სიახლეები

ცხოვრება C ჰეპატიტით

 

ავტორი: ირაკლი იმნაიშვილი

***

2007 წელს, ინტერფერონ თერაპიის პირველი კურსი ჩავიტარე. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა ლონდონის ღვიძლის სნეულებათა ცენტრის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, ვირუსის დამარცხება მაინც ვერ მოხერხდა. დაავადება მკურნალობის მერე უფრო გააგრესიულდა. ღვიძის დაზიანების ტემპმა იმატა და ვირუსების რაოდენობაც გაიზარდა.

ახალი პრეპარატი ხუთ წელიწადში გამოდიოდა ბაზარზე. ჩემი მიზანი იყო, ახალი წამლით მეცადა მკურნალობა და მომდევნო ხუთი წელი როგორმე გადამეტანა, თუმცა, დაავადების შეჩერება პრეპარატის გარეშე, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

ამავდროულად, ვხედავდი ქართულ რელობას, სადაც ანტივირუსული თერაპია წარმოუდგენლად ძვირი იყო და პაციენტთა მხოლოდ 1% თუ ახერხებდა მკურნალობას. ეს ადამიანები დაავადების პირისპირ, უიმედოდ იყვნენ დარჩენილნი. თუმცა, ბრიტანეთში ცხოვრების მიუხედავად, რეალურად, მეც მათ მდგომარეობაში ვიყავი, არა ფინანსურად, არამედ ფსიქოლოგიურად.

აი ასეთი იყო სურათი - არასახარბიელო რეალობა, როდესაც ჩემმა მეუღლემ პაციენტთა გაერთანების სემინარი აღმოაჩინა - "ცხოვრება ც დიაგნოზით". თავდან სემინარის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ალკოჰოლზე დამოკიდებულთა თავყრილობას ვამსგავსებდი, თუმცა რეგისტრაცია მაინც გავიარე და პირველ შეკრებაზე ცინიკური განწყობით მივედი. პირდაპირ ვიტყვი - იქ გატარებულმა ხუთმა საათმა ჩემი ცხოვრება შეცვალა.

მთავარი ეფექტი, რაც სემინარმა მომიტანა, საკუთარი თავში მომხდარი ცვლილებებია.

დამეუფლა საოცარი თავდაჯერებულობა, დამემსხვრა მითები და ჩემი გონება მოქმედებისკენ მიემართა - სწრაფად გამოიკვეთა სამოქმედო გეგმა.

ჩემს მეუღლესთან - ნათია აბრამიასთან ერთად (რომელსაც ჩემს გამოჯანმრთელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის) ეტაპობრივად დავიწყე ცხოვრების რეჟიმში ცვლილებების შეტანა. საოცარი პერიოდი მქონდა. ვხედავდი რომ ქიმიურმა პრეპარატმა ვირუსი ვერ დაამარცხა, ამიტომ მხოლოდ რეჟიმით და დიეტით თუ მოვახერხებდი ამ ვერაგი დაავადების პროგრესის შენელებას. თანაც, მკურნალობის ეს მეთოდი იმდენად მარტივი იყო რომ ყველას შეეძლო გაკეთებინა, განურჩევლად შემოსავლისა და სოციალური სტატუსისა.

ნელ-ნელა შედეგიც გამოჩნდა და რაღაც ეტაპზე მე და ნათია, საუბრისას მივხვდით რომ ამ ინფორმაციის საქართველოში გავრცელება საჭირო იყო. აუცილებლად უნდა გამეზიარებინა ეს მეთოდი მათთვის, ვისაც ჩვენი რჩევები სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. ჩემი პირველი მკურნალობისას ნათიას ბლოგის დაწერა უნდოდა. მე კი ამისთვის არ ვიყავი მზად. სამი მიზეზის გამო არ მსურდა ჩემი მდგომარეობის გასაჯაროება: 1 - სტიგმის მეშინოდა. ხალხი იფიქრებდა რომ ნარკომანი ვარ და ვერავის დავაჯერებდი საწინააღმდეგოში. 2 - ამ ბლოგს ჩემი მშობლებიც წაიკითხავდნენ, გაიგებდნენ თუ რა ჯოჯოხეთურია ინტერფერონის თერაპიის ჩატარება და დაიტანჯებოდნენ. 3 - მკურნალობა პაციენტთან 99%-ისთვის მიუწვდომელი იყო, ფასის გამო, ამიტომ აზრს ვერ ვხედავდი მკურნალობის აღწერაში.

ამიტომ, ვთვლიდი, რომ ამ მეორე მეთოდის - რეჟიმით და დიეტით შენელებული დაავადების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის საჭირო იყო. ზოგიერთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც. ამიტომ მე და ნათიამ წრაფად დავიწყეთ მოქმედება.

2010 წელს დავაფუძნე ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება და სულ მალე პირველი პროექტი დავიწყეთ. 

ევროპის ფონდი იყო ჩვენი მთავარი დონორი. მისი დროული ჩართულობის გარეშე კამპანია ვერ დაიწყებოდა. დაფინანსების გარდა, ფონდი პროექტის მართვაშიც გვეხმარებოდა.

როდესაც "ღია კარზე" ჩვენი პირველი განაცხადი შევიტანეთ, ახალი ორგანიზაცია ვიყავით. ფონდის მიერ შემოთავაზებული იდეები, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მთლიანი პროექტი რამდენიმე ეტაპად დავყავით და ამით მასტაბური პროექტის განხორციელება უპრობლემოდ მოვახერხეთ.                               

ჩემს წინაშე ორი ამოცანა იდგა: როგორც მინიმუმ, ცე-ვირუსით დაავადებულების და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩემი გამოცდილება უნდა გამეზიარებინა.  მკურნალობა ყველა ფენის მოსახლისთვის უნივერსალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო - ეს იყო პროგრამა მაქსიმუმი. რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დავიწყეთ მოქმედება. ქართული რეალობაც მძიმე იყო - ტოტალური საინფორმაციო ვაკუუმი დაავადების შესახებ, ინტერნეტში არსებული ძალიან მწირი და მცდარი ინფორმაცია და დაავადებულთა უიმედობა.

პირველ რიგში ჩვენ შევქმენით საინფორმაციო პროდუქტები - ცხელი ხაზი, ვებგვერდი და პაციენტთა სკოლა.

განსაკუთრებული იყო ჩემი გარშემომყოფების გვერდში დგომა. თანხის ეკონომიის მიზნით ჩემი თბილისის ბინა ოფისად გადაიქცა. ყველა ლოჯისტიკური საკითხი სამ დღეში მოგვარდა. საოფისე ავეჯი მეგობრებმა მაჩუქეს, საჭირო რესურსები გასაოცარი სისწრაფით შევაკოწიწეთ და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა დავიწყეთ. სამიზნე აუდიტორიისთვის ჩვეინს მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი უფასო იყო.

2010 წელს, მკურნალობის მაღალი საფასურის გამო, ჰეპატიტი არ იყო ჯანდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტი. ჭიაბერაშვილის მინისტრობის დროს შეხვედრა მოვახერხე მასთან და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავრობა ამ პრობლების მოსაგვარებლად მოქმედებას არ აპირებდა. სახელმწიფოს გულგრილობა - ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის. ვიცოდი რომ მხოლოდ დიეტა და რეჟიმით არ განიკურნებოდა ჰეპატიტი, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის იმედი კი არსად იყო.

დიეტით და რეჟიმით დავადების შენელებას, პაციენტთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად აღიქვამდა და ალტერნატიული მკურნალობის დაწყებას ელოდა. ასეთ ფონზე ზოგჯერ მეგონა რომ წისქვილების წინააღმდეგ ვილაშქრებდი და სამოქმედო გეგმა იყო საჭირო. როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა, რომელმაც პენიტენციურ სისტემაში ჰეპატიტის პროგრმა დაიწყო, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შევხვდი და ნაყოფიერი თანამშრომლობა დავიწყეთ. საინტერესო იყო სატელევიზიო შოუების მომზადება. ტელეკომპანია "იმედის" მფლობელები და კოლექტივი გვერდში დაგვიდგა. "მაესტროს" მფლობელებიც შემოგვიერთდნენ და მე-9 არხიც. საერთო ჯამში სამივე არხი ჩაერთო პროექტში და სამივე არხზე ერთდროულად დაიწყო ჰეპტიტზე საუბარი.

ეს საინფორმაციო ვაკუუმის სრული გარღვევა იყო. არც მანამდე და არც მერე არ მახსოვს ასეთი მაგალითი - სამივე ტელევიზია ერთი თემის გარშემო გაერთიანებულიყო.

როდესაც ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა ამოქმედდა, ჩვენი იურისტი მჭიდროდ მუშაობდა დარგის სპეციალისტებთან, იმისთვის რომ თავდაპირველად მკურნალობა იმას მიეღო, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროებოდა, და არა იმას - ვისაც გავლენიანი ნაცნობი ყავდა სამინისტროში.

დღეისთვის შედეგი ასეთია - საოპერაციო მოქმედებების შეჩერების მიუხედავად , მაინც დიდი საქმე გაკეთდა. ამ დაავადებაზე საჯაროდ საუბარი სხვებმაც გააგრძელეს, შესუსტდა სტიგმა, პაციენტებს აღარ ეშინოდათ საზოგადოებრივი აზრის. საზოგადოესბი ინფორმირებულობის დონეც საგრძნობლად ამაღლდა.

მე კი, ვერც წარმოვიდგენდი თუ ოდესმე, საქართველოში ცე-ჰეპატიტის მკურნალობა მსოფლიოში საუკეთესო პრეპარატით მოხდებოდა. მოხდებოდა უფასოდ და უნივერსალურად ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომად. 

 

ფოტო:  ირაკლი შალამბერიძე 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში