პროგრამები / მიმდინარე პროგრამებისოციალური მეწარმეობა

პროგრამის განხორციელებით მისაღები შედეგი

საზოგადოებრივ ორგანიზაციებში სოციალური საწარმოს მიდგომის დამკვიდრება, როგორც ინსტიტუციური მდგრადობისა და სამიზნე ჯგუფების პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლებლობა.

2008-2015 წლებში პროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგები

წლების განმავლობაში, ევროპის ფონდი მხარს უჭერდა სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში,  ინკლუზიური ზრდისა და  სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად. სოციალური მეწარმეობის კონცეფციის სიახლიდან გამომდინარე, ევროპის ფონდმა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო, რაც მოიცავდა საინფორმაციო კამპანიებს, სოციალური საწარმოების შესაქმნელად ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული მაგალითების შექმნას, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე მთავრობისთვის. ყოველწლიური კონკურსის, „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ მეშვეობით, ევროპის ფონდმა მოახერხა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, ბიზნესსა და საჯარო უწყებებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის მაგალითების შექმნა.   

2009 – 2015 წლებში სოციალური მეწარმეობის დაწყების მსურველი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ევროპის ფონდმა ჩაატარა ოთხი ტრენინგი სოციალური მეწარმეობის შესახებ. აღნიშნულ ტრენინგებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 89 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 11 სოციალური საწარმო შეიქმნა, რომელთაგან მხოლოდ 3-მა საწარმომ ვერ შეინარჩუნა მდგრადობა, ხოლო 8 საწარმო კვლავაც განაგრძობს მუშაობას და საერთო ჯამში, 86 ბენეფიციარს ასაქმებს (შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა.შ), რაც შესაძლებლობას აძლევს მათ საზოგადოებაში უკეთ იყვნენ ინტეგრირებულნი.  

სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციისათვის ევროპის ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაწეული ძალისხმევა შეუმჩველი არ დარჩენილა. შედეგად, სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი გაიზარდა და დღესდღეობით, 50 სოციალურ საწარმოზე მეტი დაფინანსებულია როგორც მთავრობის,  ისე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ.  სოციალურ საწარმოებისათვის საგრანტო მხარდაჭერა გამოაცხადეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა,  „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო), ASB საქართველო, Hilfswerk Austria International,  საქართველოს ბანკის საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის ხე“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.

სამომავლო გეგმები (2015-2019 წელი)

ევროპის ფონდი სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გააგრძელებს სოციალური მეწარმეობის, როგორც სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ ფორმის, პოპულარიზაციას. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას საზოგადოებაში. თემატიკიდან გამომდინარე, სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამაში ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ევროპის ფონდი გეგმავს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლობითი პლატფორმის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს და ადვოკატირებას გაუწევს კონკრეტულ წინადადებებს სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით.

ყოველწლიური სტუდენტური კონკურსის მეშვეობით, ევროპის ფონდი  ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას კვლავ გააგრძელებს; შეიქმნება სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ იმ სტუდენტების მონაცემთა ბაზა, რომელთაც სურვილი ექნებათ მოხალისეობრივად დაეხმარონ სოციალურ საწარმოებს სხვადასხვა მიმართულებით.  ფონდი განაგრძობს მუშაობას საჯარო უწყებებთან, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმის შემუშავებისათვის და აგრეთვე, ბიზნეს სექტორთან,  სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისთვის პრო ბონო სერვისების შეთავაზებით, როგორიცაა კონსულტაციები ფინანსურ საკითხებში და მარკეტინგში.  

ფონდი ჩაატარებს ტრენინგებს სოციალური მეწარმეობის დაწყების მსურველი ორგანიზაციებისთვის, დააფინანებს სოციალური მეწარმეობის პროექტებს და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს ორგანიზაციებს ბიზნეს გეგმების შემუშავებაში, მარკეტინგში, დაბეგვრასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში, ფინანსურ დაგეგმვაში და ა.შ.  ტრენინგები აგრეთვე შეეხება  პროექტებში გენდერის ასპექტების გათვალისწინებას.

ევროპის ფონდი სოციალური  მეწარმეობის პოპულარიზაციას სხვადასხვა ღონისძიებებითაც შეუწყობს ხელს, იქნება ეს, სამუშაო შეხვედრები, თუ სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში