სიახლეები

საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა

ბოლო ხანებში არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე, მათ შორის, სასურსათო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ნაწილის უსაფუძვლო შეშფოთებას იწვევს და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ უარყოფით განწყობებს აღვივებს.

მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც სურსათთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას, ან გამოთქვამს მოსაზრებას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს საზოგადოება.

ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიის მეტად მნიშვნელოვან ეტაპს გადის. ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერით, საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქის უფლებები იქნება დაცული, დაისადგურებს სოციალური სამართლიანობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა, მათ შორის დაცული იქნება მომხმარებლის უფლებები, მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან უვნებელი სურსათით და ამავე დროს, მეწარმეთა სამართლიანი ინტერესებიც დაცული იქნება. ცხადია, რომ ყოველივე ამას სჭირდება მუშაობა და ამ გზაზე არაერთი სირთულის დაძლევა იქნება საჭირო. თუმცა, ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, მივესალმებით სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით მიმდინარე რეფორმებს. ამავე დროს, გვაქვს მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნებისა, ამ რეფორმების მიმართ, რასაც სისტემატურად ვაყენებთ ხელისუფლების წინაშე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე აისახა შესაბამის ნორმატიულ აქტებში. აქვე გვსურს კიდევ ერთხელ გამოვთქვათ თანამშრომლობის მზადყოფნა ყველა პირთან, თუ ინტერესთა ჯგუფთან, რომელიც თვლის, რომ სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები მის უფლებებს ლახავს. მზად ვართ ყველა ასეთ პრობლემას გავეცნოთ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, და, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ სირთულეების გადალახვაში. ის, რომ ამ თუ სხვა სფეროში პრობლემებია, ეს ბუნებრივია. მაგრამ ნუ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენს წინაშე არსებული დაბრკოლებების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საქართველოს ევროპული არჩევანი.

  • გ.ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • საზოგადოება ბილიკი
  • სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია
  • საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ეროვნული ასოციაცია
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  • ასოციაცია ქალი და ბიზნესი
საინფორმაციო ბიულეტენი
თუ გსურთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღება, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი მითითებულ ველში