სიახლეები

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება

2017 წლის 16 ივნისს ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. ღონისძიება გაიმართება 09:30-დან 11:35 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში (26 მაისის მოედანი, #1, თბილისი).

პრეზენტაციაზე გამომსვლელები შეაფასებენ 2016 წელს სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყოფენ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას და  წარმოადგენენ რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, დასახული მიზნის მისაღწევად წინსვლა სახეზეა. ამავდროულად, კვლავ არსებობს რამდენიმე სფერო, რომლებზეც მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო, მათ შორის: (1) 200 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე სურსათის ბიზნესოპერატორები კვლავ სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩებიან, (2) ჯარიმები ძალიან დაბალია და დარღვევების აღკვეთას ვერ უზრუნველყოფენ, (3) სურსათის შემცველობის ეტიკეტთან შესაბამისობის კონტროლზე უფლებამოსილება კანონით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, (4) სახელმწიფო კონტროლის შედეგების გამოქვეყნება კვლავ ფერხდება და (5) მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის არსებობის შესახებ, რომელზეც საჩივრის დაფიქსირება შეუძლიათ. პრეზენტაციაზე მოწვეული ხელისუფლების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ საკითხებს ანგარიშის სხვა მიგნებებსა და რეკომენდაციებთან ერთად განიხილავენ.

ღონისძიების ორგანიზატორია ევროპის ფონდი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, ევროპის ფონდის პროგრამის თანაშემწე. ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge  ტელ.: 225-39-42/43.  

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში