სიახლეები

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება / 2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

2016 წლის 18 მაისს ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ და, ასევე, კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო პირობების გაცნობას და 2015 წლის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოებას. ღონისძიება გაიმართება 10:00-დან 13:00 საათამდე სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის 13).

ანგარიშის პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2015 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყოფენ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ამ საკითხების თაობაზე გაიმართება დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

ამის შემდეგ გაიმართება კონკურსის „2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ მონაწილეთა დაჯილდოება და კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ პრეზენტაცია. წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს კონკურსს ევროპის ფონდი 2014 წლიდან მართავს, რათა ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას სურსათის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში და წაახალისოს ამ სფეროში ევროპულ ნორმებთან მიახლოება. 2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო გახდა შპს მარშე. ისევე როგორც წინა წლებში, კონკურსის მონაწილე საწარმოებთან შეთანხმების საფუძველზე, ევროპის ფონდის მიერ შერჩეული ექსპერტები ერთი წლის განმავლობაში თითოეული საწარმოს 3 გაუფრთხილებელ შემოწმებას განახორციელებენ, ხოლო საწარმოებიდან აღებული სურსათის ნიმუშები შემოწმებისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიებში გაიგზავნება. კონკურსის გამარჯვებული შეირჩევა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებისა და ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორია ევროპის ფონდი, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, ევროპის ფონდის პროგრამის თანაშემწე. ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge ტელ.: 225-39-42/43.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში