სიახლეები

პროექტი „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ დაიწყო

ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განათლება ყველა ბავშვს“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში პროექტს „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ განახორციელებს. პროექტი, რომელიც ადილობრივი ორგანიზაციის სტატუსით ევროპის ფონდის საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული კამპანიის ნაწილია, ითვალისწინებს საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ციკლს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველი მწერლები ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ იდენტობას შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრებენ. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აუდიტორიასთან ინტერაქციული ლექციებისა და დისკუსიების ფარგლებში,  რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი ახლებურ ჭრილში განიხილავენ საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას და კულტურულ მემკვიდრეობას. კონკრეტული მაგალითების განხილვისა და იმ ევროპული ღირებულებების ხაზგასმით, რომლებიც ეროვნული ტრადიციებისა და მრავალფეროვნების პატივისცემას ითვალისწინებს, მწერლები შეეცდებიან წარმოაჩინონ საზოგადოებაში არსებული შიშების უსაფუძვლობა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის აუცილებლობა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რადიოგადაცემათა ციკლი, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, 18:00-ზე რადიო GIPA-ს ეთერში გავა.

პროექტი მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების ქართულ იდენტობასთან შესაბამისობის ხაზგასმით, ევროკავშირის შესახებ არსებული უარყოფითი სტერეოტიპების ნგრევას.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში