გრანტებისაგრანტო მექანიზმი

ღია კარის საგრანტო პროგრამა

ევროპის ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საგრანტო პროექტების მეშვეობით, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე მდგომი მწვავე პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.

ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, აქვს გავრცობის, რეპლიკაციის და მდგრადობის პოტენციალი. ღია კარის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი ფონდის მისიასა და მანდატებს უნდა შეესატყვისებოდეს. პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთანავე, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე.

ევროპის ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერულ თანასწორობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, საპროექტო განაცხადების მომზადებისას, გაითვალისწინონ, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ პროექტს ქალებსა და მამაკაცებზე. იხილეთ გენდერული ასპექტების გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების სახელმძღვანელო კითხვარი.

ფონდის მიერ ბოლო წლებში დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის ბიუჯეტი საშუალოდ შეადგენს 40,000-45,000 ლარს, რაც, უმეტეს შემთხვევებში, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების ადეკვატურად მიღწევის საშუალებას იძლევა. ევროპის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს საპროექტო განაცხადის მომზადებისას ამ გარემოების გათვალისწინებას.

ღია კარის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს რეგიონებში მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მხარდაჭერა სტრატეგიული გრანტების მეშვეობით. სტრატეგიული გრანტი ითვალისწინებს რეგიონალური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას ვადით 18-დან 24 თვემდე. აღნიშნული გრანტის მიღების მსურველ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ღია კარის ფარლგებში წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის გარდა, მოითხოვონ დამატებითი დაფინანსება ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისათვის. იხილეთ ინფორმაცია სტრატეგიული გრანტების შესახებ.

საპროექტო განაცხადები შეიძლება წარმოდგენილი იქნას ნებისმიერ დროს, მთელი წლის განმავლობაში. ევროპის ფონდი ღია კარის პროგრამით შემოსულ განაცხადებს განიხილავს სისტემატიურად და განმცხადებლები პასუხს მიიღებენ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადის შეტანიდან ორი თვის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას ფონდში განაცხადის წარმოდგენის პროცედურების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ ევროპის ფონდი არ აფინანსებს:

  • პოლიტიკურ პარტიებს (თუმცა, შესაძლოა, დაფინანსებული იქნას საქმიანობა, რომელიც მოიცავს ყველა პარტიის მონაწილეობას, მაგ. საარჩევნო პროცესში ჩართულობა);
  • პარტიული ან პოლიტიკური მიზნით განხორციელებულ ლობირებას (გარდა იმ საკითხების ადვოკატირებისა, რომელთაც საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვთ);
  • რელიგიურ საქმიანობას;
  • კომერციული მიზნით განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს;
  • ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობას;
  • სესხების დაფარვას;
  • თეორიულ კვლევებს, ბაზრის კერძო კვლევებს;
  • სასწავლო სტიპენდიებსა და სამოგზაურო გრანტებს.

სტრატეგიული გრანტები

სტრატეგიული გრანტები ღია კარის პროგრამის ახალი მიმართულებაა. სტრატეგიული გრანტი ითვალისწინებს რეგიონული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას ვადით 18-დან 24 თვემდე. აღნიშნული გრანტის მიღების მსურველ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ღია კარის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის გარდა, მოითხოვონ დამატებითი დაფინანსება ორგანიზაციული განვითარებისათვის.

ორგანიზაციული განვითარებისათვის თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინსტიტუციურ გაძლიერებასა და მდგრადობას.

სტრატეგიული გრანტების მისაღებად ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ ყველა კრიტერიუმს:

  • ახორციელებდეს საქმიანობას საკუთარ რეგიონში (თბილისის გარდა) ;
  • ჰქონდეს გრძელვადიანი (არანაკლებ 5 წელი), უწყვეტი საქმიანობის გამოცდილება;
  • გააჩნდეს დაფინანსების სხვადასხვა წყარო;
  • წარმოადგენდეს აღიარებულ რესურსს საკუთარ რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფებისათვის;
  • ფლობდეს ფინანსური უზრუნველყოფის მრავალფეროვან საშუალებებს (საწევრო შენატანები, საკუთრებაში არსებული ოფისი, დამხმარე ეკონომიკური საქმიანობიდან და/ან სოციალურ საწარმოდან მიღებული შემოსავლები, და ა.შ.);
  • გამოხატავდეს მზაობას ითანამშრომლოს სხვა წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ადგილობრივი მნიშვნელობის
  • საჭიროებების გამოვლენისა და მათ ცენტრალურ დონეზე ადვოკატირებისათვის;
  • ჰქონდეს მაღალი მოტივაცია საკუთარი ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისთვის;
  • ჰქონდეს ინსტიტუციური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა.

ვინაიდან სტრატეგიული გრანტის ერთ ერთი მთავარი მიზანია ორგანიზაციების ინსტიტიციური გაძლიერება, ფონდის დახმარება ითვალისწინებს ორგანიზაციული განვითარების ინიციატივას.

ორგანიზაციული განვითარების ინიციატივასთან დაკავშირებული პროცედურები

ორგანიზაციული განვითარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება შერჩეული ორგანიზაციების შესაძლებლობების დიაგნოსტირება დადგენილი მეთოდოლოგიის საშუალებით. ეს მეთოდოლოგია მოიცავს კონკრეტულ კითხვებს, რომელთა მიზანია განსაზღვროს ორგანიზაციის ქმედითუნარიანობა შემდეგ ექვსმნიშვნელოვან სფეროში: საბჭოს მმართველობა, ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამის მენეჯმენტი, შიდა და გარე კომუნიკაციის სისტემები და ფინანსური რესურსების მოზიდვა. ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

  • პირველადი დიაგნოსტირება

გრანტის მიმღები ორგანიზაციები გაივლიან საბაზისო დიაგნოსტირებას შესაბამისი სქემის გამოყენებით. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ევროპის ფონდი ორგანიზაციას კონკრეტულ რეკომენდაციებს წარუდგენს, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მისი სისტემები ექვსივე მიმართულებით.

  • სტრატეგიული დაგეგმარება

მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია მიიღებს პირველადი დიაგნოსტირების ანგარიშს, კონკრეტული რეკომენდაციებით, ის პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ევროპის ფონდი გაუწევს მას კონსულტაციებს დაგეგმვის პროცესში.

  • დამატებითი ფინანსური რესურსები

ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპის ფონდი ორგანიზაციას გამოუყოფს დამატებით გრანტსორგანიზაციული განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად. გრანტის მიმღებ ორგანიზაციას საშუალება ექნება, განახორციელოს საკუთარი სამოქმედო გეგმა, რათა გააუმჯობესოს საკუთარი შესაძლებლობები საბჭოს მმართველობის, ფინანსური მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, პროგრამის მართვის, კომუნიკაციის და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით. დამატებით გრანტის მინიმალური ოდენობა 6,000 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური – 15,000 ლარს. ორგანიზაციული განვითარებისთვის საჭირო აქტივობები უნდა განხორციელდეს ღია კარის საგრანტო პროექტის განხორციელების პარალელურად. ევროპის ფონდი განახორციელებს საქმიანობის მონიტორინგს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

  • პროგრესის შეფასება

ორგანიზაციული განვითარების ინიციატივის განხორციელებისა და საგრანტო პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დასრულების შემდეგ, ევროპის ფონდი კვლავ განახორციელებს ორგანიზაციის დიაგნოსტირებას, იმავე მეთოდის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს ფონდს და თავად ორგანიზაციას, შეაფასონ პროგრესი საბაზისო დიაგნოსტირებიდან ორგანიზაციული განვითარების ინიციატივის გრანტის დასრულების მომენტამდე. მეორადი, განმეორებითი დიაგნოსტირება, ასევე, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის რეკომენდაციების მიწოდებას შემდგომი ორგანიზაციული განვითარებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს საპროექტო განაცხადის ფორმაში, აქვს თუ არა ორგანიზაციული განვითარების ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი. ამასთან, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მოკლე ახსნა-განმარტება, სადაც დაასაბუთებს, თუ რა სარგებელს მოუტანს მის ორგანიზაციას ორგანიზაციული განვითარების ინიციატივაში მონაწილეობა.

განხორციელების ვადები

მას შემდეგ რაც ორგანიზაცია ხელს მოაწერს ღია კარის საგრანტო ხელშეკრულებას, ევროპის ფონდი მასთან შეათანხმებს პირველადი ორგანიზაციული დიაგნოსტირების ჩატარების ვადებს და გააცნობს წინასწარ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. ორგანიზაციის დიაგნოსტირება სამ კვირამდე გასტანს. ორგანიზაციას ექნება ექვსი კვირა ორგანიზაციული განვითარების დეტალური სტრატეგიული გეგმის ფონდში წარსადგენად. ორგანიზაციული განვითარების ინიციატივის გრანტის სავარაუდო ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე.

ევროპის ფონდი უზრუნველყოფს გრანტების გაცემის პროცესის გამჭირვალობას. თითოეული საპროექტო განაცხადის განხილვა ხდება დეტალური მრავალსაფეხურიანი პროცედურის ფარგლებში.  გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღება ერთპიროვნულად და აღნიშნულის ყველა საპირისპირო მტკიცება არ შეესაბამება სინამდვილეს. საპროექტო განაცხადის განხილვის პროცესში არაეთიკურ ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ფონდის შიდა აუდიტორს შემდეგ მისამართზე: epfethics@bdo.ge

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში