სიახლეები

კონკურსი „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის შესახებ

ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ  საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე იმ საწარმოს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.

გამარჯვებული საწარმოს შესახებ ინფორმაციას ევროპის ფონდი აქტიურად გაავრცელებს ფონდის საკომუნიკაციო არხებით, მათ შორის, დაიტანს ფონდის მობილურ აპლიკაციაზე „სურსათის უვნებლობა“, რომელიც სასურსათო საწარმოების შეფასების ინტერაქტიულ პლატფორმად ყალიბდება. გამარჯვებული ასევე გამოცხადდება „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიალზე. „ოქროს ბრენდის“ ფასიანი ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში გამარჯვებული შეძლებს აქტიურად ისარგებლოს „ოქროს ბრენდის ხარისხის ნიშნით“ მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისათვის და ასევე მიიღოს სარეკლამო სივრცე ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთსა და ბილბორდებზე.

კონკურსის ყველა მონაწილე,  წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ მიიღებს რეკომენდაციებს საწარმოო პროცესის ორგანიზების თაობაზე კვალიფიციური  ექსპერტის მიერ. გარდა ამისა,  საწარმოების მიერ წარმოებული, ან ნავაჭრი სურსათის შერჩეულ ნიმუშებს წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული შემოწმება. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს უკეთ იყვნენ მომზადებული სახელმწიფო კონტროლისათვის.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც აწარმოებენ სურსათს, ან ვაჭრობენ სურსათით. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

შეფასების კრიტერიუმები

კონკურსის მონაწილეთა საწარმოო პროცესი და წარმოებული, ან რეალიზებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს საქართველოში მოქმედ უვნებლობისა და ეტიკეტირების  მოთხოვნებს. გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსში მონაწილეთა საწარმოო პროცესებისა და მათი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად.  კერძოდ, საწარმოებთან შეთანხმების შემდეგ, ფონდის მიერ შერჩეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები კონკურსის მონაწილე თითოეულ საწარმოს სამჯერ, გაუფრთხილებლად ეწვევიან საწარმოო პროცესების ადგილზე შესაფასებლად, საწარმოების მიერ წარმოებული/რეალიზებული პროდუქტის ნიმუშებს კი აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმებენ. შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული საწარმოსა და ევროპის ფონდისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ ვალდებულებას აკისრებს პროცესის მონაწილე მხარეებს. სამი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ფონდი წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოავლენს.

 განაცხადების წარდგენის პროცედურები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ფონდის ოფისში, ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: lberdzuli@epfound.ge. წერილის კონვერტზე, ან ელექტრონული გზავნილის საგნის ველში გთხოვთ მიუთითოთ: კონკურსი „2017 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივლისი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე.

კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადება იგეგმება 2018 წლის აპრილში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ევროპის ფონდი, თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, პროგრამის თანაშემწე, ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge.

 

განაცხადის ფორმა კონკურსში მონაწილეობის მსურველი ბიზნეს ოპერატორებისთვის.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში