სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებზე

2016 წლის 28 ივლისს ევროპის ფონდი გამართავს საერთაშორისო კონფერენციას სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჭრილში: საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილება. ღონისძიება გაიმართება 09:00-დან 18:30 საათამდე სასტუმრო რუმსში (თბილისი, კოსტავას 14).

ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

ღონისძიებას გახსნიან ბატონი გუსტაფ ვინსტრანდი, შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქალბატონი კრისტინა კასელა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი და ქალბატონი ნინო ხურციძე, ევროპის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი.

კონფერენცია მიზნად ისახავს ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების შეკრებას ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოსა და მოლდოვადან, გამოცდილების გასაზიარებლად და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროებში, რათა რეფორმებმა ხელი შეუწყოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში. კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს ევროპის ფონდი წლების განმავლობაში აყენებდა დღის წესრიგში სურსათის სფეროს რეგულირების შესახებ მომზადებულ ფონდის ყოველწლიურ ანგარიშებში. საკითხები ასევე რელევანტურია მოლდოვისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისათვის, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მსგავსი ვალდებულებები. საქართველოსა და მოლდოვის საჭიროებებიდან გამომდინარე, თემატური დისკუსიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემები, სასურსათო საწარმოების კონტროლის შედეგების გამჭვირვალობა, რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა, რისკის შეფასება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროებში, სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებზე პასუხისმგებელ სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა. კონფერენციის მომხსენებლები, რომლებიც წარმოადგენენ ევროკომისიას, ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას, ესტონეთის რძის მწარმოებელთა ასოციაციასა და სხვა ორგანიზაციებს, განიხილავენ სანიტარული და ფიტოსანიტარული რეფორმების განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.

კონტექსტი:
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების (AA) ხელმოწერით საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფაზაში გადავიდნენ, სადაც ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები ითვალისწინებს მასშტაბურ სამართლებრივ და ეკონომიკურ რეფორმებს, რათა ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროებზე, როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროს რეფორმები და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება. იმის მიუხედავად, რომ შეთანხმებების ხელმოწერა ორივე ქვეყნისათვის სერიოზული ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროებში რეფორმების გასატარებლად, ეს მუშაობა შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროს რეფორმირების საბოლოო მიზანი კარგად იქნება გააზრებული, რეფორმები მორგებული იქნება საქართველოსა და მოლდოვას რეალობას და მიღებული რეგულაციები თანაბრად გაითვალისწინებს მომხმარებელთა და მეწარმეთა სამართლიან ინტერესებს.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, ევროპის ფონდის პროგრამის თანაშემწე. ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge ტელ.: 225-39-42/43.

საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში