სიახლეები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

2014 წლის 1 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი“, მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას.

პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

  • პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის მექანიზმებზე ტრენინგების ჩატარება; ასევე საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგის საკითხებზე ქართულენოვანი ბროშურის მომზადება;
  • ოთხი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის გრანტის (15,000 ევრომდე) გაცემა, სახელმწიფო სახსრების მართვის მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა ღონისძიების განსხორციელებლად;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება რეგულარული დისკუსიები ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე;
  • სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის არსებული მექანიზმების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
  • საზოგადოებრივი ფორუმების ჩატარება, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება შეფასების ანგარიში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და გრანტის მიმღები ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები;
  • საბიუჯეტო მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ;
  • სოციალური რეკლამებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ინსტრუმენტის (Neighbourhood Civil Society Facility 2013) ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში