მედიაში; „3000 წლოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობა. იმპერიები არ დარჩნენ სამყაროში, საქართველო კი გადარჩა და ყოველთვის ბუნებრივად მივდიოდით იმ სივრცისკენ, სადაც ვიქნებოდით ყველაზე უფრო დაცულები, როგორც ადამიანი.“  მან ასევე აღნიშნა,  რომ ეროვნული იდენტობა თუკი სადმეა შენარჩუნებული,  ესაა ევროკავშირში  და ქვეყნები ერთნი არიან მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ეხება კანონის უზენაესობას და კანონის წინაშე თანასწორობას. ღონისძიება გაგრძელდა მწერლებთან კითხვა-პასუხით.

პროექტის მიმდინარეობისას, ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ იდენტობას შორის არსებულ როგორც უხილავ, ასევე თვალსაჩინო კავშირებზე საუბრებით, ქართველი მწერლები შეეცდებიან წარმოაჩინონ საზოგადოებაში არსებული შიშების უსაფუძვლობა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის აუცილებლობა. მათ საჯარო ლექციებზე დაყრდნობით,  პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნის გამოცემაც.  

 

 

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში