პროგრამები / მიმდინარე პროგრამებიევროპული ინტეგრაციის პროგრამა

მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა   ევროპულ ღირებულებებთან, სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგები

ევროპის ფონდმა შეძლო სამოქალაქო თანამონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. პროგრამის წარმატება დიდწილად განაპირობა მისმა მრავალმხრივმა მიდგომამ, რაც მოიცავდა კვლევებს,  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უნარების გაძლიერებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე, დიალოგს ხელისუფლებასთან,  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

პროგრამის ფარგლებში თითქმის ყოველწლიურად მზადდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშები, რითაც ფონდმა ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადვოკატირებას, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.  საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიშებში შესული 51 რეკომენდაცია სრულად ან ნაწილობრივ შეასრულა.  

2011 წელს,  ევროპის ფონდის ინიციატივით შეიქმნა სურსათის უვნებლობის კოალიცია, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ბიზნესასოციაციებსაც აერთიანებს.  აღნიშნული კოალიცია სურსათის უვნებლობის რეფორმებში სამოქალაქო თანამონაწილეობის მთავარი  მამოძრავებელი ძალა გახდა. კოალიციამ სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში 29  რეკომენდაცია მოამზადა ევროკავშირის სტანდარტების და პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელთაგან 15 სრულად, ან ნაწილობრივ აისახა ქვეყნის კანონმდებლობასა და  პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტში.  პროგრამამ მოახერხა მომხარებელთა მობილიზება  თავიანთი უფლებების დასაცავად; პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტებითა და ტექნიკური დახმარებით, მომხარებელთა უფლებებიც დაცვის პორტალი www.momxmarebeli.ge ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ მომხმარებელთა დახმარების ცენტრად ჩამოყალიბდა. 

2009 წლიდან მოყოლებული, ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესწავლა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ოთხმა ტალღამ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში ჩატარდა, ძირითადი  ცვლილებებისა  და ტენდენციების გამოკვეთა  გახადა შესაძლებელი. კვლევის შედეგების საფუძველზე ფონდმა რეკომენდაციები მოამზადა საქართველოს მთავრობისათვის,  აგრეთვე ევროკავშირის,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კვლევის შედეგებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და არაერთხელ იყო გამოყენებული წყაროდ სხვადასხვა ორგანიზაციების/პირების მიერ.

სამომავლო გეგმები (2015-2019 წლები)

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის წასახალისებლად, ფონდი გააგრძელებს (1)  ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას; (2) ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხებზე საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევის ხელშეწყობას; (3) სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობას. ევროპის ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების ყოველწლიური სამოქმედო გეგმებისა, თუ სხვა შესაბამისი გეგმების შესრულების ყოველწლიურ შეფასებებს, ასევე,  ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნისა და დამოკიდებულების კვლევას და ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, განსაზღვრავს იმ სფეროებს, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ გამჭვირვალობის, სამოქალაქო მონაწილეობისა და საზოგადოების ინფორმირების კუთხით.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში