გრანტებიხშირად დასმული შეკითხვები

ევროპის ფონდისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ პარტნიორს თუ გრანტის მიმღებს შესაბამისად ესმოდეს იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომლებიც უკავშირდება ევროპის ფონდის მიდგომებსა და საქმიანობას. გთავაზობთ რამოდენიმე ტერმინის განმარტებას:

მოქალაქეთა თანამონაწილეობა

მოქალაქეთა თანამონაწილეობა პროცესია, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს ჩაერთონ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების გამოვლენაში, გადაწყვეტილების მოძიებასა და მიღებაში, რათა გავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე. მოქალაქეთა თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის აუცილებელი კომპონენტია. იგი დაფუძნებულია განსხვავებული ინტერესებისა და პოზიციების მქონე ინდივიდების და ჯგუფების დიალოგზე და მიმართულია პოზიტიური შედეგის მიღწევაზე.

 

სამოქალაქო მონიტორინგი

სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში მოქალაქეები უშუალოდ მონაწილეობენ ხელისუფლების საქმიანობის, მათ შორის სახელმწიფო მომსახურების მიწოდების, საჯარო პოლიტიკის ჩამოყალიბების, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგი უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების სრულ ჩართულობას, რათა ისინი არა მხოლოდ ინფორმაციას აწოდებდნენ თემის საჭიროებების თაობაზე, არამედ უშუალოდ ერთვებოდნენ მონიტორინგის პროცესში.

 

 

 

 

თემის მობილიზება

პროცესი, რომელიც ინიცირებულია საკუთრივ თემის, წარმომადგენლობითი ორგანიზაციისა ან სხვა დაინტერესებული მხარის მიერ, რათა  შესაძლებლობების გაერთიანებით, ერთობლივი ძალისხმევით, მოხდეს აქტუალური პრობლემების გამოვლენა, პრიორიტეტების განსაზღვრა, რესურსების მობილიზაცია, გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა და ამ პრობლემების მოგვარება.

 

 

 

 

 

ადვოკატირება

მოქალაქეების მიერ განხორციელებული თანმიმდევრული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე ზეგავლენა.  ადვოკატირების შედეგია მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკა და სახელმწიფო სერვისების ხარისხიანი მიწოდება. 

თანამონაწილეობითი ადვოკატირება უზრუნველყოფს მოქალაქეთა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, უფლებების დაცვას და ინტერესთა გათვალისწინებას. ამ პროცესში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეთა აზრის გათვალისწინება მათთვის საჭირბოროტო საკითხების თაობაზე. ადვოკატირების პროცესი ზრდის მოქალაქეების ხელმისაწვდომობას საჯარო ინფორმაციასა და მათთვის განკუთვნილ სერვისებზე; ის ხელს უწყობს მოქალაქეებს შეისწავლონ მათთვის მნიშვნელოვანი საჯარო პოლიტიკის და სერვისების ალტერნატივები, დააფიქსირონ პოზიცია და დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლებები.

ადვოკატირების ხერხები და ქმედებები მრავალფეროვანია, მათ შორის მედია კამპანია, თემის მობილიზება ფართო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, საჯარო გამოსვლები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა და ა.შ.

პროექტის რეპლიკაცია

კონკრეტული პროექტის მეთოდოლოგიისა და მიდგომების გამოყენება სხვა გეოგრაფიულ არეალში ან სხვა პრობლემასთან მიმართებით.

მედიაწიგნიერება

მედიაწიგნიერება არის კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტაციის, ინფორმაციის გაფილტვრისა და გადამოწმების უნარს და მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციისა თუ  ცოდნის შექმნა-გაზიარებას. მედიაწიგნიერება არის ინფორმაციაზე კონტროლის დამყარება, სხვადასხვაგვარი მულტიმედია პროდუქტის სწორად აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა. მედიაწიგნიერება თანამედროვე მოქალაქისათვის აუცილებელი კომპეტენციაა, რათა უზღვავი ინფორმაციის არსებობის პირობებში ადამიანმა შეძლოს თავისუფალი, გააზრებული და უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მედიაწიგნიერების ამაღლება მოქალაქეების გაძლიერების ერთ-ერთი საშუალებაა და ხელს უწყობს დამოუკიდებელი და პლურალისტული მედია და საინფორმაციო გარემოს არსებობას.

 

ცვლილების თეორია

ცვლილების თეორია აღწერს ორგანიზაციის ხედვას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან შედეგებს. ცვლილებების თეორია წარმოაჩენს ლოგიკურ კავშირებს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და სასურველ შედეგებს შორის.

შედეგზე ორიენტირებული მიდგომა

შედეგზე ორიენტირებული მიდგომა მენეჯმენტის სტრატეგიაა, რომლის მთავარი მიზანია დასახული ცვლილებების მიღწევა.  მენეჯმენტის ეს სტრატეგია ფოკუსირდება არა პროცესზე არამედ მიღწევებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეალური, გრძელვადიანი და გაზომვადი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილების მიღწევის შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ ასევე ქვეყნის დონეზე. ამგვარად დაგეგმილი პროექტის ფარგლებში განხორციელებული თითოეული აქტივობა ემსახურება მის მიზანს და ხელს უწყობს კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, რაც ზრდის პროექტის ეფექტურობასა და ანგარიშვალებულებას.

გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების საქმიანობაში ინტეგრირება

პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას ქალებისა და მამაკაცების, ასევე უმცირესობათა ჯგუფების, საჭიროებების ანალიზი და საქმიანობაში გათვალისწინება, რამდენადაც, პროექტის ნებისმიერ ქმედებას შესაძლოა განსხვავებული ზეგავლენა ჰქონდეს ქალებზე, მამაკაცებზე, ასევე უმცირესობათა ჯგუფებზე. პროექტში გენდერული და უმცირესობასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირების მიზანია უზრუნველყოს ქალთა და მამაკაცთა, ასევე ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და სექსუალური უმცირესობების თანაბარ წვდომა პროექტის სერვისებსა და შედეგებზე. ამავდროულად, მისი მიზანია  ხელი შეუწყოს ქვეყნის ინკლუზიურ და დემოკრატიულ განვითარებას.

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში