სიახლეები

ცხოვრება ფარავნის იქით

 

ვარდანუშ მალხაზიანი 60 წლისაა. ნინოწმინდაში ცხოვრობს. ეთნიკური სომეხია, ისევე როგორც  ამ სოფლის მოსახლეობის 98%.

ახლა ვარდანუში ქალებთან ერთად  კარტოფილს იღებს. ამბობს, რომ კილოგრამს 35 თეთრად ჩააბარებს გადამყიდველებთან. ცხოვრებით უკმაყოფილო არ არის,  თუმცა პენსიას თუ გაუზრდიან, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება.

არტუშ ღარსლანისთვის კარტოფილის სეზონი არც ისე დამღლელია. მიწაზე მუშაობა არ უყვარს. ტკბილეულის შესაფუთი ქაღალდებისგან ხელნაკეთ თოჯინებს აკეთებს. ამბობს, რომ ერთხელ გამოფენაც ჰქონდა. ისე, მუდმივი სამუშაო ნინოწმინდის კულტურის ცენტრში აქვს. მუშად მუშაობს და ყოველთვიური ხელფასი 168 ლარი აქვს. ამას პენსიაც ემატება და ოჯახისთვის ჰყოფნის. ხანდახან სპექტაკლებშიც იღებს მონაწილეობას, ამ წლის ბოლოს ტუმანიანის „გაბედულ ნაზარში“ უნდა ითამაშოს.

არტუშს სამი გოგო ჰყავს, სამივე რუსეთშია. უმცროსმა სტუდია გახსნა მოსკოვში და ქართულ, სომხურ და რუსულ ცეკვებს ასწავლის. უფროსი გოგოს ქმარს კი სატვირთო მანქანა ჰყოლია რუსეთში, სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობდა და ხელფასის ნაცვლად მოსკოვში საცხოვრებელი ბინა მიუციათ.

არტუშ ღარსლანს ევროპა არ მოსწონს. ევროსტანდარტმა ჩემი კარმიდამო შეცვალაო, ამბობს. სახლის წინ ახალი გზა რომ დააგეს, უთხრეს ევროსტანდარტით ვმუშაობთო, არადა ტროტუარი ისე აამაღლეს, რომ ღობის ნახევარი მიწის ქვეშ მოექცა. მერე არტუშის ოჯახს გზიდან ეზოში ჩასასვლელი კიბის მონტაჟი დასჭირდა. ამას ხომ რუსეთი არ იზამდაო, ამბობს.  

ნინოწმინდაში ქართული ენა პრაქტიკულად არავინ იცის. საუბრობენ სომხურად, ქართველებთან კი რუსულად.  

„მე თუ ქართული ენა არ ვიცი ჩემი პრობლემაა, მაგრამ თუ ახალმა თაობამ არ იცის, უკვე მთავრობის,“- ამბობს აგასი ზალალიანი.

აგასი საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელია ნინოწმინდაში. ამჟამად წინასაარჩევნო პროცესს დამოუკიდებელი დამკვირვებლის სტატუსით აკვირდება. საარჩევნო უბნებზე დადის და ამოწმებს, რამდენად სწორად მიდის პროცესი, როგორ ხდება სიების დაზუსტება და ა.შ.

ჩივის, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს ნინოწმინდაში.  „20 წელია ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში არ იცვლება, ყოველ არჩევნებზე სამთავრობო რესურსი ისეა მობილიზებული, რომ ამომრჩველს ყოველთვის სამთავრობო კანდიდატისთვის უწევს ხმის მიცემა,“- ყვება აგასი.

ის თვლის, რომ თუკი საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისათვის დასაქმების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისავის მეტი შესაძლებლობა იქნება, რეალური ინტეგრაციის შანსი მაშინ გაჩნდება.  

„მრავალეროვანი საქართველო“ ევროპის ფონდის დიდი ხნის პარტნიორია. პირველი გრანტი  ფონდისგან 2008 წელს მიიღო წინასაპარლამენტო პროცესის მონიტორინგისა და შეფასებისათვის, შემდეგ 2011 წელს საკმაოდ მსხვილი პროექტი განხორციელდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის სამართლიანი მართლმსაჯულების მიღებას ემსახურებოდა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამფუძნებელი არნოლდ სტეპანიანი იხსენებს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება მათთან თანამშრომლობაზე წამოვიდა. შედგა იურიდიული ლექსიკონები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, დაიწყო თარჯიმნების გადამზადება, რამაც ეთნიკური უმცირესობებისათვის სამართლიანი მართლმსაჯულების მიღება უზრუნველყო.  

ევროპის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაწყებული ადვოკატირების შედეგად მალე ნინოწმინდაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. პროექტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფების შექმნას და მოსახლეობისათვის აქტუალური პრობლემების გამოვლენას ითალისწინებდა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ნინოწმინდაში არსებული მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი იქაური ოჯახებისათვის საკმარისი არ იყო. ახალი შენობა უკვე მზადაა და წელს გაიხსნებაო, ამბობენ.    

“მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით და ევროპის ფონდის დაფინანსებით, სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფები ახლა უკვე თეთრიწყაროს რაიონის 7 სოფელში ჩამოყალიბდება. ამ პროგრამის მიზანიც აქტუალური პრობლემების გამოვლენა და მათ  გადაწყვეტად ადვოკატირება იქნება.  

„ცხადია, მსგავსი პროექტები ეთნიკურ უმცირესობებს კონკრეტულ პრობლემებს მოუგვარებს, მაგრამ ეს ვერ წყვეტს ინტეგრაციის პრობლემას,“- ამბობს არნოლდ სტეპანიანი.

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ის საკითხია, რომელზეც საჯარო და სამოქალაქო  სექტორი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა. სტეფანიანი თვლის, რომ ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია ბუნდოვანი და ზოგადია. ჯერ კიდევ არ არის გააზრებული, თუ რა „პროდუქტს“ ველით ინტეგრაციის შედეგად, ანუ ინტეგრაციის რომელ მოდელს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო. „ინტეგრაციის მრავალი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. ჩვენ კი ჯერ კიდევ არ ვიცით, რომელ მოდელს ვირჩევთ, ამაზე დისკუსიაც კი არ არსებობს. ინტეგრაციაზე საუბრისას სახელმწიფო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს კულტურული უფლებების დაცვასა და შენარჩუნებაზე, ასევე ჩანს, რომ უმცირესობათა უფლებებზე მაღლა დგას სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები,“- ამბობს სტეპანიანი.

მისი აზრით, ერთი მხრივ ლოგიკურია უმცირესობათა საკითხების განხილვა უსაფრთხოების ჭრილში, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის არარსებობის პრობლემა, რომელიც რეალურად ართულებს უმცირესობათა ინტეგრაციას.

 „ჩვენ გვესმის, რომ ვსაუბრობთ საკმაოდ რთულ რეგიონებზე, სადაც ჩვენი მეზობელი რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს ეთნიკური უმცირესობა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ სახელმწიფო ხშირად ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებზე უფრო მაღლა უსაფრთხოების საკითხებს აყენებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეთნიკური უმცირესობები თავს არ იგრძნობენ საქართველოს სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად და პატრიოტებად, გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების რისკები არათუ   ჩაქვრება, არამედ გაიზრდება, “- ამბობს სტეპანიანი.

ერთნიკური უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ევროპის ფონდის „ევროპასთან დამოკიდებულებებისა და ცოდნის კვლევა (2017)“ აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 54% თვლის, რომ რუსეთი საქართევლოს საუკეთესო პოლიტიკური მოკავშირეა, მაშინ როდესაც ქართულენოვანი მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას.

არნოლდ სტეპანიანის აზრით, ეს არ არის გასაკვირი. „სხვა მოცემულობა უბრალოდ ვერ გვექნება, რადგან ეთნიკური  უმცირესობები სრულიად სხვა საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობენ, არ ფლობენ სახელმწიფო ენას, არ იკავებენ პრესტიჟულ სოციალურ ნიშებს და შესაბამისად არაადეკვატურად არიან ჩართულნი სახელმწიფო მართვის პროცესში, ასევე ნაკლებად კონკურენტუნარიანი არიან შრომის ბაზარზე და ა.შ..“- ამბობს სტეპანიანი.

„ადამიანები ჩინეთიდან ჩამოდიან და 3 თვეში სწავლობენ ქართულ ენას. ამიტომ მთავარი მოტივაციაა. ეთნიკურ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, ისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ბევრად უფრო მეტ პერსპექტივას გაუხსნის“,- ამბობს ის.

”მრავალეროვანი საქართველოს” წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეთნიკური უმცირესობებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები მოაწყვეს. კანდიდატების დაპირებები დიდად არ განსხვავდებოდა - აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდა თაობაზე, სწავლის დაფინანსებაზე საზღვარგარეთ, ინვესტიციების მოზიდვაზე და ა.შ.

პოლიტიკური განცხადებები, როგორც ყოველთვის, იმედისმომცემი იყო, თუმცა ვიდრე დაპირებები განხორციელდება, ნინოწმინდაში მაგალითად, ერთადერთი ხილული ინვესტიცია რუსეთში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენის მიერ გახსნილი სომხური კულტურისა და ისტორიის სკოლაა.

 

ავტორი:  ქეთევან  მაღალაშვილი

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში