სიახლეები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სახელი შეიცვალა!

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF), წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება, 2015 წლის 18 დეკემბრიდან მოღვაწეობას განაგრძობს ახალი სახელწოდებით – ევროპის ფონდი. სახელის ცვლილების მიუხედავად, ფონდი შეინარჩუნებს თავდაპირველ აკრონიმს, EPF-ს, რითაც ხაზს უსვამს თავის საქმიანობაში მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

„ახალი სახელი – ევროპის ფონდი – საშუალებას გვაძლევს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ძირითად ამოცანაზე – ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კონკრეტული სარგებელი მიიღოს ევროპული ღირებულებების და სტანდარტების დამკვიდრებით. სახელის შეცვლაევროპის ფონდად ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ფონდის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობამ და თანამშრომლებმა. ფონდის ხედვისა და საქმიანობის გათვალისწინებით, სახელწოდების ცვლილებას მხარი დაუჭირა უამრავმა ჩვენმა პარტნიორმა და გრანტის მიმღებმა ორგანიზაციამაც, რამდენადაც ახალი სახელი ნათლად ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს“, აღნიშნავს ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.

ახალი სახელწოდება, ევროპის ფონდი, ძალაშია 2015 წლის 18 დეკემბრიდან და მისი სრულფასოვანი წარდგენა 2016 წლის განმავლობაში დასრულდება.

ევროპის ფონდის შესახებ:

ევროპის ფონდის მისიაა საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. ამ მისიის შესასრულებლად ფონდი იღვწის, რომ გაძლიერდეს ინდივიდებისა და ინსტიტუტების შესაძლებლობები, რათა შეძლონ მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება და მოხდეს დაინტერესებული მხარეების მობილიზება კონკრეტულ თემებზე დიალოგისა და პოზიტიური ცვლილებების ინიცირების მიზნით, მათ შორის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით, სხვადასხვა კოალიციის, პლატფორმისა ან სამუშაო ჯგუფის შექმნის გზით.

ფონდის მუშაობას შემდეგი მიდგომები წარმართავს: (1) საჯარო პოლიტიკაში სამოქალაქო მონაწილეობისათვის შესაძლებლობების შექმნა, (2) ახალგაზრდობის ჩართულობა, (3) კორპორატიული და სათემო ფილანტროპიის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის საჯარო-კერძო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობით, (4) მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და გადაწყვეტილების მიღება, (5) რელიგიურ, ეთნიკურ და სათემო ჯგუფებს შორის ნდობის კულტივირება. ფონდის წამყვანი პროგრამებია: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის, ევროპული ინტეგრაცია, ახალგაზრდების ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა. ერთობლიობაში ეს პროგრამები ხელს უწყობს ფონდის მისიის განხორციელებასა და საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ძირეული და მდგრადი პოზიტიური ცვლილებები დადგეს.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში