სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჯარო განცხადება: კანონპროექტი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოახდინა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მომხმარებლების უფლებრივი მდომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით.

კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეს პროცესი სამოქალაქო ჩართულობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტის მიღება ფერხდება. იგი პირველი მოსმენით განიხილეს შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტებმა და მთავრობამ. ერთადერთი დაბრკოლება, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გასატანად არის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, რაც თითქმის ნახევარი წელია არ ეწყობა, რის ძირითად მიზეზადაც კომიტეტის წარმომადგენლები კანონპროექტის მიმართ შენიშვნებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან დიდი ხანია თანამშრომლობს, ეს უკანასკნელი მაინც არ ჩქარობს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პირველი ეტაპი დაასრულოს, რაც კანონპროექტის მიღების განუსაზღვრელი ვადით გადადებას იწვევს.

მოვუწოდებთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აღარ გადადოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას და ბიზნეს-გარემოს.

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის (ESIDG)
  • ასოციაცია ფსიქეა
  • ასოციაცია ქალი და ბიზნესი
  • ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა
  • განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  • ევროპის ფონდი
  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა
  • კავკასიური მოზაიკა
  • მეწარმე ქალთა ფონდი
  • რეპატრიანტთა კავშირი
  • საზოგადოებრივი დამცველი
  • სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტი
  • სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია
  • საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
  • საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
  • საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  • სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  • ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
  • ფონდი ადგილის დედა
  • ფონდი კავკასიის ეკოლოგია
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში