პროგრამები / მიმდინარე პროგრამებიახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა

მიზანი

ახალგაზრდების (გოგონებისა და ბიჭების) სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდა, ადგილობრივ თემებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.

პროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგები

წლების მანძილზე, ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს 33 მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის ზრდაში. ფონდის მხარდაჭერით, ამჟამად, საქართველოში ასპინძის, აჭარის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, გაგრის, გალის, გარდაბანის, გორის, გუდაუთის, გულრიფშის, დედოფლისწყაროს, ზემო ბარღების, ლანჩხუთის, მარნეულის, მარტვილის,  რაჭის, სვანეთის, სოხუმის, ტყიბულის, ფოთის, ჩოხატაურის, ოჩამჩირის, წალკის, წეროვნის, ხობის და ხონის ახალგაზრდული იდეის კომიტეტები ფუნქციონირებს.

სასურველი მიზნის მისაღწევად, ევროპის ფონდი ახალგაზრდული იდეის (Youth Bank) მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომაა. ახალგაზრდული იდეა გულისხმობს 7-10 ახალგაზრდისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, ჩამოყალიბება-გაძლიერებას ტრეინინგებითა და ფინანსური რესურსებით, რათა მათ, თავის მხრივ, თანატოლების მიერ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი პროექტების შერჩევა, დაფინანსება და მონიტორინგი შეძლონ. ახალგაზრდული იდეის კონცეფცია ეფუძნება დაშვებას, რომ ახალგაზრდების ჩართვა პროექტებში, რომელსაც თავად ქმნიან და რომლის განხორციელებასაც თავად უზრუნველყოფენ, საუკეთესო საშუალებაა მათ გასააქტიურებლად. შესაბამისად, გრანტის გაცემა არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და იუმჯობესებენ ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის, ობიექტურად და გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, კომუნიკაციის, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგების მომზადებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზების უნარ-ჩვევებს. ახალგაზრდული იდეის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულიად დამოუკიდებლად, უფროსების ზედამხედველობის გარეშე, განახორციელონ ყველა აქტივობა. წლის განმავლობაში ახალგაზრდული იდეის კომიტეტების მიერ 110-მდე კონკრეტული ინიციატივა ფინანსდება. თითოეული ინიციატივის ღირებულება მერყეობს 500-800 ლარის ფარგლებში. ეს ინიციატივები მრავალფეროვანია და შეიძლება ეხებოდეს გარემოს დაცვას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, არჩევნებში პირველად მონაწილეების ინფორმირებას მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და ა.შ. ახალგაზრდული იდეის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

2008-2018 წლებში პროგრამის ფარგლებში ტრენინგი 1050-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაც, თავის მხრივ, 9500-ზე მეტი მოხალისის (გოგონებისა და ბიჭების) მობილიზება და მათი ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრაში ჩართვა მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული იდეის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან 220-ზე მეტ შემთხვევაში საჯარო სკოლებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროექტებს დამატებითი ფინანსური მხადაჭერა გაუწიეს. გარდა ამისა, ახალგაზრდული იდეის წევრებმა საკუთარი, ადგილობრივი ხელისუფლებისა (49 შემთხვევა), თუ ბიზნესისგან (19 შემთხვევა) მიღებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსებით 309 დამოუკიდებელი ინიციატივა განახორციელეს.

ნდობის აღდგენა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში

ახალგაზრდული იდეა არის ეფექტური საშუალება მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშესაწყობად, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ დონეზეც. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უსაფრთხო გარემოში შეხვდენენ სხვადასხვა თემსა და ქვეყანაში მცხოვრებ თანატოლებს, გაიგონ მეტი ერთმანეთის შესახებ, ერთიანი ძალებით იმოქმედონ საკუთარ თემებში არსებული მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად და ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და საერთო ღირებულებების გააზრების პოზიტიური მაგალითები შექმნან. აქედან გამომდინარე, პროგრამა ხელს უწყობს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, რომ მათ, როგორც ცვლილელებების აგენტებმა თავიანთი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი თემის განვითარებასა და რეგიონში ნდობის აღდგენაში.

წლების მანძილზე ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილებაზე დარყდნობით, ფონდს მიაჩნია, რომ, თუკი, ახალგაზრდებს შესაბამისი ცოდნითა და შესაძლებლობებით უზრუნველვყოფთ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩავრთავთ, მათ აქვთ უნიკალური პოტენციალი, სირთულეები ახლებური მიდგომებით და ენერგიით მოაგვარონ. სწორედ ამიტომ, ევროპის ფონდმა 2010 წლიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, აქტიურად დაიწყო მუშაობა ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდების ერთმანეთთან დასაახლოებლად და მათ შორის ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად. მართალია, ნდობის აღდგენა ხანგრძლივი და რთული პროცესია, ფონდი მიიჩნევს, რომ ამგვარი ინიციატივების განხორციელებით, მან შეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ახალგაზრდების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების პოზიტიურად შეცვალაში.

სამომავლო გეგმები (2018-2019 წელი)

ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ფონდი სამომავლოდაც გააგრძელებს ახალგაზრდების ჩართულობისა და მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას, მათი სამოქალაქო ლიდერებად და საზოგადოებრივ ფილანტროპებად ჩამოყალიბების გზით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, აიმაღლონ ცნობიერება და შეიძინონ ახლი უნარ-ჩვევები გრანტების ადმინისტრირებაზე, გენდერულ თანასწორობაზე, გარემოს დაცვასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. პროგრამის მონაწილეები, ასევე, გაივლიან ტრენინგს სოციალური მეწარმობაზე, რაც საშუალებას მისცემს, სოციალურ მისიაზე ორიენტირებული ბიზნესის წარმართვისთის საჭირო უნარ-ჩვევები განივითარონ.

სამოქალაქო ჩართულობის და მოხალისეობის კულტურის გაძლიერების მიზნით, ევროპის ფონდი წაახალისებს ახალგაზრდების მიერ თემთაშორისი ინიციატივების განხორციელებას და გააგრძელებს ახალგაზრდული იდეის ყოფილი წევრების პროგრამაში კვლავინდებურად ჩართვას. საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გასამყარებლად, ფონდი აქტიურად ითანაშმრომლებს ახალგაზრული იდეის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ფონდის დიდი ხნის პარტნიორმა – ჩრდილოეთ ირლანდიის სათემო ფონდმა (CFNI) ახლახანს დააფუძნა. გარდა ამისა, ფონდი გეგმავს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, რათა მოხდეს ახალგაზრდული იდეის უფრო ფართოდ აღიარება და მისი სხვა თემებში რეპლიკაცია. მას შემდეგ რაც ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა დამტკიცდება, ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში