სიახლეები

წყალი სასრულით

 

ზღვა კოვზით დაილიაო

***

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ საქართველოში ბევრი წყალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მართვა არ სჭირდება. არსებული რესურსი, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იკლებს და გადანაწილებაც არათანაბარია (წყლის 75% დასავლეთ საქართველოშია). ეს უკვე ცხადყოფს, რომ წყლის რესურსებს რაციონალური და მდგრადი გამოყენება სჭირდება და ამისათვის გარკვეული სტრატეგიაა საჭირო,“ - ამბობს მარიამ მაკაროვა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს წყლის სამმართველოს უფროსი.

გარდა არარაციონალური გამოყენებისა, სისტემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას - ეს არის დაბინძურება. მაგალითისთვის, 2016 წლის ბოლოს, შავი ზღვის აუზში აზოტის კონცენტრაცია 4-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. (UNECE 2016 წლის ანგარიში).

წყლის როგორც ხარისხის, ისე განაწილების გამოსასწორებლად, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება მთელ რიგ დირექტივებს იძლევა, რომელთა შესრულებაზეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული და მუშაობს ახალი კანონმდებლობის შექმნაზე, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს 90-იანი წლების კანონი წყლის შესახებ.

„ერთია, რომ სახელმწიფოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება აძლევს ზოგად მიმართულებას წყლის სისტემის რეფორმირების პროცესში, მაგრამ მეორეა, რომ თავად ეს პროცესი იყოს თანამონაწილეობითი და მასში ჩართული იყოს ყველა მონაწილე. ჩართულობა იყო ჩვენი მიზანი, როდესაც დავაფინანსეთ ISET-ის კვლევა წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების შესახებ. კვლევის ამოცანა იყო არსებული სიტუაციის და საჭიროებების ანალიზი და კონკრეტული, დროში გაწერილი რეკომენდაციების მიცემა მთავრობისათვის წყლის რესურსების სისტემის რეფორმირების პროცესში,“- ამბობს ქეთევან ვაშაკიძე, ევროპის ფონდის პრეზიდენტი.

წყლის რესუსრების მართვის სისტემის რეფორმირების პროცესში პირველი ნაბიჯი არის სააუზო მართვის პრინციპის დანერგვა.

რას გულისხმობს სააუზო მართვის სისტემა?

სააუზო მართვის სისტემა გულისხმობს ერთინაირი ბუნებრივი და ეკოლოგიური საწყისის მქონე წყლის რესურსების დაჯგუფებას აუზების მიხედვით და თითოეული აუზისთვის მართვის საერთო პრინციპის დანერგვას. სააუზო მართვის პრინციპის დანერგვა აუცილებელია როგორც რესურსების მდგრადი და რაციონალური გამოყენებისათვის, ისე დაბინძურების პრევენციისათვის.  

„ იდეა არის ის, რომ წყლის რესურსები განვიხილოთ აუზის ფარგლებში, რაც აუცილებელია როგორც წყლის სწორი განაწილებისთვის, ისე წყლის ხარისხის სამართავად. მაგალითად რიონი სათავეს იღებს რაჭაში, გაივლის სამტრედიას, ქუთაისს და ა.შ და ჩადის შავ ზღვაში. ვთქვათ, ამბროლაურში აიღეს წყლის დიდი რაოდენობა, ფაქტია, რომ წყალი აღარ იქნება საკმარისი სხვა რეგიონებისათვის. სააუზო მართვის პრინციპი სწორედ ასეთი სიტუაციებისგან დაგვაზღვევს. გარდა ამისა, გამორიცხავს კონფლიქტებს სხვადასხვა ინდუსტრიებს, მაგალითად,  ჰიდროენერგეტიკასა და ირიგაციას შორის.  სააუზო მართვის პრინციპი ასევე გულისხმობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ერთიან კომპლექსად განხილვას, რადგან ვიცით, რომ მაგალითად თუ მიწისქვეშ დაბინძურდება წყალი, ზედაპირულსაც იგივე ელის, ამიტომ სააუზო მართვის პრინციპი ყველაზე ეფექტური გზაა წყლის რესურსების სამართავად,“- ამბობს მაკაროვა.

ვიდრე ამ პრინციპამდე მივალთ როგორია საქართველოში წყალაღების პრაქტიკა?

წყლის რესურსების ათვისების პრაქტიკა საქართველოში შემდეგნაირია: მოსარგებლეს (კომერციულ სუბიეტს) შეუძლია უფასოდ და შეუზღუდავად, ყოველგვარი ნებართვის და ლიცენზირების გარეშე,  ისარგებლოს ნებისმიერი მოცულობის ზედაპირული წყლით. მიწისქვეშა წყალთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია: მოხმარება შეუზღუდავია, მაგრამ არსებობს გარკვეული გადასახადი თითოეულ კუბურ მეტრ წყალზე.

„ის, რომ ზედაპირული წყლის ათვისებაზე არანაირი გადასახადი არ არის დაწესებული და არც შეზღუდულია მისი მოხმარება, რაიმე გააზრებული პოლიტიკის შედეგი კი არ არის, არამედ ავტომატურად მოჰყვა გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს. კერძოდ, გაუქმდა ნებართვა ზედაპირული წყლის აღებაზე, რასაც მოჰყვა წყალაღების მოსაკრებლის გაუქმებაც, ვინაიდან მოსაკრებლების შესახებ კანონი ამბობს, რომ გადასახადი ეხება მხოლოდ იმ ბუნებრივ რესურსებს, რომლებზეც არსებობს ნებართვა,“- ამბობს ლევან ფავლენიშვილი, ISET-ს მკვლევარი, რომელმაც ევროპის ფონდის გრანტის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური ინსტრუმეტების შესახებ კვლევაზე იმუშავა.

წყლის რესურსების მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტები:

ეკონომიკური ინსტრუმენტების დანერგვა ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და სააუზო მართვის პრინციპის დანერგვის შემდეგი ნაბიჯია. (water framework article 9). დირექტივის მიხედვით, საქართველოს მთავრობას  ვალდებულია სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე დააწესოს გარკვეული ფასები წყლის რესურსების როგორც მოხმარებაზე, ისე დაბინძურებაზე.

ISET-ის კვლევა სწორედ ამ ეკონომიკური ინსტრუმენტების დანერგვის საკითხს ეხება. კვლევა, საქართველოში არსებულ რეალობასთან ერთად, მიმოიხილავს მსოფლიო პრაქტიკას და იმ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ადექტვატურია საქართველოსთვის.

 „ჩვენი აზრით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე განხორციელებადი ინსტრუმენტი წყალაღების და დაბინძურების მოსაკრებლების დაწებაა, ოღონდ ფასი ორივე შემთხვევაში უნდა დადგინდეს  საფუძვლიანი ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე და სააუზო მართვის პრინციპზე დაფუძნებით,“- ამბობს ლევან ფავლენიშვილი.

წყალაღებისა და დაბინძურების მოსაკრებლის გარდა, არსებობს სხვა ეკონომიკური ინსტრუმენტებიც, მაგალითად წყლის ბაზრების შექმნა, რომელიც წყლის გარკვეულ რესურსებზე საკუთრების უფლების გაყიდვას გულისხმობს. „აქ იგულისხმება კერძო საკუთრების სახით გარკვეული სტიმულის შექმნა, რომ  წყალი მდგრადად იქნას გამოყენებული, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ინსტრუმენტია და საჭიროებს საკუთრების უფლების კარგად განსაზღვრას, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ინსტრუმენტის საქართველოში გამოყენება არ მიგვაჩნია სწორად“- ამბობს ფავლენიშვილი.

წყალაღების მოსაკრებელი  

ზოგადად, წყალაღების მოსაკრებლის დაანგარიშება ხდება წყლის მოცულობის საფუძველზე. „ერთეული კუბური მეტრი წყლის ღირებულება რომ განისაზღვროს, საჭიროა წყლის აუზის შესწავლა, მისი ჰიდროლოგიური ანალიზი, წყალმოსარგებლეთა ანალიზი, წყლის მოთხოვნის შესწავლა, შემოსავლების ანალიზი, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგინდეს წყლის ღირებულება,“- ვკითხულობთ ISET-ის კვლევაში.

„წყლის ამა თუ იმ რესურსის რეალური ღირებულება დღეს ჩვენ არ ვიცით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შესწავლილი თავისი რესურსები. წყალი არის ბუნებრივი რესურსი, რომელიც ქმნის გარკვეულ ბაზარს და ამ ბაზარზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს სახელმწიფოს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ რესურსს პრაქტიკულად არ მართავს. მაგალითისათვის, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა, ნაცვლად იმისა, რომ წყალი იყიდონ GWP-სგან, დღეს ურჩევნიათ, აიღონ მიწისქვეშა წყალი, რომელშიც იხდის მინიმალურ გადასახადს და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს თანხა არ ასახავს წყლის რეალურ ღირებულებას, ამისათვის საჭიროა ანალიზი, შესწავლა, მონიტორინგი და შემდეგ გარკვეული ღირებულების დაწესება წყალაღებაზე,“- ამბობს ფავლენიშვილი.

დაბინძურების მოსაკრებელი

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, წყლის დაბინძურებისთვის არსებობს მხოლოდ ჯარიმები, რომელიც მინიმალურია (5000 ლარიდან იწყება) და ასევე ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოითვლება კონკრეტული ფორმულის შესაბამისად და იმდენად რთული მექანიზმია, რომ აღწევს კოლოსალურ თანხებს, რომელსაც პრაქტიკულად არავინ იხდის.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა დაბინძურების მხრივ ბოლნისის რაიონშია, სადაც  მძიმე მეტალების მომპოვებელი საწარმო RMG (Rich metals group) სამ მდინარეზე ახდენს ზეგავლენას: ფოლადაური, მაშავერა და კაზრეთულა. ეს მდინარეები სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენება, და შესაბამისად, იქ მოხვედრილი მძიმე მეტალები გადაინაცვლებს კვებით ჯაჭვში, რომელთანაც შეხება მთელ საქართველოს აქვს. 2016 წელს მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო პლატფორმის მიერ ჩატარებულ კვლევაში მითითებულია, რომ მდინარე კაზრეთულაში კადმიუმის კონცენტრაცია 10-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას, მაშავერაში 9-ჯერ, ფოლადაურის ქვედა წელში კი 28-ჯერ.

RMG Gold-ის წარმომადგენელი, მიხეილ კვარაცხელია ამ კვლევის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ის ამბობს, დღეის მდგომარეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის წყლებში მწვავე პრობლემა აღარ დგას. „2018 წლის განმავლობაში ჩავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც დაბინძურების პრევენციას ახდენს. 4 გამოვლენილი წერტილიდან, რომელიც დაბინძურების მთავარი წყარო იყო, 2-ზე მუშაობა უკვე დასრულებული გვაქვს. 2024 წლის მარტამდე ასევე უნდა გვქონდეს გამწმენდი ნაგებობებიც,“- ამბობს კვარაცხელია. მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო კვირაში 2-ჯერ ატარებს ინსპექტირებას RMG-ს ტერიტორიაზე. ასევე 15 წერტილში თავად ახორციელებენ შიდა წყლის მონიტორინგს, თუმცა ეს მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

გასულ წელს RMG-ს მხოლოდ ორი ჯარიმა აქვს გადახდილი, თითოეული 5000 ლარის ოდენობით და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ორიც აღარ ექნება. „თუ რაიმე ავარიულად არ ჩაიღვარა ან რაიმე განსაკუთრებული წვიმა არ მოვიდა, წყლის დაბინძურების საფრთხე აღარ არსებობს,“- ამბობს კვარაცხელია. დღემდე უცნობია გადაიხადა თუ არა კომპანიამ მილიონზე მეტი ლარი იმ ზიანისათვის, რომელიც მან 2014 წელს მიაყენა გარემოს. საუბარია მდ. კაზრეთულაში 500 კუბური მეტრი მოცულობის მჟავე კარიერული წყლის ავარიული ჩაშვების ფაქტზე, რომელზეც პროკურატურა, ჟურნალისტების მოთხოვნის მიუხედავად, პასუხს დღემდე არ იძლევა.

ამ ფონზე, დაბინძურების გადასახადის სახით, ახალი გარემოსდაცვითი მექანიზმის შემოღებას კვარაცხელია არ ეთანხმება. „არსებობს ჯარიმის პრინციპი, რომელიც სრულიად მისაღებია და არსებობს ზიანის დათვლის პრინციპი, რომელიც უბრალოდ დასახვეწია. არ მიმაჩნია სწორად, რომ დასაშვები ნორმის ქვევით დამაბინძურებლებზე იყოს გადასახადი, რადგან ეს უბრალოდ დაბინძურების ლეგიტიმაციას ჰგავს,“- თქვა მან.

ლევან ფავლენიშვილი კი მიიჩნევს, რომ დაბინძურების გადასახადი ერთეულ დამაბინძურებელზე არის ის ღონისძიება, რომელიც აიძულებს ბიზნესს გრძელ ვადაში მიიღოს პრევენციული ზომები დაბინძურების შესამცირებლად, რათა საბოლოოდ გადასახადი შეიმციროს. მაკაროვას მიაჩნია, რომ იდეა აზრიანია, მაგრამ მცირე ბიზნესი ასეთი ტიპის გადასახადისთვის მზად არის. „დამაბინძურებლებზე გადასახადის დაწესება  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ძალიან დააზარალებს, შესაბამისად მთავრობა ამ ეტაპზე დაბინძურების გადასახადის შემოღებაზე არ ფიქრობს. „რაც შეეხება წყალაღების გადასახადს, ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს წლებში სავარაუდოდ შემოვიღებთ კიდეც,“- ამბობს მაკაროვა. რაც შეეხება დაბინძურების ყველაზე დიდ წყაროს, ურბანული ჩამდინარე წყლის პრობლემას, მაკაროვას თქმით, სახელმწიფო 2022 წლამდე დადებს ყველა ქალაქში გამწმენდი ნაგებობის პროეტს და 2024 წლისთვის უკვე გათვალისწინებულია, რომ ყველა ქალაქს ჰქონდეს გამწმენდი ნაგებობა.

წყლის მართვის პროცესის გასამართად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყლის ხარისხისა და რაოდენობის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით. ISET-ის კვლევაში მითითებულია, რომ 2012 წლიდან ამ მხრივ სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა არასამკარისი მონიტორინგი ისევ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ISET-ის ანგარიშის მიხედვით, 300 მსხვილი მდინარიდან საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 68 მდინარის მონიტორინგი ხორციელდება, ხოლო მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი მხოლოდ 51 პუნქტზე მიმდინარეობს. „სააუზო მართვის ორგანიზაციების შექმნა და გარემოს ეროვნული სააგენტოს აღჭურვა ისე, რომ მან სათანადო მონაცემები შეაგროვოს ჯდება 40 მლნ ლარი. თუკი გვინდა, რომ სისტემამ იმუშაოს ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ამაში ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს,“- ამბობს ფავლენიშვილი.  

 

ავტორი:  ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო:  ნათელა გრიგალაშვილი

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში