პროგრამები / მიმდინარე პროგრამები / თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვისთანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას. პროექტის ამოცანებია: 1) საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ხელი შეუწყონ სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალობის გაზრდაზე მიმართულ რეფორმებს და 2) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს შორის დიალოგის გააქტიურება, რომელიც ბიუჯეტის სახსრების საზოგადოებრივი მონიტორინგის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული.

პროექტის აღწერა

სახელმწიფო სახსრების მართვის სფეროს კომპლექსური და ტექნიკური ბუნებიდან გამომდინარე, ამ კუთხით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეს გახლავთ იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ბიუჯეტის სახსრების მართვის მონიტორინგი და ადვოკატირება შედეგიანად წარმართონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირება, რათა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ის კვლევითი პოტენციალი, თუ უკვე არსებული კველევები, რომელიც განახორციელეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა. ამასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის წარმატებული ადვოკატირების განსახორციელებლად აგრეთვე მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებთან ქმედითი დიალოგის მექანიზმების შექმნა.

დასახული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

  • პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის მექანიზმებზე ტრენინგების ჩატარება; ასევე საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგის საკითხებზე ქართულენოვანი ბროშურის მომზადება;
  • ოთხი საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის გრანტის (15,000 ევრომდე) გაცემა, სახელმწიფო სახსრების მართვის მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა ღონისძიების განსხორციელებლად;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება რეგულარული დისკუსიები ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.
  • სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის არსებული მექანიზმების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
  • საზოგადოებრივი ფორუმების ჩატარება, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება შეფასების ანგარიში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და გრანტის მიმღები ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები;
  • საბიუჯეტო მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ;
  • სოციალური რეკლამებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ინსტრუმენტის (Neighbourhood Civil Society Facility 2013) ფარგლებში. პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

პროექტის აქტივობები

უნარების გაძლიერება 


ტრენინგები საჯარო პოლიტიკის შემუშავების პრინციპებსა და საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის მექანიზმებზე

2015 წლის თებერვალ-აპრილში ევროპის ფონდმა პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ჩაატარა ტრენინგების სერია, რომელიც საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის მექანიზმებს ეხებოდა. ტრენინგები მიზნად ისახავდა მონაწილე ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერებას სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგის მიმართულებით, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდაზე მიმართული რეფორმების ადვოკატირების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ფინანსების მონიტორინგის საკითხებზე დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის სურვილი 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა. ფონდმა სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოჩენილი ასეთი მაღალი ინტერესის გამო გადაწყვიტა, ტრენინგები ორ რაუნდად ჩაეტარებინა და შედეგად უფრო მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მოეცვა. ტრენინგების პირველ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად შეირჩნენ მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეორე რაუნდისთვის კი მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებიდან.

ტრენინგების სერია 2015 წლის 27 თებერვალს გაიხსნა ტრენინგით თემაზე - საჯარო პოლიტიკის შემუშავების პრინციპები. ღონისძიება თბილისში გაიმართა და მას ადგილობრივი ორგანიზაციების 18 წარმომადგენელი დაესწრო. ანალოგიური ტრენინგი რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 19 წარმომადგენლისთვის ჩატარდა მოგვიანებით, 7 მარტს, ბათუმში.

მომდევნო ორი ტრენინგი მიეძღვნა საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის მექანიზმების განხილვას. ამ შემთხვევაშიც მონაწილეთა ერთ ნაწილს ტრენინგები ჩაუტარდა 12-13 და 26-27 მარტს თბილისში, ხოლო მეორე ნაწილს – 21-22 მარტსა და 4-5 აპრილს ბათუმში.

სწორედ 4-5 აპრილის ღონისძიებით დასრულდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგების სერია, რომელსაც PMCG-ის კონსულტანტი, ბატონი ბესიკ ნამჩავაძე უძღვებოდა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული ტრენინგების შედეგიანობაზე გარკვეულწილად მიუთითებს ის ფაქტი, რომ ფონდის მიერ სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 16 აპლიკანტი ორგანიზაციიდან 11 ტრენინგების სერიის მონაწილე იყო, ხოლო 4 გამარჯვებული საგრანტო პროექტიდან 3 პროექტს ამჟამად ტრენინგების მონაწილე ორგანიზაცია ახორციელებს.

საჯარო ღონისძიებები 


პროექტის - თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის, გახსნითი ღონისძიება

2014 წლის 19 დეკემბერს ევროპის ფონდმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პარტნიორობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი“ გახსნით ღონისძიებაზე დაინტერესებულ მხარეებს და მომავალ ბენეფიციარებს უმასპინძლა.

იხილეთ ღონისძიების საინფორმაციო ბიულეტენი.

I საჯარო ფორუმი

2015 წლის 31 ივლისს ევროპის ფონდმა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გამართა საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში.

საჯარო ფორუმი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას. ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო ევროპის ფონდის ინიციატივით შექმნილ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა პლატფორმას „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“, მის მიზნებსა და ამოცანებს. პლატფორმა ღიაა ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის, რომელიც ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯების მონიტორინგის მიმართულებით მუშაობს და სურს წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი მონიტორინგის გამართული სისტემის შექმნაში.

საზოგადოებრივ ორგანიზაციათა პლატფორმა გეგმავს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არსებული კონკრეტული, აქტუალური საკითხების წინა პლანზე წამოწევას, განხილვას წარმომადგენლობით ფორმატში, რეკომენდაციების მომზადებასა და შემდგომ ადვოკატირებას. ფორუმზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა გამარტივებული შესყიდვების თემა საქართველოში, რომლის თაობაზეც მოკლე მოხსენება გააკეთა პლატფორმის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეკრებილ აუდიტორიას გააცნო ბიუჯეტის მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ზემოაღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის ნაყოფიერი და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

ფორუმის მსვლელობის დროს ასევე შედგა ევროპის ფონდის მიერ საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის თემაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტის პრეზენტაცია.

საჯარო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

ფორუმის დღის წესრიგი და მომხსენებელთა პრეზენტაციები:

II საჯარო ფორუმი

2015 წლის 16 დეკემბერს ევროპის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მეორე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი.

საჯარო ფორუმების სერია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურებას და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობას.

ფორუმის მსვლელობისას პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფის (PMCG) ექსპერტმა მიმოიხილა საჯარო ფინანსების მონიტორინგის კუთხით არსებული ვითარება საქართველოში. კერძოდ, მომხსენებელმა წარმოაჩინა ამ კუთხით ქვეყნის შეფასება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის კონტექსტში და ყურადღება გაამახვილა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საინტერესო ასპექტებზე.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის თავმჯდომარის მოხსენება ეხებოდა თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო განაცხადების წარდგენისა და ანგარიშგების პრაქტიკაში აღმოჩენილ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებს, რასაც ორგანიზაცია ევროპის ფონდის გრანტის ფარგლებში ავითარებს. ეს თემა იქნება ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელზეც შემდგომში აქტიურად იმსჯელებს და იმუშავებს ფონდის ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პლატფორმა „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის“, რომელიც ამჟამად 15 ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ისე ზოგადად, ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მით უფრო მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, რომელმაც საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წამოიწყო. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ფორუმის მონაწილეებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააცნო.

საჯარო ფორუმს ესწრებოდნენ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფორუმის დღის წესრიგი და მომხსენებელთა პრეზენტაციები:

III საჯარო ფორუმი

2016 წლის 14 ივნისს ევროპის ფონდმა გამართა მესამე საჯარო ფორუმი თემაზე: ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი.

საჯარო ფორუმების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გააქტიურება და ამ გზით საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის ხარჯებზე ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა.

ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება გაეცნო საერთაშორისო კონსულტანტის ოლენა კრილოვა-მიულერის კვლევას „საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის მექანიზმები." აღნიშნულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჯარო ფინანსების მართვის სექტორის რეფორმირების და გამჭვირვალობის ევროპული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე სერიოზულ გამოწვევად რჩება საჯარო ფინანსებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.

ფორუმის მეორე ნაწილში ისაუბრა იმ ოთხი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელთაც ევროპის ფონდისაგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, საქართველოში საჯარო სახსრების მართვის მონიტორინგის განსახორციელებლად.

საგრანტო პროექტების შედეგების განხილვამ შეავსო შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია, რადგან ორგანიზაციებმა აქცენტი გააკეთეს მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ გამოწვევებზე და წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სახელმწიფო სახსრების მართვის ზედამხედველობის მექანიზმები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ფორუმის დღის წესრიგი და საინფორმაციო ბიულეტენი:

IV საჯარო ფორუმი

2017 წლის 27 თებერვალს, ევროპის ფონდმა მე-4-ე საჯარო ფორუმი და დასკვნითი კონფერენცია გამართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში - ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისათვის ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის კუთხით პროექტის მიღწევების გაცნობას და დისკუსიის გამართვას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საბიუჯეტო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებაში სხვადასხვა სექტორის როლსა და შესაძლო გზებზე.

ევროპის ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლების მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების საკოორდინაცო საბჭოს სახეცვლილი ფორმატის შესახებ ისაუბრა. აღნიშნული ცვლილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საბჭოს საქმიანობაში და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ორმა საერთაშორისო ექსპერტმა - დმიტრო ბოიარჩუკმა უკრაინიდან და ტატიანა სავვამ მოლდოვადან. მოწვეულმა ექსპერტებმა საჯარო ფინანსების განკარგვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლო გზები განიხილეს და უკრაინისა და მოლდოვას წარმატებულ მაგალითებზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც საგრანტო მხარდაჭერა მიიღეს ევროპის ფონდისგან საბიუჯეტო ხარჯების მონიტორინგის განხორცილების მიზნით, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაწეული ადვოკატირების შედეგები. ღონისძიების დასასრულს, ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა პროექტის მიღწევები წარადგინა და საჯარო ფინანსების განკარგვის მიმართულებით ფონდის სამომავლო გეგმები მიმოიხილა.

ღონისძიების დღის წესრიგი, საინფორმაციო ბიულეტენი, გამომსვლელთა პრეზენტაციები და პრესრელიზი:

 

 

 

პლატფორმა - თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის


პლატფორმის შესახებ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პლატფორმა „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“ 2015 წლის მარტში შეიქმნა ევროპის ფონდის ინიციატივით და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე საქართველოში საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეფორმებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდას. პლატფორმის წევრები შეიკრიბებიან ორ თვეში ერთხელ მაინც, რათა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართონ დისკუსიები, განსაზღვრონ ადვოკატირების სტრატეგია და გააერთიანონ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგის მიმართულებით.

პლატფორმის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“ წესდება. 

 პლატფორმის შეხვედრის ოქმები

2017 წელი

2016 წელი

2015 წელი

მმართველი კომიტეტი

პლატფორმის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის“ მმართველი კომიტეტი შემდეგი ორგანიზაციებისგან შედგება:

პლატფორმის წევრები (ანბანური თანამიმდევრობით)

  • ევროპის ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ველფეარ ფაუნდეიშენი
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოება  - იმედი
  • კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის
  • პარტნიორობა ადმიანის უფლებებისთვის
  • პი ემ სი კვლევითი ცენტრი
  • რეგიონის განვითარების ცენტრი
  • სამოქალაქო ინიციატივა
  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  • საქართველოს სასოფლო დარბაზი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

პლატფორმა ღიაა ახალი წევრებისთვის, რომლებიც გაიზიარებენ პლატფორმის მიზანს და ექნებათ პლატფორმის სხვა წევრებსა და დაინტერესებულ პირებთან განსაზღვრულ საკითხებზე კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი.

პლატფორმაში გაწევრიანებით დაინტერესებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოგზავნოს ელ. ფოსტის მისამართზე pem@epfound.ge.

სააპლიკაციო ფორმა

დაფინანსებული პროექტები


1. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია -  პროგრამა  "აწარმოე საქართველოში"- ის ფინანსური მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ის მონიტორინგის გზით, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ხორციელდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტის ფარგლებში გრანტის მიმღები ორგანიზაცია დააკვირდება იმას, თუ რამდენად ეფექტურად და ეფექტიანად წარმართავს მეწარმეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესს. შესაბამისად, შეფასების ნაწილში მოხდება პროგრამული ბიუჯეტის შესწავლა ადმინისტრაციული

ხარჯებისა (მათ შორის, საჯარო მოხელეთა ხელფასების და დანამატების) და შერჩეული ბიზნესიდეების დასაფინანსებლად გაცემული თანხების რეალური თანაფარდობის დადგენის მიზნით. გრანტის მიმღები ორგანიზაცია აგრეთვე გააანალიზებს შერჩეული პროექტების სახელმწიფო პროგრამის გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობას და შეაფასებს პროგრამის მართვის, მათ შორის შერჩევის სისტემისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების, ეფექტურობას. მონიტორინგის ნაწილი კი ითვალისწინებს სააგენტოს თანამშრომლებსა და პროგრამის მოსარგებლე მეწარმეებთან ინტერვიუების ჩატარებას. აღნიშნული ინტერვიუების შედეგები აისახება მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ვრცლად იქნება განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან ერთად, გრანტის მიმღები ორგანიზაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს პროგრამის მონიტორინგის სისტემა, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტის შესრულებაზე თვალის მიდევნება და მიღწეული პროგრესის საპროექტო განაცხადში მითითებულ პროდუქტებსა და შედეგებთან შედარება. 

სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ის შეფასების ანგარიში

 

2. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი - რა ღირს თვითმმართველობის სერვისი?

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაარსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების გზით. თავდაპირველად, გრანტის მიმღები ორგანიზაცია მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვს დეტალურ საბიუჯეტო ინფორმაციას და განათავსებს მას რეგულარულად განახლებად მონაცემთა ბაზაში. გრანტის მიმღები ორგანიზაცია შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს საბიუჯეტო და დაფინანსებულ იურიდიულ პირთა მუნიციპალიტეტის წინაშე ანგარიშგების პროცესებთან დაკავშირებით. ამ მიზნით მომზადდება და მუნიციპალურ ორგანოებს განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეცემა ბიუჯეტის გამოთხოვისა და ანგარიშგების სტანდარტული ფორმები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს საზოგადოების მეტ ჩართულობასა და საბიუჯეტო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგს, და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის გაზრდას.

ანგარიში: რა ღირს თვითმმართველობის სერვისი?

 

3. ველფეარ ფაუნდეიშენი (Welfare Foundation) - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის სამოქალაქო მონიტორინგი

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ხარჯვაზე ანგარიშვალდებულების გაზრდას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის გზით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ამ მიზნით, გრანტის მიმღები ორგანიზაცია შეისწავლის სახელმწიფო პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს მისი ეფექტურობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია შეაფასებს სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობას, დაადგენს თუ რამდენად შესრულდა ან რამდენად დიდია დასახული ამოცანები შესრულების ალბათობა და მაქსიმალურად ეფექტიანად დაიხარჯა თუ არა აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრები. ამგვარი მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემები შეგროვდება ძირითადად კაბინეტური კვლევის, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნისა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებთან ინტერვიუს ჩატარების მეშვეობით, რაშიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციას ბათუმსა და გორში მომუშავე პარტნიორები დაეხმარებიან. ცვლილებების ადვოკატირების პროცესში ველფეარ ფაუნდეიშენი (Welfare Foundation) მჭიდროდ ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან - მომავალი სიღარიბის გარეშე.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შეფასების ანგარიში

 

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

პროექტი მიზნად ისახავს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგში სამოქალაქო ჩართულობის გზით. პროექტი მოიცავს გორის, რუსთავისა და თელავის თვითმმართველ ქალაქებს. გრანტის მიმღები ორგანიზაცია ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ჩაატარებს ტრენინგს ბიუჯეტის მონიტორინგზე, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ასევე გაეცნობიან საბიუჯეტო და შესყიდვის პროცესებს, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის მოპოვების გზებს. ტრენინგგავლილი აქტივისტების დახმარებით, ორგანიზაცია სამიზნე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შესრულების მონიტორინიგს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში აგრეთვე შეფასდება, თუ რამდენად უზრუნველყო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვა: შეფასდება როგორც საკანონმდებლო გარემო, აგრეთვე არსებული პრაქტიკა. ამასთან ერთად, გრანტის მიმღები ორგანიზაცია გეგმავს ზემოაღნიშნული თვითმმარველი პარტნიორი ევროპული ქალაქების შედარებითი ანალიზის ჩატარებას ბიუჯეტის შესრულებაში სამოქალაქო ჩართულობის კუთხით. პროექტის მიგნებების განხილვა მოხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირების პროცესს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი

მედია პროექტები


გადაცემები რადიო პალიტრას ეთერში 

 

 

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში